„როგორც მასწავლებელი, რომელსაც დაჩლუნგებული თაობა არ უნდა, ვფიქრობ, რომ ბარიერი უნდა გაიზარდოს“ – პედაგოგები აბიტურიენტთა ქართულის ტესტებში შესულ ცვლილებებზე
„როგორც მასწავლებელი, რომელსაც დაჩლუნგებული თაობა არ უნდა, ვფიქრობ, რომ ბარიერი უნდა გაიზარდოს“ – პედაგოგები აბიტურიენტთა ქართულის ტესტებში შესულ ცვლილებებზე
„ყველამ უნდა ჩააბაროს“ – სწორედ ამ მოტივით ხელმძღვანელობდნენ, პედაგოგების აზრით, აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში ცვლილებების შეტანის ინიციატორები. მათი ნაწილის შეფასებით, ტესტი გამარტივდა, ბარიერი კი არ გაზრდილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს უნივერსიტეტების კარებს ფართოდ უღებენ. სპეციალისტები, რომელთაც სიახლეების კვალდაკვალ სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა გამოცდებამდე 10 თვით ადრე მოუწევთ, ამას სულაც არ მიესალმებიან და ცვლილებების მიზეზად ფინანსურ ინტერესებსაც ასახელებენ.
აბიტურიენტებისთვის 20 ოქტომბრის დილა მოულოდნელობებით დაიწყო, ვინაიდან სწორედ ამ დღეს გახდა ცნობილი იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც 2022 წლის ეროვნულ გამოცდებისთვის ამოქმედდა. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, 2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს); III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან საგამოცდო ტესტის II ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად აირჩია).
70-დან 60-მდე შემცირდა მაქსიმალური ქულის ოდენობაც. საგამოცდო დროდ კი, სამი საათი განისაზღვრა. EDU.ARIS.GE ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების აზრით დაინტერესდა. მათი ნაწილისთვის სიახლეები სრულიად მიუღებელია, ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯობდა გაცილებით ადრე დაანონსებულიყო და ძალაში შესვლამდე ეროვნულ სასწავლო გეგმას მორგებოდა, ნაწილი კი ამბობს, რომ ცვლილებებმა აბიტურიენტების ცოდნის გამოვლენა გააიოლა.
„მე, უფრო, სხვა ტიპის ცვლილებებს ვისურვებდი“- ნატო კვეტენაძე. მენტორი მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. თერჯოლის #1 სკოლა
„გამარტივებულია, კი. ამის მიზეზი, შესაძლოა, პანდემიური ვითარება იყოს“, – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თერჯოლიდან, ნატო კვეტენაძე და დასძენს, რომ გამარტივების პარალელურად, სიახლეების ნაწილი დამაბნეველი და ბუნდოვანიც კია.
ტექსტის გააზრების დავალება, რომელიც ერთ-ერთი სიახლეა, მისი აზრით, ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტში მოცემულთან შედარებით, მარტივია. ამბობს, რომ ტექსტიდან გამომდინარე კითხვებზე პასუხების გაცემა საშუალოზე ოდნავ უკეთეს მოსწავლესაც არ გაუჭირდება.
„ყველაზე სადაო და საინტერესოა ის მესამე დავალება, რომელიც პრობლემატური საკითხის შემოტანას გულისხმობს. ნიმუშში მოცემული „ოთარაანთ ქვრივის“ ტექსტი განვიხილეთ და არგუმენტირებული ესესა და მხატვრული ესეს გამთლიანების მცდელობა დავინახე. სიკეთეა ის, რომ ბავშვებს ორ რაღაცაზე კონცენტრირება აღარ მოუწევთ, ორი თემა არ ექნებათ შავად და თეთრად დასაწერი. ამ რთული ფსიქოლოგიური ფონის პირობებში, ერთ თემაზე კონცენტრირება, ალბათ, უფრო მისაღებია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ უფრო სიმარტივეა. თუმცა, შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმში გვეუბნებიან, რომ ნაშრომში ნაწერის ერთგვაროვნება უნდა იკითხებოდეს. ჩვენ ვიცით, რომ ნაშრომის ერთგვაროვნებაში დროის ფორმების ერთგვაროვნება იგულისხმება. მაგალითად, თუკი აბიტურიენტი თემის წერას წარსულ დროში დაიწყებს (რაც თავისთავად ასე მოხდება, რადგან მე-19 საუკუნეში დაწერილ ნაწარმოებზე წარსულ დროში გიწევს მსჯელობა), ბოლომდე წარსულ დროში უნდა დაწეროს. არადა, მოგვიანებით, ამ პრობლემატიკის აწმყოში არსებობაზე უნდა იმსჯელოს და დროის ფორმის ცვლილება მოუწევს. ანუ, თემის ერთგვაროვნების საკითხი ძალიან გართულდება. იმედია, ამ იდეის ინიციატორები საზოგადოებას ინსტრუქციას მიაწვდიან.
„შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამის თქმა მინდა – 5 ქულაზეა შეფასებული მხატვრული ტექსტის ანალიზი და 5 ქულით ფასდება პრობლემის აქტუალობის დასაბუთებაც. საკმაოდ მაღალი ქულებია. აქ, სინამდვილეში, ერთსა და იმავე შინაარსობრიობას ვხედავ. თუ პრობლემატურ საკითხზე ღრმა ანალიზი მჭირდება, განა პრობლემატიკის აქტუალობის დასაბუთებაც იგივე არ არის? თემის ანალიზი პრობლემის აქტუალობის დასაბუთებასაც გულისხმობს. ანუ, ამ კრიტერიუმებს შორის შინაარსობრივი გადაკვეთაა. მერჩივნა, უფრო გაემიჯნათ. ზოგადად, თემაში 34 ქულა მებევრა“, – აღნიშნავს ჩვენთან ინტერვიუში პედაგოგი.
იგი ფიქრობს, რომ პანდემიის პირობებში, ცვლილებებისთვის, მეტი მზაობა იყო საჭირო. უპრიანი იქნებოდა ეს ყველაფერი ახლა დაანონსებულიყო, ძალაში კი მომდევნო წლიდან შესულიყო. ამგვარად, მოსწავლეებიც მეტად მოასწრებდნენ შემზადებას და პედაგოგებიც უკეთ შეძლებდნენ სწავლების ახალი მეთოდოლოგიის ათვისებას. მათ, ახლა, თავიანთი მუშაობის სტილში ცვლილებების შეტანა მოუწევთ, რაც, ჩვენი რესპონდენტის აზრით, გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.
„რეალურად, სკოლაში, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, ასეთი მეთოდოლოგიით არ ვასწავლით. ცალკე ვაწერინებთ არგუმენტირებულ ესეს და ცალკე – მხატვრულ თემას. ასე კომბინირებულად ეს საკითხი არ შემოგვიტანია. სიმარტივე არის, რადგან ორი თემიდან ერთ თემაზე გადავდივართ და ერთ პრობლემატიკაზე ვკონცენტრირდებით, მაგრამ, სირთულეებსაც ვხედავ. ჩვენი მოზარდების ფსიქოლოგია ისედაც დამძიმებულია და სიტყვა „ცვლილებაზეც“ კი მტკივნეულად რეაგირებენ. სიახლეები,ზოგადად, რთული მისაღებია.
„რაც შეეხება იმას, თუ რა ცვლილებების შეტანა მოგვიწევს მუშაობაში, ტექსტის ანალიზს, რასაც უნარებში ვაკეთებთ, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ყველაზე დიდი გამოწვევა კი, რეპეტიტორებისთვის, ალბათ, არგუმენტირებული ესესა და მხატვრული თემის შერწყმის მეთოდიკის დასწავლა და ბავშვისთვის მიწოდება იქნება. ყველაზე მეტი სამუშაო, მასწავლებლებს, ამ მხრივ გვაქვს“, – აცხადებს ნატო კვეტენაძე.
იგი არც იმას მალავს, რომ ტესტებში უფრო სხვა ტიპის ცვლილებებს ისურვებდა. კონკრეტულად კი, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევას -„როგორც მასწავლებელი, რომელსაც დაჩლუნგებული თაობა არ უნდა, ვფიქრობ, რომ ბარიერი უნდა გაიზარდოს“, – ამ ფრაზით ამთავრებს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუს მენტორი მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
„მეჩვენება, რომ ამ ცვლილებებში გარკვეული კომერციული გათვლაა“ – ციცინო გოგატიშვილი. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
კიდევ ერთი პედაგოგი, რომელიც, ქართული ენის გამოცდაზე ბარიერი გაზრდის მომხრეა, ციცინო გოგატიშვილია. ამბობს, რომ ასეთი დაბალი ზღვარი სტუდენტობას აუფასურებს და მომხრეა იგი 30 ქულამდე გაიზარდოს, რაც საერთო ქულის 50%-ს შეადგენს (ამ დროისთვის, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუკი აბიტურიენტი მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტს დააგროვებს- ავტ). ამგვარად, უნივერსიტეტში მოხვედრილ ახალგაზრდას დანამდვილებით ეცოდინება, რომ მან სტუდენტობა დაიმსახურა.
ცვლილებების ნაწილი, რომელიც ტესტმა განიცადა, მისთვის მისაღებია და ფიქრობს, რომ იგი აბიტურიენტებს ცოდნის გამოვლენას ამარტივებს.
„ტექსტის გააზრებისთვის დაშვებული თხუთმეტი კითხვა რომ აღდგა, სავარაუდო პასუხებით, ეს კარგია. იგი აბიტურიენტებს თხზულების დასაწერად ამზადებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რამდენად შეეწყობათ ხელი ცოდნის გამოსავლენად. იქ ისეთი სააზროვნო კითხვებია დასმული, რომ მოსწავლის შესაძლებლობები მაქსიმალურად ვლინდება.
„რაც შეეხება ესესა და თხზულების გაერთიანებას, აქ, მთავარია, ბავშვმა მთავარ სათქმელს მიაგნოს. ორივე ერთ პრინციპზეა აგებული, ერთიანდება და მეტი ფიქრი დასჭირდებათ. ცუდი იქნება, დროს თუ შეამცირებენ, რადგან ამგვარი ტექსტის გააზრებას გაცილებით მეტი დრო უნდა. თხზულების ესედ გადაქცევა აზროვნებას მოითხოვს. მგონია, რომ ეს პროცესი უფრო შემოქმედებითია. ოღონდ, თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს საგამოცდო დრო და მომთხოვნელობა. ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება“, – აცხადებს ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში პედაგოგი.
კითხვაზე, მოუწევს თუ არა აბიტურიენტებთან მუშაობის პროცესის მნიშვნელოვნად შეცვლა, გვპასუხობს, რომ სიახლეები, მისთვის, სახალისოც კია და საკუთარ თავზე მუშაობისკენ უბიძგებს. შესაბამისად, ამას არც ისე დრამატულ პროცესად მიიჩნევს. ცვლილებების მიზეზებში კი, აბიტურიენტებისთვის საქმის გაიოლების მცდელობაზე მეტად, სხვა ინტერესებს ამჩნევს.
„მეჩვენება, რომ ამ ცვლილებებში გარკვეული კომერციული გათვლაა. ყოველ წელს რაღაცას ცვლიან. მათ შორის, ისტორიაშიც, რათა სახელმძღვანელოები გაიყიდოს. ეს სიახლეები საკმაოდ გვიან გახდა ცნობილი. 2022 წლის სახელმძღვანელოები გამოსულია და ბავშვები, საჭირო წიგნებით, რომლებიც არც ისე იაფი ღირს, უკვე შეიარაღებულები არიან. ახლა, ალბათ, ახალს დაბეჭდავენ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ კომერციულ გათვლასთან და დიდი რაოდენობის წიგნების გაყიდვის მცდელობასთან გვაქვს საქმე“, – დასძენს ციცინო გოგატიშვილი.
„შეფასების კრიტერიუმები პირდაპირ “ყვირის” – “ყველამ უნდა ჩააბაროს”- ნინი ჯავახიშვილი. ქართული ენასა და ლიტერატურის პედაგოგი.
საკმაოდ მწვავე შეფასება მოვისმინეთ ნინი ჯავახიშვილისგან, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი და ქართულის ენის ფილოლოგია. ცვლილებები მისთვის მიუღებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ინიციატორებს პანდემიისა და ონლაინსწავლების გამოწვევების გათვალისწინება ამოძრავებდათ. ფიქრობს, რომ ტესტის ამგვარი გაიოლება მოსწავლეებს მოტივაციას აკარგვინებს, რაც მათი ცოდნის ზოგად დონეზე აუცილებლად აისახება.
„განათლების სისტემა რომ თავზე გვემხობა, ამ ცვლილებამაც დაადასტურა. თვალებს არ ვუჯერებდი, შეცვლილი ფორმატი რომ ვნახე. უფრო მეტად შეფასების კრიტერიუმებმა გამაკვირვა, კერძოდ – გრამატიკის ნაწილმა. მაგალითად, პუნქტუაციის კრიტერიუმს 3 ქულა ენიჭება. ამ სამიდან აბიტურიენტი 1 ქულას მაინც “დაიმსახურებს”, თუ 10-ზე მეტი შეცდომა არ დაუშვა. მორფოლოგია-ორთოგრაფია-სინტაქსშიც ასეა, 1 ქულა მაინც იწერება, თუ აბიტურიენტს 10-ზე მეტი შეცდომა არ აქვს. “გრამატიკა დიდად არ გვჭირდებაო” – ასე გვითხრეს ამ კრიტერიუმებით. ფაქტობრივი შეცდომის არდაშვება, ვფიქრობ, ყველაზე მარტივია. ამ კრიტერიუმის წყალობით “გარანტირებული” ერთი ქულა ჰქონდათ, ახლა ორი მიანიჭეს. შეფასების კრიტერიუმები პირდაპირ “ყვირის” – “ყველამ უნდა ჩააბაროს”, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE -სთვის მიცემულ ინტერვიუში პედაგოგი.
მისი თქმით, საქმე ლიტერატურულ ნაწილშიც გააიოლეს – ორი თხზულების ნაცვლად ერთის დაწერა მოუწევთ. თუკი ადრე მთავარი სათქმელის ამოცნობა აბიტურიენტებს უწევდათ, ახლა პირდაპირაა მოცემული. ტექსტიც იქვეა და არგუმენტების მოძიება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. შეკითხვებიც პირდაპირ ხაზს უსვამს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება თხზულების წერისას. საერთო ჯამში, პედაგოგის შეფასებით, ნაკლები ფიქრია საჭირო.
„ნაწერში ტექსტის მხატვრული თავისებურებების შეფასებასაც აღარ ითხოვენ, მხოლოდ მინიმალური ცოდნაა საჭირო, იმდენი, მხატვრული ხერხის ამოცნობა რომ შეძლო (ე.წ. შემოსახაზ კითხვებს რომ უპასუხო). ტესტის ფორმატი და კრიტერიუმები რომ გავაცანი, ერთმა მოსწავლემ ისიც კი თქვა, სულაც აღარ მოვემზადები, ამას ხომ ისედაც დავწერო. სხვებიც აჰყვნენ – სკოლაც აღარაა საჭიროო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მეც ეს ფიქრები გამიჩნდა.
„აქამდე მეტს ვმუშაობდით, ორ თხზულებას ვწერდით, მხატვრულ მხარეს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით, ასევე – მთავარი სათქმელის ამოცნობასა და მასზე მსჯელობას. ახლა ნაკლები ენერგიის დახარჯვა იქნება საჭირო. სწავლების მეთოდიკა შესაცვლელია, თუმცა, შესაბამისი ფორმატის ტესტების კრებულები არ არსებობს და თხზულების დებულებების მოფიქრება თავად მომიწევს“, – დასძენს ნინი ჯავახიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტთან ერთად, 2022 წლის გამოცდებისთვის, მცირედით იცვლება გეოგრაფიის ტესტიც. გარდა ამისა, გაიზარდა მესამე სავალდებულოდ ჩასაბარებელი საგნების არჩევანიც.
ამავე თემაზე:
ორიოდ სიტყვა ქართული ენის ტესტების ფორმატის შეცვლაზედა თქმული…
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება