GE

„აბოს ხიზნები ამოიღეს?“ – ეროვნული გამოცდების მარგალიტები 2025

აი, დადგა დღე, რომელსაც წლიდან წლამდე ასე ელით. დღე, როცა დაახლოებით 3 კვირიანი შრომის სახალისო შედეგებს გთავაზობთ. როცა ერთად ვუყრით თავს ყველაზე ცხელ პერიოდში – ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს მოგროვილ „მარგალიტებს“, ფრთიან, სახალისო, ენაკვიმატ ხუმრობებსა და გამონათქვამებს, რომელთაც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებთან ისმენენ, თქვენთვის ინახავენ და მოგვიანებით, ერთად აკინძულს გთავაზობენ.

საგამოცდო ციებ-ცხელება, წესით, აბიტურიენტებისთვისაც და მათი გულშემატკივრებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პერიოდი უნდა იყოს, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლით, ასეთ სიტუაციაშიც კი შეინარჩუნონ იუმორის გრძნობა და ამით საკუთარი თავებიც და გარშემომყოფებიც გაახალისონ.

მაშ ასე, „მარგალიტები 2025“:

თბილისი

აბიტურიენტები 3 ივლისის წვიმიან დილას:
-„ეს წვიმა არ არის, ეს აბიტურიენტების ცრემლებია“…

-„რა უნდა დავწერო, ტრუსიკიანად სველი ვარ“.

-„ჩემს სულშიც ასე წვიმს“.

-„მშობელი აბიტურიენტს გამოცდაზე შესვლის წინ: ჯაყო გინდა?“.

***
ჟურნალისტი აბიტურიენტს:
-„ესე რაზე დაწერე“?
-„ეგ ჩემს ტესტსში არ ყოფილა“.

***
-„ის მოვიდა მგონი, აი, აბოს რო ტანჯავენ“…

მშობელი გამოცდის დაწყებიდან ცოტა ხანში:
-„ახლა რომ გამოვიდეს ჩემი შვილი, მე მაგას სახლში არ წავიყვან!“

მშობელი: -„ისე მეცოდებიან ეს ბავშვები, რამდენს ტანჯავენ. რა არის, ჩააბარებინონ ყველას, ვის რა დააკლდება?!“

-“ის შემხვდა, რა ჰქვია, ჩემი გოდება”,- აბიტურიენტი ვაჟა-ფშაველას ლექსზე “ჩემი ვედრება.”

-“მე შემიშვით, დავწერ და გამოვიტან საკითხებსაც”,- აბიტურიენტის მამა საგამოცდო ცენტრთან.

-“ისე მოდის, თითქოს მე დამრჩა რეგისტრაციამდე ორი წუთი”,- დაცვის თანამშრომელი აბიტურიენტზე.

-“რა მოვიდა და ნაცარქექია!”

***
-მშობელი გამოცდიდან ახალგამოსულ ბავშვს.
-„თეზისი რა იყო“?
-„არ მახსოვს, უკაცრავად, მეჩქარება .“
-„ვისაც არ ახსოვს, მაგათთვის ორმაგად ვლოცულობ.“

***
აბიტურიენტი გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ:
-„კითხვებს დედა ვუტირე!“

აბიტურიენტი გამოდის საგამოცდო ცენტრიდან:
-„გოგოა, თეზისს გამოიტანს“.

დაცვა:
-„სამი გოჭის ზღაპარი მოვიდაო“.

გულშემატკივარი გამოცდიდან გამოსულ აპლიკანტებს:
-„ხალხო, ნუ ისტრესებით, ხან ჩაიჭრებით, ხან ჩაიჭრებით“.

ერთი გულშემატკივარი მეორეს:
-„თუ არ უნდა, ძალით არ უნდა ჩააბარებინო. აგერ, პრეზიდენტი გვყავს უდიპლომო, ბოლო-ბოლო“.

უცხოური ენის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი მეგობარს:
-„ფურცელი მეხვეწებოდა, აღარ დამწერო, ძმაოო“.

დაცვას ძაღლი გამოჰყავს საგამოცდო ცენტრიდან:
-„ხომ გითხარი, ჩაბარებული გაქვს-მეთქი“.

დაცვა EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს:
-„ფერადი თაობა მოდის. მე მასწავლებელი ბაკებს რომ ამიწევდა, ფეხის წვერებამდე ავყვებოდი ხოლმე. იქიდან მოყოლებული ვარ მელოტი“.

***
EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი დაცვის თანამშრომელს:
– „ARIS.GE-დან ვარ, ჟურნალისტი“.
დაცვა რეკავს ვიღაცასთან:
-პარიზიდანაა ჟურნალისტი (?!).

***
გულშემატკივრები ერთმანეთს:
-„თეზისები არავის ახსოვს“.
-„ნეტავ, სახელი და გვარი თუ ახსოვთ“?!

***
აბიტურიენტი:
-„ცოტა ადრე გამოვიდოდი, მაგრამ დედაჩემმა მითხრა, ბოლომდე დარჩიო“.

გულშემატკივრები საგამოცდო ცენტრიდან გამოსულ აბიტურიენტებს:
-„კარგად დაწერე, თუ ჯარში მიდიხარ“?

-„რას შვები, აბა, აბარებ, თუ თხოვდები“?

ერთი გულშემატკივარი მეორეს:
-„ნუ ეჭიდავებით ამ კარს, მაინც ვერ გაიგებთ, რა თეზისები იყო“.

***
-„ რა ქენი, მამა?
-„ დავღეჭე“!

***
გულშემატკივრები: „სახეზე ღიმილი! სევდა არ შეგეტყოთ, ბიჭებო“!

ქუთაისი

მშობელები გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტს:
– „რა ქენი, შვილო?“
-„მარტივი იყო“.
-„არიქა, შენ გიშველა ღმერთმა! მარტივი თუა, ჩემიც დაწერს!”

***
-„ჩემი ვედრება“ დავწერე. არ მინდოდა მოსულიყო, მაგრამ იმედია, გამსწორებლები ჩემს ვედრებას იგრძნობენ.”

-„ქართულის მერაბ დვალიშვილი ვარ!“.

მშობელი:
-„რომ შემეძლოს, ბავშვს ჩავენაცვლებოდი.”

მშობელი სხვა გულშემატკივრებს:
„რომ შევა, მაყურებინეთ, ხალხო, მაგისთვის ავდექით გამთენიისას აქ მოსასვლელად!”

„ქართულის მერაბ დვალიშვილი ვარ“ – რა განწყობით შეხვდნენ ქუთაისში ეროვნული გამოცდების დაწყებას

გორი

-„რომ მძინავს სულ ვეფხისტყაოსანი მესიზმრება“…

გულშემატკივარი:
-„თუ ძმა ხარ, მოეშვი ახლა რამანტიკას და შედი გამოცდაზე. ნესტან-დარეჯანიც მომიკითხე და ტარიელსაც აკოცე, ჩემს მაგივრად“.

***
აბიტურიენტი:
-„დამლოცე, დიდო სტალინო და გამოცდა ჩამაბარებინე.
მშობელი:
-“ რა სტალინი, დედა, მე დაგლოცავ, მოდი გაკოცო“.

***
– „ძალიან ვნერვიულობ და იმედი მაქვს, წონაში დავიკლებ“.

-„ ლაბუბუს შევფიციე დილით, რომ გამოცდას წარმატებით დავწერ“.

-„გოგო, ზღვა გვეძახის და გორში ვიხრუკებით, ბედის ირონია“.

***
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი:
-„ხალხო, ჰაერი მოუშვით, არაფერი არ მახსოვს, ტყუილად შემომეხვიეთ“.
„აბა, ეს ჩააბარებს გამოცდას? რა ეშველება, ერთი საკითხიც ვერ დაიმახსოვრა“.

***
– „რაზე აბარებ, ლამაზო, რა უნდა გამოხვიდე? ისე, კი მოგიხდებოდა ვინმე ფულიანი პაპას მდივნობა, კოფეს მოუთუხთუხებდი“.

გულშემატკივარი ბებო:
-„შეხედე, რა აცვია ამ გოგოს, ყველაფერი გამოუჩენია. ვისთან ერთადაც ეს მოხვდება ოთახში, იმ ბიჭების უმრავლესობა გამოცდის ჩამბარებელია?!“

მარგალიტები ინტერნეტიდან

-„ქართულის გამოცდის ჩაბარება უნდა მოვახდინო.“
-„მთავარია ნერვიულობა არ მოახდინოთ“.

***
-„რანაირი კომპიუტერები იყო, ვერც google გავხსენი, ვერც chatgpt“.

***
-„გამოცდების წინა დღეს რას აკეთებდით“?
-„რასაც 12 წელი არ ვაკეთებდით“.

***
-„აბოს ხიზნები ამოიღეს?“

-„დამკვირვებელი ისე დადიოდა აუდიტორიაში, თავი ოქროს საცავში მეგონა. პრობლემა ის იყო, რომ ოქრო ჩემში ვერ იპოვა“.

***
-„ადამიანებს საკუთარი ბედნიერების მისაღწევად ახლობლების წინააღმდეგ უწევთ წასვლა“ – ამ თეზისში პარალელი შრეკთან და პრინცესა ფიონასთან გავავლე – ფიონა საკუთარ სამეფო ოჯახს დაუპირისპირდა და შრეკს გაჰყვა ცოლად-მეთქი“.
-მე ქეთი და უჩა მოვიყვანე მაგალითად.

***
-„დამკვირვებელი მევალე მეგონა, ასე რატომ მიყურებდა“?

-„ გამოცდის დაწერა განვახორციელე, მეგობრებო“.
-„ჩაბარების განხორციელებას გისურვებ“.

***
-„ჭკვიანი ვარ, ვიფიქრე არასწორი პასუხი არ შემოვხაზო მეთქი და სამივე შემოვხაზე“.

-„ჩემი ძმა მოვიდა სახლში და „მთაწმინდის ღამე“ ვწერეო. უეჭველი 100%-იან გრანტს აიღებს“.

-„ჩემი აზრით, არასწორი საქციელია მუდმივად ნაკლის ძიება. ამიტომ, მე რედაქტირება არ გავასწორე. ისეთი მივიღე, როგორიც იყო“.

-„საჭირო ოთახში გავედი და უკან რომ მოვიხედე, დამკვირვებლების კოლონა მომყვებოდა. იქაც აუცილებელია დასწრება?“

-„შეცდომები საკუთარ თავში უნდა მომეძებნა, თუ რედაქტირებაში“?

-„ინგლისურის ბარიერს თუ გადავედი, მექსიკიდანაც გადავალ ამერიკაში“.

-„გამამხნევებელი სიტყვები აუცილებელია ამ პერიოდში: ჯარში ნაყინიც ყოფილა“!

-„გამოცდაზე არ მიშვებდნენ. პირადობას რომ უყურებდნენ, ეს შენ არ ხარო. ჰო, აი, სხვისი გამოცდის გამო მოვიკლავდი თავს, ჩემი მეზარებოდა“.

-„იამალმა რეალის ფანები ეროვნულებზეც არ მოასვენა“.

-„პირველი ვარიანტის შემდგენელი ცუდ ხასიათზე იყო“?

-„ისეთი კითხვები იყო, სულ ესა-მესა გავთვალე პასუხებზე“.

-„ისტორიიდან გამოსული ჭაღარებს ვითვლი“.

-„ისტორისს გამოცდაზე, ბოლოს, კალამიც აღარ წერდა. ალბათ იფიქრა, აღარ ღირს წვალებაო“.

-„გამოცდებს რომ მოვრჩები, მხოლოდ ერთი პრობლემა მექნება – რომელ მხარეს გადავკოტრიალდე“.

-„გავეცანი პასუხების მონიშვნის ინსტრუქციას და მზად ვარ დავიწყო ბარგის ჩალაგება“.

-„პირველი დღეა რაც მეცადინეობებს მოვრჩი და სახლში რომ ვზივარ, უცებ წამოვარდნები მაქვს, მგონია, რომ სადღაც მაგვიანდება“.

-„მე და მათემატიკამ ადგილები გავცვალეთ – მე უნდა მომეხაზა და იმან მომიხაზა“.

-„ისტორიაზე ჩემ წინ მჯდომი გოგო ელარჯივით იწელებოდა აქეთ-იქით, პასუხები რომ დამენახა. ჯიგარი ხარ!“

-„მათემატიკიდან ისეთი სახით გამოვედი, დამკვირვებელმა – შევხვდებით მომავალ წელსო“.

-„წავსულიყავი ჯარში, რა სწავლა ამიტყდა?! გავჭაღარავდი“!

-„მეორე ვარიანტმა ისე „დამქუქა“, წყლის ბოთლი დავტოვე და კომპიუტერი მომქონდა“.

-„ისეთი სიგრილე იყო კლასში, ერთ გამოცდას კიდევ დავწერდი“.

-„მითხარით, რომ ჯარში 48 ზომა ფეხსაცმელი არ აქვთ“.

-„…კი, კარგად დავწერე ეროვნულები. სექტემბერში ქორწილს ვგეგმავთ“.

-„მათემატიკის გამოცდა იყო ეს თუ ცხოვრებისეული“?

-„ჯარში კარგი პირობებია“?

-„სიცილით შევედი, ტირილით გამომიყვანეს“.

-„მათემატიკის მეორე ვარიანტში ისეთი ნახაზები ვხაზე, დამკვირვებელს ეგონა ეშმაკს ვეძებდი“.

-„ქართულზე რომ ვნერვიულობდი, აი, ის დღე მინდა“.

-„ვისიაააა, ვისიაააა, ქაალიიიი ლამაზიიიი“….

-„მეორე ვარიანტის კითხვები რომ დავინახე, მეგონა გონებას ვკარგავდი“.

-„იმდენი ვინერვიულე გამოცდების გამო, იქაური ექთნები სახელს აღარც მეკითხებოდნენ: „აჰა, მოვიდა ჩვენი ბიჭიო“.

-„ჯარში მარჯვენა-მარცხენას ასწავლიან, თუ ჩემი ცოდნით უნდა მივიდე“?

-“ისტორიის მესამე ვარიანტის კითხვები რა ჯანდაბა იყო? ყველა კითხვაზე „მამაო ჩვენოს“ ვამბობდი, გულში და ახალ კითხვაზე რომ გადავდიოდი, ახლიდან ვიწყებდი“.

-„ისტორიიდან გამოვედი და ერთი მეკითხება – კომპიუტერში თამაშები არისო?“

-„გავეცანი პასუხების მონიშვნის ინსტრუქციას და მზად ვარ ვიცხოვრო ჭირშიც და ლხინშიც“.

-„ვინ იყო ბრუტუსიო და გუდუნას ბიძაშვილი-მეთქი. შემეშალა რამე?“.

-„ძმაკაცი ისტორიიდან გამოვიდა და რა მაგარი კაცი ყოფილა ვან გოგიო“.

-„ფარნავაზს უთხრეს მხარზე კეპი გაზისო და იმან – არმაზისო“.

-„აი ემ სორი, აი ჰევ თუ გოუ, აი ჰევ ენ ემერჯენსი სითუეიშენ – ასე გამოვედი ინგლისურის გამოცდიდან“.

-„ჯარი მომაკითხავს, თუ მე უნდა მივაკითხო?“.

***
-„რკინიგზა სად გაიყვანეს პირველადო, რომ ეწერა, ეგრევე ხაშური გამახსენდა და გვერდზე ხაშური მივაწერე. ხომ არ გამინულდება“?
-„თუ გამსწორებელი ხაშურელია, არ გაგინულდება“.

***
-„ვდგავარ სკოლასთან და უფროსი მეტია, ვიდრე აბიტურიენტი. ხომ სწორად მოვედი, ნეტავ?“.

-„ქართულმა შემჭამა, ინგლისური შევჭამე“.

-„ისტორიის აბიტურიენტებს გისურვებთ დავით აღმაშენებლის სიძლიერეს, ჰანიბალის მოხერხებულობასა და იულიუს კეისრის ჭკუას“!

-„ჩემსა და იულიუს კეისარს შორის განსხვავება ისაა, რომ მე მივედი, ვნახე და წამოვედი“.

-„ისტორიიდან ისეთი დაღლილი გამოვედი, რომ მკითხეს წყარო რაზე იყოო, „დავით გორგასალზე-მეთქი“.

-ორჯერ დარეკეს კომისარიატიდან. ქართული და ინგლისური მაგათ გაასწორეს, მგონი“.

***
-„ისტორიის გამოცდის არ გეშინია?
-„არა, მე მაოცებეეეენ ლამპიონებიიიი“.

***
-„ძალიან ვისიამოვნე გამოცდებით, ვფიქრობ შემდეგ წელსაც გავალ“.

***
-„თუ ეროვნულებში ჩაიჭრებით, არ იტიროთ, რადგან ჯარისკაცები არ ტირიან“!
-„არც პატარძლები ტირიან, მაკიაჟი რო არ ჩამოეშალოთ“.

EDU.ARIS.GE სტუდენტობას გისურვებთ, ძვირფასო აბიტურიენტებო!

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური