GE

„ალილოს“ მრავალსახეობა და შინაარსი

საქართველოში შობის წინა საღამოსა და შობას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ახალი წლის დასაწყისს. შესაბამისად, იგი დატვირთულია მრავალფეროვანი მაგიური ხასიათის წეს-ჩვეულებებით, რომლებიც ძირითადად მიმართულია ნაყოფიერების გასაზრდელად, ჯანმრთელობის განსამტკიცებლად, ავი სულების დსაძლევად და, საერთოდ, კეთილდღეობით სავსე მომავლის უზრუნველსაყოფად. შობის წინა საღამოს, ტრადიციულად, სრულდება „ალილო“ – ქართული საწესო სიმღერა, რომელიც თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად მღერიან.

ძველად შობის ღამეს მოზრდილი მამაკაცები, მოგვიანო ხანაში კი ბავშვები, კარდაკარ ჩამოივლიდნენ მთელ სოფელს, მიადგებოდნენ ოჯახებს და სიმღერით – „ალილოთი“ – მიულოცავდნენ შობის დღესასწაულს. როგორც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი ამბობს, „ალილო“ სამხმიანი სიმღერაა და, შესაბამისად, მის შესრულებას, სულ ცოტა, სამი ადამიანი მაინც სჭირდება. ამასთან, „ალილო“ მთელ საქართველოშია გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად მღერიან:

„მეოცე საუკუნეში, აკრძალვის მიუხედავად, „ალილოს“ მღეროდნენ კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში… რაც შეეხება სხვა კუთხეებს, – თუშეთს, მთიულეთს, მესხეთს, – ამ კუთხეების „ალილოებიდან“ მხოლოდ ტექსტებია შემორჩენილი. სამწუხაროდ, არ შემორჩა მათი მუსიკალური ქსოვილი“.

მაგალითად, როგორც 1991 წელს გამოცემულ ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარში ვკითხულობთ, მესხური „ალილოდან“ შემორჩენილია ასეთი ტექსტი:

ალილო
​„ალანთასა ბალანთასა,

ჩამოვჰკიდებ კალათასა,

ადგა ქალი, დაძრა ტანი,

დადგა გობი, ზედ საცერი,

ერთი ვთხოვე, ორი მომცა,

ღმერთი მისცემს ბარაქასა“.

როგორც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი ამბობს, სამეგრელოსა და სვანეთში „ალილოს“ ხშირად ქართულად ასრულებდნენ, რაც, მისი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომსაეკლესიო წირვა-ლოცვისა და სამწერლობო ენაზე შესრულებით ამ კუთხეებში საშობაო სიმღერას საგანგებო მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამასთან, სვანეთსა და საქართველოს ყველა სხვა კუთხეში არ შეიძლებოდა მეალილეების ხელცარიელი გასტუმრება. როგორც ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარში ვკითხულობთ, ხელმოცარულმა მეალილეებმა წყევლა იცოდნენ, რაც თავისთავად ცუდის მომასწავებელი იყო. „ალილოს“ ერთ-ერთი კახური ტექსტი პირადაპირ შეიცავს მუქარას:

„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,

შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,

ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?

ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.

„აკოშკიდან“ გადვიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,

თუ გამოგაქვთ, გამოიტათ, თორემ წავალ გინებითა“.

წაიკითხეთ სრულად 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური