GE

ალტე უნივერსიტეტის „არაფორმალური განათლების იდეების კონკურსის“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

კიდევ ერთი დღესასწაული პედაგოგებისთვის და დაჯილდოებული მასწავლებლები – ასეთი იყო დღევანდელი დღე ალტე უნივერსიტეტში. 16 მაისს ალტე უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის „მასწავლებელთა საბჭოს“ ინიციატივით ორგანიზებული პროექტი „არაფორმალური განათლების იდეების კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

მასწავლებელთა ფართომასშტაბიანი იდეების შეჯიბრებას 3 გამარჯვებული პედაგოგი ჰყავს.

ვიდრე გამარჯვებული მასწავლებლების ვინაობას გაგიმხელთ, შეგახსენებთ, რომ კონკურსში დარეგისტრირებული გახლდათ 178 იდეა. 33 ნახევარფინალისტმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგებსა და მენტორ-სესიებში, რაც მათ დაეხმარათ საკუთარი იდეები უფრო მკაფიო და განვითარებული სახით ჩამოეყალიბებინათ. კონკურში მონაწილე 33 ნახევარფინალისტიდან კვალიფიციურმა ჟიურიმ 10 რჩეული ფინალისტი შეარჩია.

მაშ ასე, გამარჯვებული პედაგოგები არიან:

ნათია დავითაია: პროექტით „ტექნოლოგიის ხმა“ – (წმ.ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებულური სკოლა-გიმნაზია);

სოფიო ქუხილავა: პროექტით „ციფრული ოთახი“ – (წვირმის საჯარო სკოლა);

დიმიტრი პოპოვი: პროექტით „3D STEAM ლაბორატორია“ – (სსიპ გურჯაანის მიმიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა);

თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს წარდგენილი იდეის განხორციელებისთვის ალტე უნივერსიტეტი 1000 ლარს გადასცემს.

ანი ამირანაშვილი, ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ უნივერსიტეტმა საქართველოს მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს უნიკალური შესაძლებლობა მისცა, პროექტის ფარგლებში, ჩამოეყალიბებინათ, განევითარებინათ და განეხორციელებინათ თავიანთი იდეა არაფორმალური განათლების მიმართულებით. მისი თქმით, სკოლების მხარდაჭერა მიმავალში კიდევ უფრო გაძლიერდება:

“ჩვენ ერთი წლის წინ შევქმენით მასწავლებელთა საბჭო და მათი დახმარებით ვართ მხარდამჭერი, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების. ვაძლევთ მოტივაციას, როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს. აუცილებლად გავაგრძელებთ სკოლების მხარდაჭერას. სამომავლოდაც არაერთ ინიციატივებს შევთავაზებთ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს”.

კონკურსანტებს მენტორობას განათლების სფეროში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები უწევდნენ.

EDU.ARIS.GE -სთან ისაუბრა, პროექტის მენტორმა, მასწავლებლის საბჭოს წევრმა მიმოზა ღოლიჯაშვილმა. მან მოგვითხრო, რა პრაქტიკული ღირებულება აქვს პედაგოგებისთვის აღნიშნულ კონკურსს.

“პროექტი ორგანიზებული იყო ალტე უნივერსიტეტის და ინიციირებული იყო უნივერსიტეტის მასწავლებელთა საბჭოს მიერ. გარკვეული რესურსის გარეშე, ნებისმიერი სახის პროექტის განხორციელება ძალიან რთულია. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა მივეცით პედაგოგებს. მადლობა მინდა გადავუხადო ალტე უნივერსიტეტს იმ დიდი საქმისთვის, რომელიც სასკოლო საზოგადოების განვითარებას ემსახურება”, – აღნიშნა ქალბატონმა მიმოზამ.

კონკურსის მნიშვნელობის, პედაგოგების პროფესიული წინსვლისა და განვითარებისთვის მისი წილის შესახებ ისაუბრეს თავად კონკურსანტებმა და უნივერსიტეტს, მსგავსი იდეების მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ალტე უნივერსიტეტი ახალისებს არაფორმალური განათლებას და მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი ინტერესები, მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, დაგეგმონ კარიერული განვითარების გზა. ამ გზით მოსწავლეს უვითარდება ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური