GE

ალტე უნივერსიტეტის MedTech ჰაკათონის რჩეული გუნდები გამოვლინდნენ

მედიცინისა და IT მიმართულებების გადაკვეთის ახალი შესაძლებლობები, ინოვაციური აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების გზები – ასე შეიძლება შეფასდეს ალტე უნივერსიტეტის ორდღიანი MedTech ჰაკათონი, რომლის დასკვნითი ღონისძიებაც 7 ნოემბერს გაიმართა.

უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით გამართული ჰაკათონის თემა „AI for Care“, საპრიზო ფონდი კი 3 000 ლარი იყო.

ჰაკათონში თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სკოლის X–XII კლასების მოსწავლეებისა და ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. თითოეულ გუნდს ჰყავდა ორი ექსპერტ-სტუდენტი, რომლებიც მოსწავლეებს, იდეის განვითარებაში, დახვეწასა და განხორციელებაში, თემატური ცოდნითა და პრაქტიკული ჩართულობით დაეხმარნენ.

დასკვნით ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 6 ნოემბერს, მონაწილეებმა, ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრში, მედიცინაში არსებული რეალური გამოწვევების დასაძლევად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საკუთარი პროექტების პროტოტიპები შექმნეს. 7 ნოემბერს კი, ფინალური პრეზენტაციები (ფიჩინგი) გაიმართა, რომელზეც ხუთმა გუნდმა ჟიურის წინაშე საკუთარი იდეები წარადგინა:

  1. „მწვანე კოდი“ – ვახტანგ სამარჯიშვილი, ალექსანდრე თევზაია, გიორგი კორძაია, ლუკა ადამია;
  2. Biomarkers – ანამარია დეკანოიძე, ანანო ამბროლაძე, ლიზი კილაძე, გიორგი ოცხელი;
  3. Lifelink – მიხეილ კაპანაძე, თინათინ მშვილდაძე, თევდორე ონაშვილი, ანტონი ინგოროყვა;
  4. PillMe – გიორგი ყაველაშვილი, ელენე იზორია, ნიკოლოზ ყიფშიძე, გიორგი კანდელაკი;
  5. Calmify – მართა შალამბერიძე, ელენე ჯღარკავა, თამარ გოგიძე.

თითოეული გუნდის მიერ პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ, დრო კითხვა-პასუხის რეჟიმსაც დაეთმო – მოსწავლეებმა კომპეტენტური ჟიურის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და მათი შეფასებებიც მოისმინეს.

ორდღიანი ჰაკათონის კულმინაცია გამარჯვებული გუნდების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია გახდა. 6-კაციანი ჟიურის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაში მონაწილე ხუთი გუნდიდან სამმა სხვადასხვა პრიზი დაიმსახურა:

Calmify – ჰაკათონის მხარდამჭერის – 4Hospitals-ის მთავარი რჩეული გახდა. გუნდს, სამედიცინო პროდუქტების წამყვანი პროვაიდერი კომპანიის წარმომადგენელმა, ჟიურის წევრმა, ნინო გამყრელიძემ, 4Hospitals-ის სახელით, საჩუქრად 2 000 ლარი გადასცა.

Calmify – ასევე გახდა GITA-ს რჩეული. გუნდს GITA პროტოტიპის განვითარებაში დაეხმარება.

PillMe4Hospitals-ის მიერ დასახელდა როგორც მეორე რჩეული. გუნდი 1 000 ლარით დასაჩუქრდა.

PillMe – ასევე გახდა ალტე უნივერსიტეტის რჩეული. გუნდის წევრებმა უნივერსიტეტისგან 1 000 ლარის ოდენობით ფულადი პრიზი და იდეის განსახორციელებლად საჭირო რესურსული მხარდაჭერა მიიღეს. გარდა ამისა, მოსწავლეებს პროფესიული ბანაკის საგზურები გადაეცათ.

„მწვანე კოდი“ – დასახელდა როგორც MediMind-ის რჩეული. გუნდი 500 ლარით დაჯილდოვდა.

ჰაკათონში მონაწილე გუნდების წევრებსა და სტუდენტ-ექსპერტებს სერტიფიკატებიც გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ აქტივობა მონაწილე სტუდენტებს ჩაეთვლებათ როგორც სასწავლო პროცესის ნაწილი და მათ, დეკანის გრანტისა და სხვა შიდა საუნივერსიტეტო წახალისებების მოსაპოვებლად, პორტფოლიოს ფორმირებაში დაეხმარება.

ღონისძიების დასასრულს, რჩეული გუნდების წევრებმა EDU.ARIS.GE-სთან გამარჯვების ემოციებზე ხალისით ისაუბრეს და უარი არც მათ მიერ წარდგენილი პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობაზე გვითხრეს. როგორც GITA-სა და 4Hospitals-ის მთავარი რჩეული გუნდის წევრმა, თანამედროვე განათლების აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლე ელენე ჯღარკავამ აღნიშნა, მათ შექმნეს სანათი, რომელიც ადამიანებს უძილობის პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. მისივე თქმით, გუნდს სურს, რომ აღნიშნული პროდუქცია გაყიდვაში ჩაუშვას, რათა სანათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს:

„ორი სხვადასხვა პრიზის მფლობელი გავხდით და პირველ რიგში, უდიდესი მადლობა ალტე უნივერსიტეტს, რომ ამის შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენ წარვადგინეთ Calmify Product – იდეა, რომელიც უძილობის პრობლემას ჭრის. გვაქვს სანათი, რომელიც გამოყოფს სამი სხვადასხვა ფერის – წითელ, ლურჯ და ყვითელ ნათებას. ის ეხმარება ტვინს, რომ გამოყოს მელატონინი – ძილის ჰორმონი. ფაქტობრივად, ერთ დღეში შევძელით, რომ პროტოტიპი აგვეწყო და ამასთან ერთად, ვებსაიტი გაგვეკეთებინა. გუნდის წევრებმა როლები თავიდანვე გადავინაწილეთ, ვიმუშავეთ და მივიღეთ საბოლოო პროდუქტი. 2 მილიარდზე მეტია ადამიანი, რომელსაც ძილის პრობლემა აქვს, ჩვენი სანათი კი მათ ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. ძალიან ბედნიერები ვართ და დიდი მოტივაცია გვაქვს, რომ ეს პროდუქცია გაყიდვაში გავიტანოთ“.

ალტე უნივერსიტეტისა და 4Hospitals-ის მეორე რჩეული გუნდის წევრმა, თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ელენე იზორიამ კი აგვიხსნა, რომ მათ მიერ შექმნილი აპლიკაცია ადამიანებს მედიკამენტების მიღების დროს გაახსენებს, AI ასისტენტი კი მათ საჭირო რჩევებს მისცემს:

„ჩვენ შევქმენით აპლიკაცია PillMe, რომელიც ადამიანებს ბევრნაირი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. პაციენტების 52%-ს ავიწყდება მედიკამენტების დანიშნულ დროზე მიღება, რაც იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ჯანდაცვის ხარჯების ზრდა, ჯანმრთელობის ხარისხის გაუარესება და ა.შ. ჩვენი აპლიკაცია ადამიანებს ახსენებს მედიკამენტების მიღების დროს. მართალია, მსგავსი ტიპის აპლიკაცია ბევრია, თუმცა რთული დიზაინითაა და ნაკლებად მოსახერხებელია ასაკიანი ადამიანებისთვის. ჩვენს აპლიკაციაში ასევე შეხვდებით AI ასისტენტს, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე რჩევას მოგცემთ. დოქტორ-ასისტენტს შეუძლია საუბარი და ყველანაირი ემოციის გამოხატვა. ზოგიერთი მედიკამენტის მიღება არ შეიძლება, თუ მაგალითად, წნევას ან პულსს არ გაიზომავ. ჩვენი აპლიკაცია კი ამის საშუალებასაც იძლევა“.

შეჯამების სახით, ჰაკათონის მნიშვნელობაზე ვკითხეთ ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანს, გიორგი გაბისონიას, რომელმაც ყურადღება ტექნოლოგიურ კონტექსტში მედიცინის მომავალსა და ამ საკითხით მოსწავლეების დაინტერესებაზე გაამახვილა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მედიცინის მომავალზე იფიქრონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ტექნოლოგიურ კონტექსტშიც – ნახონ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკას, მონიტორინგსა და პაციენტზე ზრუნვის პროცესს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გიორგი გაბისონიამ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური