GE

ფორმების შემდეგ სკოლებში სახელმძღვანელოებსაც დააგვიანდება – რის უფლებას ითხოვს განათლების სამინისტრო სკოლებისთვის პარლამენტისგან

28 მაისს პარლამენტში მყოფი განათლების მინისტრი გვარწმუნებდა, რომ ახალი, 2026-2027 სასწავლო წლის დასაწყისში, 1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს უკვე დახვდებათ ახალი წიგნები: ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში.

დღეს კი საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებულად განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სამინისტროს მიერ დაწერილი ახალი სახელმძღვანელოების სკოლაში შეტანას ეტაპობრივად მოიაზრებს, კონკრეტულად კი 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე.

მინისტრის „რიხიანი“ გამოსვლა პარლამენტში და რეალობის ანალიზი, რომელიც განათლების რეფორმას „აშიშვლებს“

რა უნდა იცოდნენ სკოლებმა:

სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა და სასწავლო პროცესში დანერგვა ხორციელდება ეტაპობრივად – 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოს ჩანაცვლებამდე, სასწავლო პროცესში კვლავ გამოიყენება რეფორმის დაწყებამდე მოქმედი გრიფმინიჭებული ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ – სამინისტრო) შეთანხმებული სახელმძღვანელოები.

ცვლილების პროექტით დაზუსტდება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე, როგორც სამინისტროს მიერ შექმნილი ასევე, გრიფმინიჭებული ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები გამოიყენონ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ცხადია, განათლების სამინისტრო არაფერს ამბობს ახალი წიგნების დაგვიანების მიზეზებზე, მაგრამ იმას კი აღიარებს, რომ ამ ცვლილებით პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად:

“ვინაიდან, მიმდინარე წლის 5 თებერვალს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1353-Vმს-XIმპ) თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრა, რომ 2028 წლის პირველი სექტემბრიდან, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელონ სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით, მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნულ კანონში შეტანილი იქნეს ცვლილება და სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა და სასწავლო პროცესში დანერგვა განხორციელდეს ეტაპობრივად 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე”, – წერს განათლების სამინისტრო “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

თუკი გავიხსენებთ, რომ ახალი სახელმძღვანელოების წერა განათლების სამინისტროში საგნობრივი სტანდარტების დამტკიცებამდე დაიწყეს, ასეთი ცვლილება მთლიანად სახელმძღვანელოების შექმნის პროცესის გადარჩენის იმედს აჩენს და პოზიტიურია.

რაც შეეხება საჭირო საბიუჯეტო სახსრებს, განათლების სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ცალკეული კლასებისა და საგნებისთვის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვა არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის აუცილებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გამომდინარე იქედან, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქცია ისედაც ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2028 წლის პირველი სექტემბრიდან, საქმიანობის განხორციელებას სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით და აღნიშნულ პერიოდამდე სახელმძღვანელოების შესაქმნელი თანხა სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იყო, 2026 წლის ბიუჯეტსა და საშუალოვადიან ბდდ დოკუმენტში.

ამავე თემაზე:

გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“

„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური