GE

ამ მეთოდებით გამოცდაზე დაგვიანების რისკს თავიდან აიცილებთ და ცენტრსაც მარტივად მიაგნებთ – სტუდენტი აბიტურიენტებს

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება. ახლა, აბიტურიენტთა დიდი ნაწილს აწუხებს ერთი შეხედვით ნაკლებად ძირითადი, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი – არ დააგვიანოს და საგამოცდო ცენტრის მიგნებისთვის დიდი დრო არ დაკარგოს.

EDU.ARIS.GE აბიტურიენტების გამხნევებისა და დახმარების მიზნით, უკვე მეოთხე კურსის სტუდენტის, მარიამ მარიამ ქვარცხავასგან მოსმენილ ერთგვარ ინსტრუქციას გაგიზიარებთ. მარიამი გამოცდილი სტუდენტია, ის 70%- იანი გრანტით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლობს. ის მარტივ მეთოდებს გაგიზიარებთ იმისათვის, რომ გამოცდაზე დაგვიანების რისკი თავიდან აიცილოთ და საგამოცდო ცენტრის ძებნა არ გაგიჭირდეთ.

– მარიამ, პირველ რიგში, გვითხარით, თქვენ რამდენად ბევრს ფიქრობდით დაგვიანების ან საგამოცდო ცენტრის ძებნის შესახებ, როცა აბიტურიენტი იყავით?

– აბიტურიენტობა მზადებაა ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპისთვის, რომელიც თავის მხრივ, საკმაოდ დიდ ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. აბიტურიენტობისას, მეც, ისევე როგორც ყველა სხვა აბიტურიენტს, მიწევდა სხვადასხვა საკითხზე ფიქრი, ნერვიულობა, მათ შორის ერთ-ერთი არაძირითადი, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხი, გამოცდაზე სწორ დროს, სწორ ადგილას გამოცხადება იყო. გააზრებული მქონდა, რომ გამოცდაზე დაგვიანებას ან არასწორ ადგილას გამოცხადებას შეეძლო, წყალში ჩაეყარა მთელი წლის შრომა. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექი ამ საკითხს და ოპტიმალურ დროს ვცხადდებოდი ყველა გამოცდაზე.

– რა უნდა მოიმოქმედოს აბიტურიენტმა, რომ არ დააგვინოს გამოცდებზე, თქვენ რას ურჩევდით?

– პასუხი მარტივია – აბიტურიენტმა გამოცდის წინა ღამეს მაქსიმალურად ადრე უნდა დაიძინოს. ხშირ შემთხვევაში, ნერვიულობის ფონზე, რთულია დაძინება, დასვენება, შფოთვისგან გათავისუფლება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გამოცდის წინა დღეს, აბიტურიენტები არ დაიტვირთონ ზედმეტი ინფორმაციით და მაქსიმალურად ორიენტირდნენ დასვენებაზე. გამოცდამდე მინიმუმ 7 საათის განმავლობაში გამოძინებამ, შეიძლება, ბევრად მეტი სარგებელი მოუტანოს აბიტურიენტს გამოცდის წერის პროცესში, ვიდრე უშუალოდ გამოცდის წინა დღეს მეცადინეობამ და დატვირთვამ. სრულყოფილი ძილი უზრუნველყოფს ისევე როგორც სტრესის შემსუბუქებას, ასევე მეტ ორგანიზებულობას ისეთ ტექნიკურ საკითხებში, როგორებიცაა სახლიდან სწორ დროს გასვლა და საგამოცდო ცენტრში შესაბამის დროს გამოცხადება.

– რომელია თქვენგან დასახელებული ეს “შესაბამისი დრო”, როცა აბიტურიენტს რეგისტრაციისთვის საგამოცდო ცენტრთან მისვლას ურჩევთ?

– ვფიქრობ, რომ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრთან ნეიტრალურ დროს უნდა გამოცხადდეს, არც ზედმეტად ადრე და მით უმეტეს, არც გვიან. დანიშნულების ადგილას, დაახლოებით 15 წუთით ადრე გამოცხადება (რეგისტრაციის დაწყებამდე) იდეალური ვარიანტია. გამოცდაზე ერთი, ან რამდენიმე საათით ადრე გამოცხადების შემთხვევაში, ლოგიკურია, რომ აბიტურიენტი ვერ მოახერხებს შესაბამისად გამოძინებას. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული გამოცდები ზაფხულში ტარდება, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ დიდი ხნის განმავლობაში გარეთ, სიცხეში დგომას. 15 წუთი არის დროის ის მონაკვეთი, რომელიც აგარიდებთ ისევე როგორც ადრე მისვლას და თქვენი ღირებული დროის დაკარგვას, ასევე გამოცდაზე დაგვიანებას.

– მიეცით აბიტურიენტებს მარტივი ინსტრუქცია იმ მეთოდების შესახებ, რომლებსაც გამოიყენებენ იმისთვის, რომ გამოცდაზე დაგვიანების რისკი თავიდან აიცილონ

  • გამოცდაზე დაგვიანების რისკის თავიდან ასაცილებლად აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ არაფერი უშლის ხელს სწორ დროს საგამოცდო ცენტრთან გამოცხადებაში;
  • მნიშვნელოვანია მაღვიძარის დაყენება ისე, რომ 15-20 წუთით ადრე უკვე დანიშნულების ადგილას იყოთ;
  • უმჯობესი იქნება, თუ წინასწარ იქნებით ნამყოფი იმ ადგილას, სადაც გამოცდა ჩაგიტარდებათ, რათა თავიდან აიცილოთ საგამოცდო ცენტრის მიგნებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • წინასწარ უნდა განსაზღვროთ შესაბამისი მარშრუტი გამოცდის დღეს ცენტრთან უპრობლემოდ მოსახვედრად და აუცილებლად გქონდეთ ინტერნეტი მობილურ ტელეფონზე, რომ საჭიროების შემთხვევაშიბ დახმარება ითხოვოთ.

– რა უნდა მოიმოქმედონ აპლიკანტებმა, თუ არ სურთ საგამოცდო ცენტრის ძებნაში დიდი დრო დაკარგონ, თქვენი გამოცდილება როგორია?

– არის ისეთი შემთხვევები, როდესაც საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტის საცხოვრებელი ადგილისგან შორს მდებარეობს. ეს მანძილი, ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი ნერვიულობის გამომწვევია. იმისთვის, რომ აბიტურიენტმა დრო და ენერგია დაზოგოს, აუცილებელია, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობის გამოკვლევა და იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება საგამოცდო ცენტრთან ყველაზე სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელი გზით მოხვედრა.ზოგჯერ ე.წ რუკის აპლიკაცია ტყუის, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ, ან გვიჭირს მისი გამოყენება, ამიტომ ჩემი მთავრი რჩევ აიქნება, თუ არ იცით სად მდებარეობს თქვენი საგამოცდო ცენტრი და პირველად მიდიხართ, ჯობს, წინასწარ ესტუმროთ ადგილს, ამით ზედმეტი სტრესიც მოგეხსნებათ.

– და ბოლოს, მიმართეთ აბიტურიენტებს

– არასდროს შეწყვიტოთ თქვენი მიზნისკენ სვლა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შეგიძლიათ სწორი მიდგომით. მთავარია, არ მისცეთ მსგავს ტექნიკურ საკითხებსა და ნერვიულობას თქვენი შეფერხების საშუალება. გჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. წარმატებებს გისურვებთ!

ასევე იხილეთ:

როგორ დავგეგმოთ სწორად ეროვნული გამოცდის დღე – გამოცდილი სტუდენტის დეტალური ინსტრუქცია აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური