GE

როგორ დავგეგმოთ სწორად ეროვნული გამოცდის დღე – გამოცდილი სტუდენტის დეტალური ინსტრუქცია აბიტურიენტებს

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტები განსაკუთრებულ სამზადისში არიან პირველი, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის.

რა ნივთებით უნდა გამოვცხადდე? რა არ უნდა დამრჩეს? საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჯობს წასვლა თუ მშობლის მანქანით? რომელ საათზე ჯობს მისვლა საგამოცდო ცენტრთან? რომ დავწერ და გამოვალ, მერე ?… სახლში წავიდე და დავისვენო თუ … ეს კითხვები თითქმის ყველა აბიტურიენტის გონებაში ტრიალებს და ვინ, თუ არა უკვე ყოფილმა აბიტურიენტებმა კარგად იციან, რომ საგამოცდო დღის სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვანია. კარგად დაგეგმილი გამოცდის პირველ დღეს კი, მართლაც აქვს გავლენა იმაზე, თუ როგორ ჩაივლის მომდევნო გამოცდები.

2023 წლის აბიტურიენტების გამხნევებისთვის, EDU.ARIS.GE-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტი, მეგი ჩოგოვაძე ესაუბრა რომელსაც 100%-იანი სასწავლო გრანტი აქვს. როგორც მეგი ამბობს, გამოცდის დღეებში, მას საკუთარი დღის წესრიგი ჰქონდა და მიიჩნევს, რომ წარმატებით ჩაბარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც სწორედ ეს გახდა.

– მეგი, რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეროვნული გამოცდის დღეს?

– როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, გამოცდის დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ნერვიულობის გადალახვა იყო. ყოველთვის ვიცოდი, ყოველთვის მესმოდა სხვებისგან, რომ ნერვიულობას შეეძლო, ცუდად ემოქმედა გამოცდებზე, განსაკუთრებით კი ისეთ მნიშვნელოვან გამოცდებზე, როგორიცაა ეროვნულები. დიახ, გამოწვევას წარმოადგენდა საკუთარ თავთან ბრძოლა, რათა რწმენა მქონოდა -სანერვიულო არაფერი იყო და მე ამის გაკეთება შემეძლო, რადგან საკმარისად მომზადებული ვიყავი.

– გაგვიმხილეთ, რა გეგმით შეიძლება იხელმძღვანელოს აბიტურიენტმა გამოცდის დღეს, რომელ საათზე ჯობს გაღვიძება და შემდეგ რა იქნება სასარგებლო დღის რუტინა? 

– აბიტურიენტმა საგამოცდო დღე აუცილებლად ენერგიით უნდა დაიწყოს. ამისათვის კი, მინიმუმ 6-7 საათი მაინც ეძინოს. სასურველია, გამოცდის დაწყებამდე ზედმეტად ადრე არ გაიღვიძონ, რადგან ასეთ დროს აბიტურიენტი მუდმივად საათს დასცქერის იმის გასაგებად, თუ როდის მოვა გამოცდის დაწყების დრო. მნიშვნელოვანია, აბიტურიენტმა დილით, გამოცდის დაწყებამდე, გააკეთოს ის, რაც მას ბედნიერებას მიანიჭებს და დაძაბულობის მოხსნაში დაეხმარება. ენერგიის მიღება ბევრისთვის კვებასთან ასოცირდება, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა ტვინის უჯრედებმა აქტიურად იმუშაონ.

მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ დილით კვება, ან ნერვიულობის ფონზე, საკვებით ენერგიებს ვერ იღებენ. არ იდარდოთ, სხვა გზებიც არსებობს. ჩემი პირველი ეროვნული გამოცდის დღეს, გაღვიძებისთანავე ცეკვა დავიწყე, რადგან ცეკვა იყო ის ერთადერთი, რასაც იმ დროს ჩემი გაბედნიერება, ჩემთვის სტრესის შემსუბუქება შეეძლო. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ხატვა და ასე შემდეგ. მთავარი ის არის, რომ გამოცდის დღეს აბიტურიენტმა რაც შეიძლება მეტი დადებითი ენერგია მიიღოს, რომელიც ძალიან კარგად აისახება საბოლოო შედეგზე.

– რა შეცდომები არ უნდა დაუშვას აბიტურიენტმა გამოცდის დღეს?

– შეცდომებზე საუბრისას ისევ ნერვიულობის მომენტს უნდა დავუბრუნდე. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდის დღეს არ დავიწყოთ ყველაფერი იმის გახსენება, რაც აქამდე გვისწავლია. არ დავპანიკდეთ, როდესაც არ გვახსენდება მაგალითად, რომელიმე ბრძოლის დაწყების თარიღი, ან რომელიმე მათემატიკური ფორმულა, რადგან ამ ყველაფერმა შეიძლება, ენერგია გამოგვაცალოს, ის ენერგია, რომელიც აუცილებელია გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის. უბრალოდ დავხუროთ წიგნები, კონსპექტები და ტვინს მივცეთ დასვენების საშუალება, რადგან მერწმუნეთ, გამოცდის დაწყებიდან მალევე, თქვენ წინ გადაიშლება ყველაფერი ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გისწავლიათ, წაგიკითხავთ ან უბრალოდ მოგისმენიათ. თავად გამოცდის წერის პროცესში კი, საკუთარი გამოცდილებით ერთ რჩევას მოგცემთ: მას შემდეგ, რაც კუთვნილ ტესტს მიიღებთ, დავალებების შესრულება თანმიმდევრულად დაიწყეთ, არ გადახედოთ მთლიანად ტესტს, რადგან შეიძლება, ნახვის შემდეგ ისეთი გრძნობა გაგიჩნდეთ, რომ ბევრი რამ არ იცით, მაგრამ თუ თქვენ დაიწყებთ ყველა დავალების შესრულებას ნელ-ნელა და ეტაპობრივად, ამ დროს თქვენი დამოკიდებულებაც სხვა იქნება და ტვინიც სულ სხვანაირად დაიწყებს ფუნქციონირებას.

– რის გაკეთებას ურჩევთ აბიტურიენტებს გამოცდის წერის შემდეგ, თქვენი გამოცდილება როგორი იყო?

– საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდის დასრულება დიდ შვებასთან ასოცირდება. იქნებით დაღლილები, მაგრამ ეს დაღლა სიამოვნებასთან და ბედნიერებასთან იქნება დაკავშირებული. თითოეული გამოცდის დასრულების შემდეგ, პირველი, რასაც ვაკეთებდი, ეს იყო რეპეტიტორებთან, სკოლის მასწავლებლებთან წასვლა. მათთან განვიხილავდი თუ რა დავწერე, რამდენად სწორად დავწერე და ასე შემდეგ, რამაც საშუალება მომცა, დაახლოებით განმესაზღვრა ჩემი შედეგები. ვფიქრობ, ეს მეთოდი ძალიან კარგია, რადგან ამ ერთგვარი კონსულტაციის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგიძლიათ, წახვიდეთ სახლში, დაისვენოთ და მშვიდად დაელოდოთ მომდევნო გამოცდას თუ შედეგებს.

– შეგიძლიათ, რომ მიმართოთ აბიტურიენტებს, რა იქნებოდა თქვენი გზავნილი?

– მეგობრებო, უბრალოდ გჯეროდეთ საკუთარი თავის! გჯეროდეთ ყველა იმ დღის, საათისა თუ წუთის, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაატარეთ. შეეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს და არ მისცეთ ნერვიულობას საშუალება, რომ თქვენი სხეული მოიცვას; შეეცადეთ, არ იფიქროთ ცუდზე, არ იფიქროთ ტესტის შინაარსზე მის ნახვამდე, რათა წინასწარი განწყობები თავიდან აირიდოთ. და ბოლოს, ირწმუნეთ, დაიჯერეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! წარმატებებს გისურვებთ!

ასევე იხილეთ:

სკოლა დავამთავრეთ, რა იქნება შემდეგი? – „არ დაკარგოთ 4 წელი იმ პროფესიის შესწავლაში, რომელიც არ გეყვარებათ“

რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას – ჩამონათვალი

როგორ გავაუმჯობესოთ კალიგრაფია გამოცდების წინ და ვწეროთ გარკვევით – კალიგრაფის ინსტრუქცია აბიტურიენტებს

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური