GE

ამ პრობლემის გადაჭრა რთული არ არის“ – რატომ და როგორ აბარებენ ბაკალავრის საფეხურზე პირდაპირ უცხოეთში

ზოგადი განათლების საბაზო და განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე უცხოეთში განათლების მიღება წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. EDU.ARIS.GE დაინტერესდა, ძირითადად რა ფაქტორები მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე, რა გზის გავლა უწევთ ქართული სკოლიდან ევროპის/ამერიკის უნივერსიტეტებამდე და როგორ ხედავენ მომავალს უკან, სამშობლოში.

მასწავლებელი თორნიკე შევარდნაძე მზარდი ტენდენციის ძირითად მიზეზად სახელმწიფოს განვითარების მოდელის და მომავლის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას, უპერსპექტივობის განცდასა და ეკონომიკურ გამოწვევებს ასახელებს:

„ამ საკითხებზე საუბრისას მოსწავლეები ხშირად იხსენებენ მათ გარშემო ცოცხალ მაგალითებს, როგორ ისწავლა, იშრომა მთელი ცხოვრება ვიღაცამ მათ გარემოცვაში, მაგრამ როგორ არ დაუფასდა, როგორ არის ისევ ნეპოტიზმი, უთანასწორობა თუ სეგრეგაცია“.

თორნიკე შევარდნაძე პირად დაკვირვებასაც გვიზიარებს და ამბობს, რომ Gen-Z-ისთვის კიდევ ერთ ფაქტორს შეიძლება წარმოადგენდეს კულტურული მიკუთვნების გაზრდა დასავლეთისადმი.

„მოსწავლეების დიდი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვისაც ხელი მიუწვდება სათანადო ტექნიკაზე თუ ცოდნაზე, ვითარდება ასე ვთქვათ, დასავლური ყოველდღიურობით. ხშირად შემიმჩნევია, რომ მოსწავლეები, რომლებსაც არანაირი ინტერესი ან/და ინფორმაცია არ აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, ზედმიწევნით იცნობენ საერთაშორისო პოლიტიკის სიახლეებს“.

პირდაპირ ბაკალავრიატის საფეხურზე უცხოეთში სწავლის გაგრძელებისთვის განკუთვნილი პროგრამები ფაქტობრივად არ არსებობს. თუ სხვა შემთხვევებში სახელმწიფო ან საერთაშორისო დონორები აფინანსებენ მობილობას, პირდაპირ ბაკალავრიატის უცხოეთშივე დაწყების შესაძლებლობები, ძირითადად პირად ხარჯებთან არის დაკავშირებული.

განსაკუთრებული აკადემიური მიღწევების შემთხვევაში, ბევრი წამყვანი უნივერსიტეტი საგრანტო პროგრამებსა თუ ფასდაკლებებს სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს. თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტში ადგილობრივი ატესტატით ჩაბარება შეუძლებელია. ამ და სხვა საყურადღებო საკითხებს ეხება EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ჩვენი მეორე რესპონდენტი, თორნიკე დავითაშვილი, რომელიც DAAD-ის სტიპენდიით 2017 წლიდან ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს.

​​„ქართული სკოლის აბიტური, რასაც იღებს დამამთავრებელ კლასში ქართველი მოსწავლე, გერმანიაში არ არის აღიარებული. შესაბამისად, ვალდებული ვიყავი, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე გამევლო ჩემს არჩეულ სპეციალობაზე მორგებული აბიტური: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გერმანული. უნდა დამემტკიცებინა, რომ საქართველოში რა ნიშნებიც მქონდა ამ საგნებში, იქაც იგივე შედეგს ვაჩვენებდი. ასეც მოხდა და დავიწყე მედიცინაზე სწავლა“.

ბოლონიის პროცესის დამსახურებით, საქართველო და ევროკავშირი აღიარებენ ერთმანეთის საუნივერსიტეტო განათლებას, თუმცა როგორც ვხედავთ, ქართული უმაღლესი განათლების მიღების კრიტერიუმები გადასინჯვას ექვემდებარება. თორნიკე დავითაშვილის თქმით, ეს სერიოზული ბარიერია ქართველი სტუდენტებისთვის, რომ სკოლის მერე ყოველდგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე ჩაირიცხონ ევრუპულ უნივერსიტეტებში.

„მე რომ გერმანიაში მოვრჩები სწავლას, მაქვს უფლება, უკან დავბრუნდე და ყოველგვარი დასაბუთების და დამატებითი გამოცდის გარეშე დავიწყო საქმიანობა. მონაწილეობა უნდა მივიღო კონკურსში, როგორც რეზიდენტმა და ესეც ცალკე პრობლემაა, რადგან ძალიან ხშირ შემთხვევაში არის „ჩაწყობები“ რეზიდენტურის ადგილებზე და ადგილების რაოდენობაც შეზღუდულია. რეალურად, საქართველოს ჰყავს იმაზე მეტი მედიკოსი სტუდენტი, ვიდრე სჭირდება. ეს სფეროც არ არის დარეგულირებული. კონკურსი დიდია, რაც წესით კარგი უნდა იყოს, მაგრამ ათასობით ადამიანი ამთავრებს სამედიცინო უნივერსიტეტს და საკუთარ ქვეყანაში ცოდნის რეალიზებას ვეღარ ახდენს.“

თორნიკე პრობლემას ხედავს სარეზიდენტო პროგრამების აღიარებასთან დაკავშირებითაც, რადგან გერმანიაში შეიძლება, ისეთ სფეროში გაიაროს სტუდენტმა რეზიდენტურა, რომელიც საქართველოში ჯერ არც კი არსებობს. თუკი არსებობს პროგრამა, მაგრამ რიგი განსხვავებებია, მაშინ ამ განსხვავებების აღმოსაფხვრელად დამატებითი ჰოსპიტაციის გავლაა საჭირო.

„კარგი იქნებოდა, საქართველოს ეზრუნა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაზე. ასეთ შემთხვევაში ბევრად მარტივი იქნებოდა გერმანიში მაღალკვალიფიციური კადრებისთვის განათლების მიცემა ისეთ სფეროებში, რომელიც საქართველოში არ გვაქვს და მერე ამ კადრების უკან დაბრუნება და ამ სფეროებში ინიციატორად ქცევა, რაც ქვეყნისთვის და რეგიონისთვის დიდი წინსვლა იქნებოდა“.

ბაკალავრის საფეხურზე საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივა ლანა ფანცულაიას სრულიად შემთხვევით, საჯარო სკოლაში სწავლისას გაუჩნდა. ინგლისური კერძო სკოლა ეძებდა მსურველებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და მიუხედავად იმისა, რომ იქამდე წასვლაზე არასდროს უფიქრია, გადაწყვიტა, ბედი ეცადა.

„ორი წელი ბრიტანეთში ვისწავლე. სკოლაც იქ დავამთავრე. სკოლასა და კოლეჯს შორის არის გარდამავალი საფეხური A Level, რომელზეც ასე მარტივად ვერ მოხვდები საქართველოდან. მე მეათე კლასში გადავედი და შესაბამისად ქართული ატესტატი არ მაქვს“.

რადგან ბრიტანეთში უმაღლესი განათლება ძალიან ძვირია, ჩვენი რესპონდენტი სამშობლოში დაბრუნებაზეც ფიქრობდა, თუმცა როგორც მაშინ გაარკვია, ქართულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტის სტატუსით უნდა ჩარიცხულიყო და ადგილობრივ სტუდენტზე ბევრად მეტი გადაეხადა. სწორედ ამან უბიძგა ევროპის სხვა, რომელიმე ქვეყანაში გაეგრძელებინა სწავლა და ბუდაპეშტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარა.

„იმ პერიოდში რაც კი მოვიძიე გრანტები ან დაფინანსებები, არცერთის კრიტერიუმში არ ჩავჯექი. ვიცნობდი სტუდენტებს, რომლებიც საქართველოდან წამოვიდნენ და სულ უფასოდ სწავლობდნენ, მაგრამ რადგან მე საქართველოში სკოლა არ დამიმთავრებია, არაფერში ვჯდებოდი. მახსოვს, ეს სტიპენდიები რომ ავიღეთ დიდი ამბავი იყო. გაშუქდა, განათლების სამინისტროში მიგვიეწვიეს, ხელი ჩამოგვართვეს და გვეგონა, რომ რაღაც სასწაული შევძელით. მერე უცებ აღმოვჩნდით ძალიან გზააბნეულ სიტუაციაში. შეიძლება ახლა უფრო მეტი საშუალებაა და მაშინ არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მე ჰაერში გამოკიდებული დავრჩი. არც ევროპელ სტუდენტად აღვიქმებოდი და არც ქართველ სტუდენტად“.

დღეს ლანა უკვე დასაქმებული და ფინანსურად დამოუკიებელია. კითხვაზე, აპირებს თუ არა სამშობლოში დაბრუნებას ზუსტი პასუხი არ აქვს. რამდენჯერაც უკან დაბრუნებაზე უფიქრია, ყოველთვის აკვირდებოდა თავის მეგობრებს, როგორ უჭირდათ სამსახურის პოვნა გამოცდილების გარეშე. ამბობს, რომ სადაც არის, იქ ბევრად უფრო მეტი შანსია, დამსაქმებელმა შენი გამოუცდელობის მიღმა უდიდესი მოტივაცია დაინახოს და ნდობა გამოგიცხადოს.

თორნიკე დავითაშვილის თქმით კი, საქართველოში დაბრუნება ძალიან ბევრ სტუდენტს უნდა და დაბრუნდებიან კიდეც, თუ ექნებათ ღირსეული სამუშაო პირობები.

„როცა 6-7 წელი სწავლობ, მერე 6-7 წელი გჭირდება სპეციალიზაციისთვის, ცხოვრების ამხელა ნაწილს უთმობ სწავლას და განვითარებას, ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა იყოს. ამ პრობლემის გადაჭრა რთული არ არის, თუ იქნება ამის პოლიტიკური ნება. კორუფციისა და ნეპოტიზმის დაბალი მაჩვენებელი, მაღალი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე და თანაბარი შანსები.“

კითხვაზე თავად თუ აპირებს საქართველოში დაბრუნებას იმედიანად გვპასუხობს:

„მე, პირადად, ძალიან მინდა საქართველოში დაბრუნება. მაქვს ჩემი პირადი გეგმები საქართველოსთან მიმართებაში, ჩემი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე, ჩემი პირადი სურვილიც არის, რომ როცა მივიღებ განათლებას, რისთვისაც ვწვალობ და ვიბრძვი, მერე ეს განათლება ჩემს ქვეყანას მოვახმარო. წინ რა მოხდება და როგორ მოხდება არავინ იცის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩემი იდეალისტური ხედვა ასეთია“.

დასასრულს, თორნიკე შევარდნაძეს აზრი ვკითხეთ სტუდენტების დაბრუნების საქმეში სახელმწიფოს როლსა და ჩართულობაზეც:

„უნდა არსებობდეს ისეთი პროგრამები, რომლებიც საზღვარგარეთ განათლებამიღებულ ადამიანს პროფილურად, მიზნობრივად წაახალისებს. სახელმწიფოს მხარდაჭერით წასვლასა და აქ დაბრუნების ვალდებულებას ფორმალური ხასიათი აქვს. გასული წლების განმავლობაში, არასდროს განხორციელებულა სახელმწიფოს მხარდაჭერით წასული ახალგაზრდების მიერ მიღებული ცოდნის და მისი ადგილზე გამოყენების ეფექტურობის შეფასება. რაც გამოაჩენდა, რა ხარვეზები ან უპირატესობები გააჩნია ამ სისტემას. მხარდამჭერი სისტემის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო თავად უნდა სთავაზობდეს იმ შესაძლებლობებს, რაც ერთი მხრივ გააძლიერებს თავად ახალგაზრდას, მეორე მხრივ კი სახელმწიფო შეივსებს კვალიფიციური კადრების დეფიციტს იმ დარგებში თუ პოზიციებზე, რომლებიც პრობლემურად ესახება“.

ასევე იხილეთ:

განათლების სისტემის გამოწვევები მესამე მსოფლიოს ქვეყნებში

მოამზადა ქეთი ბახტაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური