GE

არ არის გამორიცხული, მე–12 კლასელებისთვის გამოცდები წელსვე გაუქმდეს – მინისტრის განმარტება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ  2019 წელს მე–12 კლასში გამოსაშვები გამოცდების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გადაიხედოს.

2019 წლის მე–12 კლასის მოსწავლეების მთავარ კითხვასა და საყვედურს, თუ რატომ არ მოიხსნა მათი გამოცდებიც მე–11 კლასის მსგავსად წელსვე, მინისტრმა ასე უპასუხა:

„ჩვენ უნდა გავიაროთ კიდევ ბევრი კონსულტაცია, მოსამზადებელია კიდევ ბევრი სამუშაო იგივე საკანონმდებლო დონეზე. ეს რეფორმა რეალურად ძალაში შედის 2020 წლიდან, ამიტომ შეეხო მე–11 კლასს. რაც შეეხება მე–12 კლასს, ეს, რა თქმა უნდა, სამსჯელო საგანია,  ექსპერტებთან, იგივე საკანონმდებლო  ორგანოსთან ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მიზანი ერთადერთი გვაქვს, რომ პირველ რიგში არ დავაზარალოთ რეფორმა, მეორე უკიდურესობა არ უნდა დაგვემართოს. ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, შეიძლება, რეალურად ნეგატიურად აისახოს პროცესზე, ამიტომ მოვახდინეთ წინასწარ სამსჯელოდ ყველა ინფორმაციის გამოტანა. კონსულტაციები გაგრძელდება ექსპეტებთან და კანონმდებლებთან ბევრი ცვლილება დაგვჭირდება ამ პერიოდისთვის. გადაწყვეტილება პირველ რიგში იქნება არა სისტემის დაზიანებისთვის, არამედ გაჯანსაღებისთვის  და თუ რაღაც რისკებთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ თითონ ვაჩვენებთ ამ რისკებს“, – განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც ცნობილია, კითხვები საკითხის შესახებ მინისტრთან საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელსაც აქვს და მასაც აინტერესებს, თუ რატომ შენარჩუნდა წელს ერთჯერადად მე–12 კლასის მოსწავლეებისთვის საატესტატო cat –ის გამოცდები. მარიამ ჯაში ამ თემაზე სასაუბროდ მინისტრთან შეხვედრასაც გეგმავს. აბიტურიენტებს კი საპროტესტო აქციები განათლების სამინისტროსთან აქვთ დაგეგმილი.

ამავე თემაზე:

მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები 2020 წელს გაუქმდება – როგორი იქნება ატესტატის გაცემის პრინციპი

ბატიაშვილის რეფორმა

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური