GE

„არ შეიძლება, რომ ეს საშინელება მოსწავლემ ჭამოს“ – რამ ჩაანაცვლა სკოლაში ჩიფსები და კოკა–კოლა

გასული წლის მაისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების რეალიზაცია აიკრძალა.

მოსწავლეების ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და მათი საჭირო ენერგიის მარაგით უზრუნველყოფის მიზნით, ბრძანებით აიკრძალა შემდეგი პროდუქცია: საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულისა, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი; ასევე მიზანშეწონილია სკოლის ბუფეტებში არ გაიყიდოს მაიონეზით შეზავებული პროდუქცია; სოკო ნებისმიერი ფორმით; დაკონსერვებული პროდუქტები; კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; გაზიანი სასმელები, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა და თერმულად დაუმუშავაბელი კვერცხი;

ამავე ბრძანების მიხედვით, სასურველია, სკოლის ბუფეტებში გაიყიდოს ჯანსაღი პროდუქტები, ისეთები როგორებიცაა: წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენი ან დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული იყოს კალციუმით), ჩაი, კაკაო, ხილი და ბოსტნეული.

მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტროს სამსახურთან (ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო) ერთად მონიტორინგი სკოლის ადმინისტრაციასაც ევალება, თუმცა EDU.ARIS.GE-სთვის მოსწავლეთა მშობლების მხრიდან ბოლო თვეების განმავლობაში გაჟღერებული ფაქტები ცხადყოფს, რომ აღნიშნული ჩანაწერის ჯეროვნად შესრულება არ ხდება, რაც არაერთ შემთხვევაში მოსწავლის დაზარალებით მთავრდება. მათ შორის არის მოწამვლის შემთხვევებიც.

„დღეს მომიწია ბუფეტში თავად შევსულიყავი და მესამე კლასელი შვილისთვის რაიმე შემეძინა. როგორც კი ბუფეტის სივრცეში შეხვალთ ისეთი საშინელი ცხიმის მძაფრი სუნია რომ უკვე ხვდებით, რა საშინელება შეიძლება მზადდებოდეს აქ ბავშვებისთვის. ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს ცომეულზე. ფენოვანს, ლობიანს, ჰოთ-დოგებს აკეთებენ და ისეთი ცხიმის სუნი დგას, ცუდად გავხდი და გამოვედი, სხვაგან წავედი საყიდლად. ისევ იძულებული გავხდი ბავშვისთვის საკვები სხვაგან შემეძინა, რომ ის არ ეჭამა, რასაც ბუფეტი სთავაზობს.

„ეს ცომეული ისეთი არაჯანსაღია, რომ ბავშვისთვის ნამდვილად არ შეიძლება რომ მან იყიდოს და ჭამოს. იყო პერიოდი, როცა მარტო ბულკებს აკეთებდნენ, მაგრამ ჯერ მარტო პიცაა ისეთი, ბავშვი თვითონ მეუბნება, ისეთი საზიზღარი პიცაა ვერ ვიტანო.

„ვცდილობთ, რომ სხვაგან ვიყიდოთ საკვები და ისე მივიტანოთ, სახლიდან საჭმლის წაღება არ უყვართ ბავშვებს. პირველ-მეორე კლასებში კიდევ ვცდილობდი, სახლიდან გამეტანებინა, მაგრამ ახლა აღარ მიაქვს, ამიტომ ვცდილობთ, სანამ სკოლაში მივალთ სხვაგან ვიყიდოთ და ის წაიღოს“, – ამბობს თბილისის მე–60 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი.

სხვა სკოლების მოსწავლეთა მშობლებიც სწორედ არაჯანსაღ ცომეულზე მიუთითებენ. მათთვისაც პრობლემას უხარისხო პროდუქტებით მომზადებული პიცა და ცომეულის ჭარბი ცხიმიანობა წარმოადგენს. და ამბობენ, რომ არ აქვთ გამოსავალი და მოქმედების გეგმა. არ იციან ვის მიმართონ ასეთ შემთხვევებში, განათლების სამინისტროს თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც საკვების ხარისხის შემოწმებაზეა პასუხისმგებელი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი გამოკითხული არაერთი სკოლიდან მხოლოდ ზოგიერთმა გაითვალისწინა მინისტრის ბრძანებაში მოცემული რეკომენდაცია სკოლაში ბოსტნეულის შეტანის შესახებ. როგორც 55-ე საჯარო სკოლაში გვითხრეს, ბუფეტში სხვა საკვებთან ერთად იყიდება ვაშლი და ბოსტნეულის ნაკრები, რომელშიც კიტრი, პომიდორი და ბულგარული შედის.

როგორ მუშაობის სკოლების მონიტორინგის სამსახური და რა დარღვევების გამოვლენა ხდება საკვების მხრივ, ამის დასადგენად EDU.ARIS.GE განათლების სამინისტროს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.

როგორც განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოში განმარტავენ, მინისტრის ბრძანების ამოქმედების შემდეგ მათ დარღვევის 5 შემთხვევა დააფიქსირეს და რეკომენდაციაც გასცეს.

„ზოგჯერ ინფორმაცია შემოდის სამინისტროს ცხელ ხაზზე და შესაძლოა, მშობლებმა თქვან და მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუმცა ძალიან ხშირ შემთხვევაში ასეთი რამე არ დასტურდება გადამოწმების შემდეგ. არის სკოლების გეგმიური და მოულოდნელი შემოწმებები. მინისტრის ბრძანების ამოქმედების შემდეგ იყო 5–მდე შემთხვევა და ერთი შემთხვევა იყო 2018 წელს, კონკრეტულად, ეს იყო 53–ე საჯარო სკოლა, სადაც იყიდებოდა ბრძანებით აკრძალული პროდუქცია. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული სამსახური სკოლაზე გასცემს რეკომენდაციას და 53-ე სკოლასაც მიეცა რეკომენდაცია, რის შემდეგაც აკრძალული პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღეს.“

„მსგავსი შემთხვევების დროს მშობლებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე სამინისტროში და დატოვოს ინფორმაცია, რომელსაც გადასცემენ შესაბამის სამსახურს და მოხდება რეაგირება“, – განგვიმარტეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

რაც შეეხება საკვების ხარისხიანობის დადგენას, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში EDU.ARIS.GE-ის განუცხადეს, საკვები პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში პირს საშუალება აქვს, დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე და შეატყობინოს კონკრეტული ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც სურსათის ეროვნული სააგენტო დაწესებულებას შეამოწმებს.

„ნებისმიერმა პირმა უნდა დარეკოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე – 1501 და დატოვოს შეტყობინება კონკრეტული ფაქტის შესახებ, რის შემდგომაც სურსათის ეროვნული სააგენტო შევა შესამოწმებლად. შეტყობინებიდან რამდენ ხანში ხორციელდება კონტროლი ამის ვერავინ დაგიკონკრეტებთ და არც არის სასურველი ამის თქმა“, – განცხადეს სააგენტოში.

მათივე თქმით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სააგენტიო ახორციელებს შემოწმებებს, როგორც გეგმიურად ისე არაგეგმიურად.

„გეგმიურად რამდენჯერ შევა სურსათის ეროვნული სააგნეტო შესამოწმებლად, ეს კანონით არ არის განსაზღვრული – წელიწადში ერთხელ იქნება თუ ორჯერ. თუმცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია, სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების შესახებ. არსებობს გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება, ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი და ა.შ.“, – გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სკოლის ბუფეტებში ზოგიერთი საკვების გაყიდვა აიკრძალება – სია

რა გაიყიდება და რა არა სკოლის ბუფეტებში – მინისტრის ბრძანება

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური