GE

„არაა აუცილებელი მთელი საქართველო დაასაქმოთ. ვინმემ, შეიძლება, არასწორად დაარეგისტრიროს“ – რჩევები პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის წინ

„ასე საკუთარ მისაღებ გამოცდებზეც კი არ მინერვიულია“- ამ წინადადებით დაიწყო EDU.ARIS.GE-სთან საუბარი დედამ, რომლის შვილიც, წელს, სკოლაში შედის და რომელსაც სულ რაღაც ორ დღეში საყოველთაო რეგისტრაციის ორომტრიალი ელის. დაახლოებით იგივე გვითხრეს ჩვენმა სხვა რესპონდენტებმაც, რომელთა შვილების და შესაბამისად, მათ ცხოვრებაში, ახლა, იგივე ეტაპია – დრო, როცა საბავშვო ბაღი დაასრულეს და სკოლაში შესასვლელად ემზადებიან.

მომავალი პირველკლასელების ოჯახები 8 ივნისის მოლოდინში არიან. რეგისტრაცია სწორედ ამ დღეს, დილის 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გასტანს.

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

ერთი შეხედვით, დრო საკმარისია, რათა იმ რამდენიმე ათეული ათასი პატარის დარეგისტრირება მოესწროს, რომლებიც სკოლის მერხებს წელს პირველად მიუსხდებიან. თუმცა, ყველამ იცის, რომ სინამდვილეში, სასურველ სკოლაში მოსახვედრად მხოლოდ წუთები გაქვს. უფრო სწორად – წამები. ჩვენს რესპონდენტებსაც მობილიზებული აქვთ ძალები და მობილიზებული ჰყავთ ახლობლებიც, რათა წარმატებული რეგისტრაციის ალბათობა გაზარდონ. თუმცა, თბილისის და სხვა დიდი ქალაქების სკოლებში ადგილები, მათი სიუხვის მიუხედავად, იმდენად სწრაფად ივსება, რომ მშობლებისა და მათი მეგობრების სიმარჯვესთან ერთად საქმეში ცოტაოდენი იღბალიც თუ არ ჩაერია, ბავშვის იმ სკოლის მიღმა დარჩება, რომელიც შეურჩიეს. სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად უკვე გამოცდილი დედები ახალბედებს საჭირო ხრიკებს უზიარებენ, რომელთაც სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ.

მომავალი პირველკლასელების მშობლებს ვკითხეთ ისიც, თუ როგორ შეარჩიეს სკოლა მათი შვილებისთვის და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს ამ პროცესში. როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი სკოლის ადგილმდებარეობა და სახლთან სიახლოვე იყო. არჩევანის გაკეთებისას ასევე ითვალისწინებდნენ სკოლის დირექტორის მსოფლმხედველობასა და მიდგომებს, მასწავლებლების კომპეტენციასა და ბავშვების მიმართ დამოკიდებულებას, შენობის შიდა და გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებულობის ხარისხს, უსაფრთხოებას და ა.შ.

მონიკა ლეთანძე ექვსი წლის ანამარიას დედაა. ანამარია, სექტემბრიდან, პირველკლასელი ხდება და მონიკა მის დარეგისტრირებას თბილისის #177 საჯარო სკოლაში გეგმავს, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ ამას შეძლებს. ამბობს, რომ სკოლის შერჩევის პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად რამდენიმე თვე დასჭირდა და ამ დროის განმავლობაში სკოლაზე მაქსიმალური ინფორმაცია მოიძია.

„სკოლაში, ბავშვი, უმნიშვნელოვანეს 12 წელს ატარებს. ამიტომ, ძალიან რთულია სწორად შეარჩიო გარემო, სადაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები გაიზრდებიან, აღიზრდებიან, განვითარდებიან და პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან. თვეებია ერთგვარ „გამოძიებას“ ვატარებ ახლომდებარე სკოლებთან დაკავშირებით. სკოლის შერჩევის პერიოდში აუცილებლად ვითვალისწინებ ყველა ფაქტორს: სკოლის მდგომარეობას, უსაფრთხოებას, დაცულობას, იერსახეს, ეზოს მოწესრიგებულობას, კომფორტულ გარემოს, პერსონალს. პირადად გავიცანი დირექტორი, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. არ მაქვს მოლოდინი, რომ სკოლა უნაკლო და იდეალური იქნება. თანამედროვე სამყაროში არავინ ვართ დაცულები ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა თუნდაც ბულინგი, რაც სკოლებში ასეთი გავრცელებულია, მაგრამ მაინტერესებდა რა რეაგირებას მოახდენდნენ მსგავს სიტუაციაში მასწავლებელი, დირექტორი. ამიტომ, მისი პირადად გაცნობა და ამ საკითხებზე შეხედულებების გაზიარება, ჩემთვის, მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, უდიდესი როლი ენიჭება მასწავლებელს, მის მიდგომას, პროფესიონალიზმს, ბავშვებთან ურთიერთობას. სასურველ სკოლაში უკვე მყავს ჩემი ფავორიტი მასწავლებელი, ვის კლასშიც ჩემი შვილის მოხვედრას ვისურვებდი. მჯერა, საცხოვრებელ არეალში არსებულ სკოლებთან შედარებით უკეთესი ავირჩიე და იმედი მაქვს, ჩემს მოლოდინს გაამართლებს“,- ამბობს მონიკა.

სასკოლოდ ემზადება ვერიკო ტარუაშვილის შვილი, გიორგი, რომლისთვისაც მშობლებმა თბილისის N47 საჯარო სკოლა შეარჩიეს. ვერიკო ამბობს, რომ შერჩევის პროცესში გადამწყვეტი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. პირველი – სკოლის საცხოვრებელთან ახლოს და კომფორტულ ადგილზე მდებარეობა იყო. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ახლობლების რეკომენდაციები სკოლის დირექტორის ავტორიტეტთან, სწავლების, დისციპლინის და მოსწავლეთა კონტინგენტის საკითხებთან დაკავშირებით. ბოლოს კი, მისი ყურადღება სკოლის შენობამ და გამართულმა ინფრასტრუქტურამაც მიიქცია.

„სკოლის შერჩევის დროს თავიდანვე საცხოვრებელთან ახლომდებარე ვარიანტებს განვიხილავდი და ფაქტობრივად, ორი შესაძლებლობა მქონდა – პირველი კლასიკური გიმნაზია და 47-ე საჯარო სკოლა, თუმცა მეგობრებისა და განათლების სისტემაში კომპეტენტური პირების რჩევის საფუძველზე, არჩევანი 47-ე სკოლაზე მარტივად შევაჩერე“ – გვეუბნება ვერიკო.

ელის, რომ საყოველთაო რეგისტრაციით სასურველ სკოლაში მარტივად მოხვდება, რადგან ვაკანტური ადგილების რაოდენობა არც ისე მცირეა. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის ფიქრობს სხვა ვარიანტებზეც, იმავე უბანში.

ჩვენს კითხვაზე თუ რა მოლოდინი აქვს რეგისტრაციასთან დაკავშირებით და როგორ ემზადება ამ საპასუხისმგებლო და კონკურენტული ეტაპისთვის, ვერიკო გვპასუხობს: „ვცდილობ, ვიყო მობილიზებული და წინასწარ გამზადებული მქონდეს ყველა ის მონაცემი, რაც დარეგისტრირებისთვისაა საჭირო. რჩევა ვკითხე მეგობრებსაც, რომლებმაც გასულ წლებში იგივე პროცესი გაიარეს. ასევე, რეგისტრაციისას ვაპირებ ჩავრთო მეგობრები და ახლობლები, რათა ბევრი ადამიანის მცდელობის შედეგად სასურველ სკოლაში მოხვედრის შანსები გავზარდო.”

მადლენა მაჭარაშვილის გოგონასთვის, ანასთვის, ბევრი ფიქრის შედეგად, თბილისის 167 -ე საჯარო სკოლა შეარჩიეს, სადაც ანას მამა და ოჯახის არაერთი ახლობელი სწავლობდა. მადლენა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ აღმოჩნდა. ინფორმაცია არაერთი სკოლის შესახებ მოიძია, მათ შორის კერძო სკოლებზეც. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისთვისაც სკოლის სიახლოვე იყო და ასევე, პედაგოგი, რომელიც ბავშვს ცხოვრების ახალ ეტაპზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

„თვეების განმავლობაში ვიკვლევდი და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მაქვს იმ პედაგოგების შესახებ, რომლებიც ამ სკოლაში, წელს, პირველკლასელებს მიიღებენ. ტერიტორიული პრინციპი იმიტომაც მგონია მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს დრო და რესურსი დაეზოგება. ანუ, არ მოუწევს დილით ძალიან ადრე ადგომა, გზაშიც არ დაიღლება და პირველ გაკვეთილზე უფრო ხალისიანი მივა. რომ არა “შორი გზის” ფაქტორი, შესაძლოა, სხვა სკოლაც შემერჩია. მაგალითად, ჩემს სამსახურთან ახლო, ან სხვადასხვა პოპულარულ კერძო სკოლებს შორის. რაც #167 სკოლა შევარჩიე, სათადარიგო სკოლაზე აღარც მიფიქრია. თუ დარეგისტრირებისას პრობლემა შეიქმნება, სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებ“ – ამბობს მადლენა.

პატარა ლაზარეს დედამ, თაკომ თადარიგი უკვე დაიჭირა და შვილი თბილისის #20 საჯარო სკოლაში, პირველი ეტაპით დაარეგისტრირა, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციას გულისხმობს. ამბობს, რომ გადაწყვეტილება ბოლო წუთს მიიღო და თუ რა გაითვალისწინა ამ პროცესში, ამის შესახებ დეტალურად გვესაუბრა:

„პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორი დისტანცია იყო. კვლევებსაც კი გავეცანი იმის შესახებ, თუ რა დროის გატარება შეუძლია ბავშვს გზაში ისე, რომ მოტივაცია არ დაკარგოს. 150-ე საჯარო სკოლასაც განვიხილავდი, მაგრამ გზაში გატარებული დროისთვის შემეცოდა. შერჩევის შემდეგი კრიტერიუმი სკოლის ეზო გახლდათ. ეზო არ ყოფილიყო გზასთან ახლოს და უნდა ჰქონოდა შიდა სივრცე. რეგისტრაცია თავად სკოლის ადმინისტრაციამ გაიარა, შემავსებინეს კითხვარი და პორტალზეც თავად ატვირთეს”- გვიყვება თაკო.

სანდროც მომავალი პირველკლასელია, რომლისთვისაც დედამ, სალომე კალანდაძემ კერძო სკოლა შეარჩია. გადაწყვეტილების მიღება, სალომესთვის, რთული არ ყოფილა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ძირითადად რეკომენდაციების მიხედვით, კერძო და საჯარო სკოლების ვარიანტები განიხილა და საბოლოო არჩევანიც გააკეთა. შედეგად, უკვე რამდენიმე თვეა სკოლაში რეგისტრაციის პროცედურები დასრულებული აქვს. მთავარი მიზეზი, რის გამოც კერძო სკოლაზე შეჯერდა, იყო ის, რომ საჯარო სკოლები არ იძლევიან საშუალებას დასაქმებულმა მშობლებმა ბავშვის სკოლაში ტარება დამხმარე ადამიანის გარეშე შეძლონ.

„პირველ რიგში, ჩემი მეგობრების რეკომენდაციები გავითვალისწინე. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფასი იყო – საშუალო ფასის კარგ სკოლას ვეძებდი. დირექტორთან გასაუბრების შემდეგ ყველაფერი საკმაოდ მისაღები აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სკოლას აქვს აუზი და სხვადასხვა აქტივობები, ამიტომ ბავშვის დამატებით დატვირთვა, სხვადასხვა წრეებზე ტარებით, არ მომიწევს. შერჩეული სკოლა არც ისე ახლოა ჩვენს სახლთან, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლას საკუთარი ტრანსპორტი ჰყავს, ვფიქრობ, ბავშვის სიარული დიდი პრობლემა არ იქნება. იყო შემთხვევა, როცა ძიების პროცესში ერთ-ერთი სკოლა მომწონდა და რადგან ჩვენი სახლიდან იქამდე საკმაოდ გადატვირთული საგზაო მოძრაობაა, თავი შევიკავე“,- ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას სალომე.

იმ წლების განმავლობაში, რაც საყოველთაო რეგისტრაცია მოქმედებს, მშობლებმა უკვე გამოიმუშავეს ხერხები, რომლებმაც, შესაძლოა, გაამარტივონ პროცესი, სადაც ყველაზე მთავარი იარაღი სისწრაფეა. ირინე არდაშელიამ და ქეთო იობაშვილმა ეს ყველაფერი შარშან გაიარეს. წელს კი „ახალბედა დედებს“ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებულ რჩევებს უზიარებენ:

  • სასურველია, დაარეგისტრიროს ნდობით აღჭურვილმა ადამიანმა და არა მშობელმა, რადგან მშობელი, ემოციური მდგომარეობის გამო, ხშირ შემთხვევაში, შენელებული და დაბნეულია;
  • წინასწარ გაეცანით სარეგისტრაციოს ფორმას, თვალი ეჩვევა;
  • ცალკე ფურცელზე ამოიწერეთ ინფორმაცია მშობლის პირადობის მოწმობიდან და ბავშვის დაბადების მოწმობიდან, ასევე მშობლის ტელეფონის ნომერი;
  • კარგად გადაამოწმეთ საკუთარი სახელი პირადობაში. მაგალითად, მამას თუ ეძახით დავითს, პირადობაში აღმოაჩენ, რომ დავითი წერია. ერთი ასო კი უამრავ დროს გიკარგავს, რადგან სისტემა უკან გაბრუნებს;
  • არაა აუცილებელი მთელი საქართველო დაასაქმოთ. ვინმემ, შეიძლება, არასწორად დაარეგისტრიროს;
  • 9-ის ნახევრიდან მიუსხედით კომპიუტერებს. საიტზე დროის ათვლა 8 საათიდან იწყება და 9-ზე, როცა ბაზები გაიხსნება, მზად იქნებით მონაცემები მარტივად აკრიფოთ;
  • არ დანებდეთ, თუკი პროგრამა პირველივე წუთს გაიჭედება;
  • შეგიძლიათ გამოტოვოთ მეილი, რომელიც არაა სავალდებულო და ჩაწერაში, შეიძლება, შეგეშალოს კიდეც;
  • შეიმუშავეთ გეგმა ბ – თუ არჩეულ სკოლაზე დიდი მოთხოვნაა, ალტერნატიული სკოლის მონაცემები, ფურცელზე ჩამოწერილი, გამზადებული გქონდეთ, რათა თუკი #1 ვარიანტად შერჩეულ სკოლაში ადგილები უცებ ამოიწურა, მეორე სკოლის მონაცემების მოძიებაზე დრო აღარ დაკარგოთ და უცებ შეავსოთ;
  • თუ სასურველ სკოლაში მაინც ვერ მოხვდებით, სჯობს საერთოდ არ დაარეგისტრიროთ და მეოთხე ეტაპით მიხვიდეთ, რადგან სხვა სკოლიდან გადაყვანა უფრო მეტ დროს მოითხოვს.

EDU.ARIS.GE მშობლების ფასდაუდებელ პრაქტიკას პატივს სცემს, მაგრამ ბევრი ადამიანის ჩართულობით რეგისტრაციის გავლა არ უცდია 🙂

წელს პირველკლასელი 60 000-მდე ბავშვი გახდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm