GE

არაქართულენოვანი აბიტურიენტების ნაწილმა თემის დაწერაზე უარი თქვა – „ზოგიერთი სიტყვის შინაარსს სულ ვერ ვიგებდი“

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა რთული აღმოჩნდა რუსულენოვანი აბიტურიენტებისთვის. როგორც ისინი EDU.ARIS.GE– თან საუბრისას აღნიშნავენ, ყველაზე მეტად ტექსტის რედაქტირება გაუჭირდათ, თუმცა ბევრია ისეთი, ვინც თემის დაწერაზეც უარი თქვა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსულენოვანი აბიტურიენტების ნაწილს თემა არ დაუწერია, ნაწილს კი ესე, მათ გამოცდის დასასრულებლად მაინც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ. უმეტესობამ საგამოცდო პროცესი მის დასრულებამდე 15-20 წუთით ადრე დატოვა.

„ყველაფერი დავწერე თემის გარდა, თუმცა ტექსტის რედაქტირებაც გამიჭირდა. მით უმეტეს რომ არ ვიცოდი რამდენი შეცდომა იყო. მგონი, იმაზე მეტი გავასწორე, ვიდრე საჭირო იყო“,- გვითხრა იგორმა.

„ძალიან რთულია ქართული ენა, განსაკუთრებით ლიტერატურა. იყო სიტყვები, რომლის შინაარსის გაგებაც კი გამიჭირდა. ვფიქრობ, ესე ყველაზე კარგად დავწერე. თემა საშინელება იყო, მიუხედავად იმისა, რომ „კაცია-ადამიანი?!“  ნაცნობი ტექსტი იყო,  საშინელი მონაკვეთი იყო მოსული და გამიჭირდა. ტექსტის რედაქტირებაზე ვერაფერს გეტყვით, მგონი იმაზე მეტი შეცდომა ვიპოვნე, ვიდრე იყო, ყველაფერი შეცდომად მეჩვენებოდა“,- ამბობს 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული კიდევ ერთი აბიტურიენტი.

„ტესტებს რაც შეეხება ვერ გეტყვით რომ მარტივი იყო. თემა გამიჭირდა აღარ დავწერე დრო არ დავკარგე. კითხვებზე პასუხები, ესე და რედაქტირება დავწერე, თუმცა არ ვიცი რამდენად კარგად, კმაყოფილი არ ვარ მაგრამ რას ვიზამ…”,,- გვითხრა ლანამ.

საგამოცდო ცენტრიდან გამოცდის დასასრულს გამოსული აბიტურიენტების ნაწილი უკმაყოფილებას კონდიციონერის გამოც გამოთქვამს.

„ზოგს ციოდა და დამკვირვებელს ეუბნებოდნენ მაღალ ტემპერატურაზე ყოფილიყო კონდიციონერი. წინ ვინც იჯდა მათ ზურგზე უბერავდა, მაგრამ უკან ვინც ვისხედით, იმათ ნამდვილად ძალიან გვცხელოდა“.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აბიტურიენტი – „ჩემთვის ძალიან რთული გამოცდა იყო“

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური