GE

თანხების მითვისებისა და საზღვარგარეთ მყოფი მოსწავლეების შეფასებისთვის საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის დირექტორი გივი ჯავახაძე განათლების მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზი არარსებული მოსწავლეებისათვის შეფასების მიცემა და ბიუჯეტის თანხის მითვისება გახდა.

“გივი ჯავახაძის და 38-ე სკოლის წინააღმდეგ დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო დავა, რადგან დირექტორი ერთ-ერთ პედაგოგს ავიწროვებდა. აღმოჩნდა, რომ სკოლაში იყო სავარაუდო დარღვევები. კერძოდ, იურისტთა ასოციაციამ გაარკვია, რომ სკოლის დირექტორი შეფასებას აძლევდა ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებოდნენ. საუბარია სამ მოსწავლეზე, რომელთაც 2015 წელს გადაკვეთეს საზღვარი, წავიდნენ სხვა ქვეყანაში და 2017 წელს დაბრუნდნენ უკან. ამ ბავშვებზე სკოლის დირექტორი წერდა ბრძანებებს. პროცესში აქტიურად იყო ჩართული სასწავლო ნაწილი. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, განათლების მინისტრმა სამეურვეო საბჭოს დაავალა დირექტორის მოხსნა, რაც საბჭომ არ გააკეთა და ამის შემდეგ ისევ ჩვენი წერილის საფუძველზე, დირექტორი განათლების მინისტრმა გაათავისუფლა,”- ამბობს იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ჭელიძე.

მისივე თქმით, სკოლის უკვე ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

წყარო: topnews.com.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური