GE

უსაფრთხოების ნორმები და მკაფიო ინსტრუქციები – არასაკლასო საგაზაფხულო აქტივობები უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის

ცივი ზამთრიდან გაზაფხულის სეზონზე გადასვლის პერიოდი ყველაზე მეტად მოსწავლეებს ახარებთ, რადგან თბილ ამინდებში მათ საკლასო ოთახიდან სკოლის ეზოსა თუ სტადიონზე გადანაცვლების შესაძლებლობა ეძლევათ.

როგორც წესი, დაწყებით საფეხურის მოსწავლეებისგან განსხვავებით, უფროსკლასელებისთვის შედარებით რთულია, ისე ჩაერთონ არასაკლასო აქტივობებში, რომ ინტერნეტსაც მოწყდნენ და განსხვავებულ გარემოში გატარებული დროც პროდუქტიულად გამოყენონ.

EDU.ARIS.GE უფროსკლასელთა პედაგოგებისთვის საინტერესო აქტივობების გაზიარების მიზნით, საჩხერის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ნინო გაფრინდაშვილს ესაუბრა.

– პირველ რიგში, გკითხავთ, რამდენად მნიშვნელოვანია გაზაფხულის სეზონზე არასაკლასო გაკვეთილების დაგეგმვა უფროსკლასელებისთვის და არამხოლოდ?

– მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ და იზიდავთ განათლების მიღება არაფორმალურ გარემოში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არდადეგების პერიოდია და მოსწავლეებს აქვთ ბევრი თავისუფალი დრო. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ეს თავისუფალი დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარონ, მიიღონ განათლება არაფორმალურ გარემოში. არაფორმალური განათლება კი გულისხმობს სწავლების პროცესის განხორციელებას არასაგაკვეთილო დროსა და განსხვავებულ გარემოში, რომელიც ნებაყოფლობითია. არაფორმალური განათლების მიზანია მოსწავლეებისათვის ფასეულობების გაცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენება, დემოკრატიული ცხოვრების წესისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გამომუშავება, ფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. ამგვარი არაფორმალური განათლება შეიძლება მოიცავდეს ისეთ არასაკლასო აქტივობებს, როგორიცაა კლუბური მუშაობა, საზაფხულო სკოლები, ბანაკები, ახალგაზრდული ცენტრები და ა.შ. არაფორმალური სწავლებისას, მოსწავლეები სწავლების აქტიური მონაწილეები არიან, რადგან აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ მათთვის საინტერესო საკითხებს, თანატოლებთან ერთად გამართონ დისკუსიები, დებატები, პრეზენტაციები. მოაწყონ ფილმის ჩვენება და განხილვა, როლური თამაშები, სიმულაციები და ა.შ

– სად ტარდება ამ ტიპის გაკვეთილები ძირითადად?

– არასაკლასო აქტივობების განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის ფიზიკური გარემოა, სადაც პროცესი მიმდინარეობს. ძირითადად, სკოლის ეზოს ვიყენებთ. გაზაფხულზე, როდესაც დათბება და ირგვლივ სიმწვანეა, ეს მოსწავლეებში კარგ განწყობას ქმნის, ღია სივრცეში თავს თავისუფლად გრძნობენ, არიან თავდაჯერებულები და მოტივირებულები. აქტივობების შესაბამისად, შესაძლებელია, გამოყენებული იყოს სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი, საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზიც გამოგვიყენებია.

– გვესაუბრეთ იმ წესებზე, რომელიც უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა, როცა არასაკლასო გაკვეთილს გეგმავს

რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რაც მასწავლებელმა ასეთი არაფორმალური აქტივობების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს არის:

  1. დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები;
  2. აქტივობების დაგეგმვის დროს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მონაწილეთა ასაკი და ინტერესები;
  3. პროცესი დატვირთული უნდა იყოს პრაქტიკული აქტივობებით, რომელიც ფიზიკურ მოძრაობებსაც მოითხოვს;
  4. მოსწავლეებისთვის გაცემული ინსტრუქციები უნდა იყოს მკაფიო და ყველასათვის გასაგები;
  5. ყოველი აქტივობის ბოლოს უნდა გაკეთდეს შეჯამება.

– გააცანით კოლეგებს არასაკლასო აქტივობა ინსტრუქციით, რომელსაც გაზაფხულის პერიოდში, ბუნებაში ჩაატარებდით

აქტიური ჯგუფური თამაში „ბრძოლა უფლებებისთვის“

15 მოსწავლიდან 3 მოსწავლეს კონკრეტული ფუნქციები უნდა მივანიჭოთ. მასწავლებელი ითავსებს კოორდინატორის ფუნქციას, 1 მოსწავლე ცენტრალური პუნქტის ფუნქციას და 1 იქნება მონადირე. 5 მოსწავლე იქნება ბარათის მფლობელი და 8 მოსწავლე იქნება უფლებების მაძიებელი.

მომზადება: წინასწარ მოვამზადოთ ფერად ბარათებზე ამობეჭდილი ადამიანის უფლებები. თითოეული უფლება გავჭრათ შუაზე, პირველი ნახევრები ურიგდებათ ბარათის მფლობელ მოსწავლეებს რომლებიც უნდა განაწილდნენ ეზოში, ხოლო მეორე ნახევრები ცენტრალურ პუნქტში განვათავსოთ.

მითითებები:

1. აქტივობა იწყება და მთავრდება ცენტრალურ პუნქტში, სადაც მოსწავლეებს დეტალურად ვაცნობთ ინსტრუქციებს. მოსწავლეებს ვუცხადებთ, რომ საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადებულია და უნდა იმოქმედონ. დაიკარგა ადამიანის 20 უფლება და შეიძლება, სამუდამოდ გაქრეს ეს უფლებები. თუმცა მოხერხდა ამ 20 უფლების ნახევრების მოძებნა. ბავშვების ამოცანაა, იპოვნონ მეორე ნახევრები და სრულად აღადგინონ უფლებები. მათ ყველა უფლების გამთლიანება უნდა მოახერხონ და ასე დაამარცხონ მონადირე, რომელიც საშიშროებას უქმნის ბავშვის უფლებებს.

2. განსაზღვრეთ თამაშის ხანგრძლივობა- 30 წუთი მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის. განუსაზღვრეთ სათამაშო სივრცის ფარგლები, შეთანხმდით ხმოვან სიგნალზე, რომლითაც თამაშის დაწყებას და დასრულებას შეატყობინებთ.

3. წამყვანი, რომელიც ცენტრალურ პუნქტშია, ბარათის მფლობელ მოსწავლეებს წინასწარ ურიგებს გაჭრილი ბარათების პირველ ნახევრებს (თითოეულს 4ცალს). მეორე ნახევრებს კი თამაშის მიმდინარეობისას დანარჩენ მონაწილე მოსწავლეებს, რომელთა მიზანია, იპოვონ თავიანთი უფლების ყველა პირველი ნახევარი და გაამთლიანონ უფლებები.

4. როდესაც მოსწავლეს ბარათის ორივე ნახევარი ექნებათ, უნდა მიიტანონ ცენტრალურ პუნქტში. ცენტრალურ პუნქტში წამყვანი ამოწმებს გამთლიანებულ უფლებას და ამაგრებს უფლებების კედელზე, მონაწილეს კი ახალი ბარათის ნახევარს ატანს.

5. გააცანით ბავშვებს ბარათის მფლობელის როლი: ბარათის მფლობელ მოსწავლეებს უფლებების ბარათების დაკარგული ნახევრები აქვთ. ისინი სათამაშო სივრცის სხვადასხვა ადგილებზე არიან გადანაწილებული. მონაწილეები უნდა მივიდნენ ბარათის მფლობელ მოსწავლესთან და უნდა აჩვენონ თავიანთი უფლების ნახევარი, თუ ბარათის მფლობელ მოსწავლეს მონაწილის ბარათის ნახევარი აქვს, აძლევს მას და მონაწილეს გამთლიანებული უფლება მიაქვს ცენტრალურ პუნქტში, შემდეგ იღებს ახალი ბარათის ნახევარს და თავიდან იწყებს მისი ნახევარი უფლების მოძებნას. და თუ ბარათის მფლობელ მოსწავლეს არ აქვს მონაწილის ბარათის ნახევარი, მაშინ ის სხვა ბარათის მფლობელთან უნდა მივიდეს და თავისი უფლების ნახევარი მოძებნოს.

6. გააცანით მონაწილეებს მონადირის ფუნქცია და „სანადირო სეზონის“ სისტემა. სანადირო სეზონის დაწყებას და დასრულებას მონაწილეებს საყვირით აცნობებს კოორდინატორი მასწავლებელი. სანადირო სეზონის დროს მონადირე ცდილობს მონაწილეების დაჭერას და უფლებების წართმევას. ყოველი დაჭერის დროს მონადირე მონაწილის უფლების ბარათს კიდევ შუაზე ხევს, ერთ ნაწილს მონაწილეს უტოვებს მეორე ნაწილი კი თვითონ მიაქვს და ბარათის მფლობელ მოსწავლეს აძლევს. ასე რომ მონადირის მიერ ყოველი მონაწილის დაჭერის შემდეგ თამაში უფრო რთულდება და ძნელდება უფლებების გამთლიანება.

7. უთხარით მონაწილეებს, რომ ერთადერთი უსაფრთხო ადგილი, სადაც მონადირე მონაწილეს ვერ დაიჭერს, არის ის ადგილი, სადაც ბარათის მფლობელი მოსწავლის გაწვდილი ხელი მოგწვდებათ.

8. დაიწყეთ თამაში საყვირის გამოყენებით: მონაწილეები დაიწყებენ სირბილს სათამაშო მოედანზე, რათა მოძებნონ ბარათის მფლობელი მოსწავლეები და შეძლონ დაკარგული უფლების პოვნა… თამაში დასრულდება, როდესაც ყველა უფლება გამთლიანდება და გამოიკვრება უფლებების კედელზე, ან ამოიწურება თამაშისთვის განკუთვნილი დრო.

9. თამაშის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს სავარჯიშოს გახილვა და შეფასება. მონაწილეები სხდებიან წრეზე.

ჩემი რეკომენდაცია მასწავლებლებისთვის ასეთია:

ა) განიხილეთ სავარჯიშო შემდეგი კითხვების გამოყენებით: რა მოხდა თამაშის დროს? რომელი მომენტები იყო ყველაზე ამაღელვებელი? გქონდათ თუ არა კონკრეტული სტრატეგია? რას ფიქრობთ ამ სავარჯიშოზე? და ა.შ

ბ) დაუკავშირეთ ეს სავარჯიშო ადამიანის უფლებებს შემდეგი კითხვების გამოყენებით: რას ნიშნავს, როდესაც ვამბობთ „ჩვენ გვაქვს უფლება, რომ…? როგორ ფიქრობთ, ეს უფლებები საყოველთაოა? მთელ მსოფლიოში იცავენ მას? ვინ შეიძლება იყოს „მონადირე“ და „ბარათის მფლობელი“ რეალურ ცხოვრებაში? რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ამ უფლებებით?

ასევე იხილეთ:

როგორი უნდა იყოს კარგად ორგანიზებული მოსწავლეთა ზეპირი გამოკითხვა – ინსტრუქცია კოლეგებისთვის

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური