GE

როგორი უნდა იყოს კარგად ორგანიზებული მოსწავლეთა ზეპირი გამოკითხვა – ინსტრუქცია კოლეგებისთვის

იმისთვის, რომ მასწავლებელმა სამართლიანად შეაფასოს მოსწავლეთა ცოდნა, იყოს ობიექტური და არავის დაუტოვოს უსამართლობის განცდა, აუცილებელია, რომ შეფასებისთვის ადეკვატური მეთოდი შეარჩიოს, რომელიც გარკვეული წესებისა და პროცედურების დაცვას მოითხოვს. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული მეთოდი პედაგოგებისთვის ზეპირი გამოკითხვაა. იმისთვის, რომ გამოკითხვის ეს ფორმა მოსწავლეებისთვის სანდო იყოს, პედაგოგებს გარკვეული წესების ცოდნა მოეთხოვებათ.

EDU.ARIS.GE შეეცადა, რომ გაერკვია, როგორ უნდა მოვაწყოთ სანდოობაზე დაფუძნებული ზეპირი გამოკითხვა. თემაზე ვესაუბრეთ კასპის მუნიციპალიტეტის, გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს ვიკა შაქარაშვილს.

– პირველ რიგში, გვითხარით, რა არის ზეპირი გამოკითხვა და როდის შეუძლია პედაგოგს მისი ჩატარება?

– ზეპირი გამოკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში, თუმცა, არა ისეთი, როგორიც თუნდაც ჩემს ბავშვობაში იყო. 25 ბავშვიდან მასწავლებელი გაკვეთილს აყოლებდა 2 ბავშვს და მათ ტექსტიდან არაფერი უნდა გამორჩენოდათ. ეს ძალიან ცუდი მეთოდია, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია, ყველა ბავშვი ჩართო და გამჰოკითხო ამ მომენტში. სასწავლო გარემო მორგებული უნდა იყოს მოსწავლეზე და მის შესაძლებლობაზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, წერილობითი გამოკითხვა იქნება თუ ზეპირი, აუცილებლად გითვალისწინო ყველა მოსწავლე. ზეპირი გამოკითხვა არის მოსწავლის ინდივიდუალური შეფასების ფორმა, რომელიც ამოწმებს ცოდნას, თხრობის, პრეზენტაციის და კითხვებზე რელევანტურ და ლოგიკური პასუხების გაცემის უნარს. ზეპირი გამოკითხვა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩატარდეს, თუმცა, უმჯობესი და მირებულია, რომ ეს გაკვეთილის ბოლოს იყოს. გავარკვევთ, რა სიახლე გაიგო მოსწავლემ, რა საკითხში იყო მნიშვნელოვანი, რა სირთულე შეხვდა, როგორ გაიგო საკითხი. მასწავლებელს შეუძლია, რომ ეს ხერხი საკუთარი თავის შეფასების დროსაც გამოიყენოს. გაარკვიოს – რა მიაწოდა ბავშვებს, რის გაკეთება შეეძლო სხვანაირად, როგორ შედეგს მიაღწია, გავიდა თუ არა ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზანზე.

– რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა, როცა ზეპირ გამოკითხვას გეგმავს?

– პირველ რიგში, აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ ზოგადად კლასი და მათი შესაძლებლობები. მე ვიზიარებ აზრს, რომ სასწავლო პროცესის ცენტრში არის მოსწავლე და მისი შესაძლებლობა და არა მე, მასწავლებელი. შესაბამისად, აუცილებელია, მოსწავლე ცოდნის კონსტრუირებაში, მის შენებაში თავად იღებდეს მონაწილეობას. ყველა ხერხი, რომელსაც პედაგოგი იყენებს იქნება ეს ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი დისკუსია თუ სხვა, უნდა იყოს ამ მიზნისკენ მიმართული. აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება. კარგად უნდა ვიცნობდე ყველა ბავშვს, ყველა განსხვავდება. ასაკობრივი თუ ინდივიდუალური თავისებურება მათზე დიდ გავლენას ახდენს. ეს არ უნდა დავივიწყო და ზეპირი გამოკითხვის ორგანიზების დროს გავითვალისწინო.

– აუცილებელია, რომ ზეპირი გამოკითხვა განმავითარებელი შეფასებით ფასდებოდეს ?

– ზეპირი გამოკითხვა, შეიძლება, შეფასდეს როგორც განმავითარებელი ისე, განმსაზღვრელი შეფასებით. აუცილებელი არ არის, თუმცა განმავითრებელ შეფასებას ძალიან დიდი გავლენა აქვს მოსწავლის განვითარებისთვის. კომენტარი უნდა გაკეთდეს ლაკონიურად, სწორად, საკითხიდან გამომდინარე. მაგალითად, მოსწავლემ ისაუბრა კორუფციაზე, თუ მას მასწავლებელი ეუბნება, რომ კარგი ბიჭია, ჭკვიანი ბიჭია, ან საკითხი ვერ გაიგო ან ეს საკითხი სხვანაირად უნდა ეთქვა -ეს ძალიან ცუდი შეფასებაა. სწორი იქნება მოსწავლეს უთხრა თუ რატომ არის კარგი და რა არ იყო სწორი. მაგალითად: კარგი ბიჭი ხარ, რადგან საკითხი სწორად გაიგე, დიახ, ეს არის კორუფცია, თხრობა არის გამართული, არგუმენტები დამაჯერებელი და სათანადო, მსჯელობა საკითხის ირგვლივ სწორია… მოსწავლემ კარგად უნდა გაიაზროს, რატომ არის კარგი, ან რა შეეშალა. კომენტარი უნდა იყოს სწორი, ლაკონიური, ფრთხილი, არა მბრძანებლური.

– რა წესები უნდა დავიცვათ ზეპირი გამოკითხვის ჩატარებისთვის?

– 10 წესი, რომელიც უნდა დაიცვას პედაგოგმა, როცა ზეპირ გამოკითხვას ატარებს:

  • გახსოვდეს, მხოლოდ მასწავლებელი არაა მნიშვნელოვანი, ცენტრში უნდა იდგეს მოსწავლე და მისი შესაძლებლობები;
  • უნდა გაითვალისწინო მოსწავლის ასაკობრივი თავისებურება, ინდივიდუალური თავისებურებები;
  • ყველა ბავშვი განსაკუთრებულია;
  • ყველა თანასაწორია;
  • უნდა ვიყოთ ჰუმანურები;
  • დიფერენცირებული მიდგომა უნდა გამოვიყენოთ. კითხვის დასმის დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველას არ შეუძლია ერთნაირი პასუხის გაცემა. ყველას თავისებური აღქმა და ცნობადობა აქვს და არ უნდა დავამციროთ არცერთი მოსწავლე. კითხვა მოსწავლის შესაძლებლობაზე უნდა იყოს გათვლილი;
  • მოსწავლეებს უნდა შევუქმნა თანაბარი, დემოკრატიული გარემო. უნდა ვიყოთ ზომიერად მეგობრულებიც და მკაცრებიც. მოსწავლე არ უნდა იყოს შეზღუდული მას არ უნდა ეშინოდეს აზრის გამოთქმა, პასუხის გაცემა კითხვაზე. მოსწავლეს არ უნდა ეშინოდეს არასწორად გაცემული პასუხის;
  • ყველა მოსწავლეს განსხვავებული ინტერესი და სწავლის სტილი აქვს, არ დააკარგვინოთ მოტივაცია, პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ არ დაგვავიწყდეს – “ყველა ადამიანშია მზე, უბრალოდ ჩვენ უნდა დავეხმაროთ გაბრწყინებაში”;
  • მოსწავლის ცუდი საქციელი და უდისციპლინობა შეფასებისას სასჯელად არ უნდა გამოვიყენოთ. ანუ, შეფასება გამიჯნული უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომისგან;
  • კითხვა, ან პრეზენტაცია, უნდა იყოს სწორად განსაზღვრული. არ ცდებოდეს თემას. თუ ახსენი ასო „ხ“, არ უნდა სვამდე კითხვას ისეთ საკითხზე, რაც არ აგიხსნია. ასევე, კარგად უნდა იცნობდე მოსწავლეს. დავუშვათ, დასვი კითხვა და ის ვერ გცემს პასუხს, მოიქეცი ისე, რომ არ დაძაბო, არ შერცხვეს. შეეცადე, კითხვა ოსტატურად გაუმარტივო და დაეხმარო, რომ პასუხამდე მარტივად მივიდეს.

უთხარით კოლეგებს, როგორ უნდა იყოს პედაგოგი ობიექტური შემფასებელი?

– ჩემი კოლეგები ძალიან დიდი გამოცდილების მქონენი არიან, დიდი პრაქტიკა აქვთ. ერთმანეთს ხშირად ვუზიარებთ რჩევებს, მაგრამ აღვნიშნავ, რომ კარგი მასწავლებლის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება ობიექტურობაა. არ უნდა დავკარგოთ ეს თვისება, რადგან ერთ ბავშვთანაც თუ დაუშვი შეცდომა და არაობიექტურად მოექეცი, ამას აუცილებლად ექნება პეპლის ეფექტი. ყველა ბავშვი განსაკუთრებულია, თანასწორია და სათანადოდ, სამართლიანად უნდა შევაფასოთ მათი მიღწევები. შენიშვნაც კი მხოლოდ ქმედებას უნდა ეხებოდეს და არა პიროვნებას.

მაგალითად, ცუდი საქციელისთვის ბავშვს “ცუდი” კი არ უნდა ვუწოდოთ, არამედ მისი ქცევა უნდა გავაკრიტიკოთ. შეფასების, შექების თუ კრიტიკის დროს, უნდა ვიყოთ ძალიან ლაკონიურები, სამართიანები, მიუკერძოებლები და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს ჩვენც ვიყავით ბავშვები! ჩვენც ვუშვებდით შეცდომას, რაღაც ჩვენც არ გამოგვდიოდა. იყო დრო, როდესაც ჩვენც დაგვზარებია კონკრეტული საქმე და ამის გამო ცუდები კი არ ვიყავით. უბრალოდ, არის მომენტები, როდესაც გაქვს გულგრილობა და ამის გამო შენ არ ხარ ცუდი. პირიქით, შენ გჭირდება დახმარება, დანახვა, ხელის გამოწვდენა. ხაზის გადასმა არცერთ მოსწავლეზე არ შეიძლება. შეფასების კრიტერიუმები ერთად უნდა შეადგინოს მასწავლებელმა და მოსწავლემ, მოსწავლემ უნდა იცოდეს რა როგორ ფასდება.

ასევე იხილეთ:

როცა კლასში დამრიგებელი იცვლება – რა უნდა იცოდეს ახალმა დამრიგებელმა

ეფექტური გზები თვითმონიტორინგისთვის – პედაგოგის მიგნებები

„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური