GE

არდადეგებზე საკითხავი წიგნები მოსწავლეებს – ქართველი ავტორების სია გიორგი კეკელიძისგან

დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საზაფხულო არდადეგები უკვე დაიწყო. გართობასა და დასვენებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ არდადეგების პერიოდში მოზარდი სასიამოვნოს სასარგებლოს უთავსებდეს და ახალ სასწავლო წელს მოტივირებული შეხვდეს. მშობლებისთვის არ არის მარტივი საქმე იმ საკითხავი ლიტერატურის შერჩევა, რომელიც მოზარდს წიგნის კითხვას საინტერესო და არა მომაბეზრებელ პროცესად აქცევს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის წიგნები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ავარჩიოთ, რადგან სწორედ ამ ასაკში ეყრება საფუძველი მის სიყვარულს კითხვის მიმართ. არასწორად არჩეულმა ნაწარმოებმა, რომელიც  ასაკს არ შეეფერება, შეიძლება,  ბავშვს წიგნთან „ურთიერთობის“ სურვილი მთლიანად გაუქროს

EDU.ARIS.GE-მ დახმარებისთვის მწერალს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ხელმძღვანელ გიორგი კეკელიძეს მიმართა, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის  ქართველ ავტორთა ნაწარმოებების მისეულ სიას გვთავაზობს:

1.არჩილ სულაკაური „სალამურა“– ზღაპარი ყველა დროის საუკეთესო ქართულ ლიტერატურულ ზღაპრად ითვლება. მისი მთავარი გმირია სალამურა, რომელმაც პრინცისგან მეგობრის დასახსნელად ქვეყანა შემოიარა.

2.ლევან ბოლქვაძე „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ – წიგნის შესახებ ფილოსოფოსი გიგა ზედანია წერს: „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი – წიგნი-სპექტაკლი, წიგნი-მუსიკა, წიგნი-ნახატი, წიგნი-ზეიმი. ფანტაზიით შენიღბული რეალობის ფოიერვერკი, რომელმაც ასე მშვიდად, ღირსეულად გაუძლო დროს, უფრო მეტიც, განსაცვიფრებლად აქტუალური აღმოჩნდა დღევანდელი საქართველოსათვის.“

3. ზაზა თვარაძე „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“ – 2009 წელს წიგნს ლიტერატურული პრემია გალა მიენიჭა.

4. გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები – მწერალი ზღაპრებს ტრადიციული –„იყო და არა იყოთი“ არ იწყებს, ფიქრობს, რომ ბავშვებს ზედმეტი აღწერები არ მოსწონთ და ეს მათ ღლის. „ხეები“, თეთრსულელა“, „პატარა დინოზავრი“,-ეს იმ ლიტერატურული ზღაპრების მცირე ჩამონათვალია, რომლებითაც მწერალმა საკუთარი ფიქრები ზღაპრებად აქცია.

5. მაყვალა მრევლიშვილის ლექსები – ლექსები ტელესკოპზე, დედაზე, მეგობრობაზე, ცხოველებზე და ა.შ. მაყვალა მრევლიშვილს ერთ-ერთ გამორჩეულ საბავშვო ავტორად აქცევს.

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური