„ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება“ – განათლების მინისტრი სკოლებში მოსწავლის დონის შეფასების არ არსებობაზე
მოსწავლის ეროვნული შეფასება, რომელიც მის უმაღლეს განათლებაში ტრანზიცას დაედება საფუძვლად, შემუშავების აქტიურ პროცესშია და შეფასების პრეზენტაცია, მომავალ წელს არის დაგეგმილი. ამის შესახებ დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებს “მინისტრის საათის” ფორმატში განათლების სამინისტროს მუშაობის ერთი წლის ანგარიშს აცნობს.
გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ საუბარია სადიაგნოსტიკო შეფასებებზე და მოსწავლის შედეგებისა და მისი დონის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს როგორც სკოლას, ისე განათლების სამინისტროს.
“დავიწყეთ მუშაობა ეროვნულ შეფასებაზე და ბავშვის, მოზარდის ტრანზიციაზე სკოლიდან უმაღლეს განათლებაში. ეს, შესაძლოა, ერთი მხრივ ძალიან მარტივ წინადადებად მოგეჩვენოთ, ზოგისთვის, შეიძლება, არც იყოს ბოლომდე გასაგები, მაგრამ ორი სიტყვით მინდა, რომ აგიხსნათ ამის უდიდესი მნიშვნელობა. დღეს, სამწუხაროდ, სკოლებში, ასე ვიტყოდი – არ არის არავითარი გამსაზღვრელი შეფასებები. ბუნებრივია, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ბავშვმა იცოდეს რა დონეზეა, მასწავლებელმაც იცოდეს თუ რა შედეგები აქვთ მათ, მთლიანდ სასკოლო საზოგადოებამ იცოდეს და ბუნებრივია – სამინისტრომ.
“ამიტომ, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ე.წ. ეროვნულ შეფასებაზე მუშაობა, რომელიც სხვადასხვა მოდელებს მოიცავს. ეს, შესაძლოა, იყოს მე-6 და მე-9 კლასში სადიაგნოსტიკო, განმავითარებელი, არასავალდებულო შეფასებები და ასევე მე-12 კლასში. შემდგომ ეტაპობრივად მოხდება მათი დანერგვა-პილოტირება. ბუნებრივია, ამას სჭირდება დრო და ეს ერთ ან ორ თვეში ვერ განხორციელდება, მაგრამ მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ კუთხით აქტიური მუშაობა დაწყებულია და ჩვენ უახლოეს მომავალში – იქეთა წელს, ალბათ, უკვე გვექნება კონკრეტული შეფასების პრეზენტაცია და გეგმა-გრაფიკი, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება”, – განაცხადა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას გიორგი ამილახვარმა.
ეროვნული შეფასების შესახებ მინისტრის მოხსენების წერილობით ვერსიაში ვკითხულობთ: სკოლებისთვის მეტი ავტონომიის უზრუნველყოფის პარალელურად, მუშავდება ანგარიშვალდებულების სისტემური მექანიზმი, რომლის ძირითადი ინსტრუმენტი ზოგადი განათლების თითოეული საფეხურის ბოლოს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დიაგნოსტიკური შეფასება იქნება. მსოფლიო ბანკთან ერთად მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის მოდელი, რომელშიც ინტეგრირებული იქნება სკოლის საშუალო საფეხურის შედეგები.
ამავე თემაზე:
სკოლის საატესტატო გამოცდების დაბრუნების საკითხზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება