დამამთავრებელ კლასებში მოსწავლის სავალდებულო შეფასების დაბრუნება და რეპეტიტორის ინსტიტუტი – რისთვის ემზადება სისტემა
სკოლის დამამთავრებელ კლასებში მოსწავლის ცენტრალიზებული ეროვნული შეფასების სავალდებულოდ დაბრუნებას განათლების მინისტრი აუცილებლობად თვლის, სხვა შემთხვევაში კი ფიქრობს, რომ „სკოლის ნიშნების ინფლაცია“ გარდაუვალი იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა, სადაც დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ ვერ ახერხებს მოსწავლე მისაღები გამოცდების ჩაბარებას კერძო რეპეტიტორების დახმარების გარეშე.
„ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება“ – განათლების მინისტრი სკოლებში მოსწავლის დონის შეფასების არ არსებობაზე
როგორც ცნობილია, დღეს საჯარო სკოლებს აქვთ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად ჩაატარონ შიდა სასკოლო საფეხურის დამამთავრებელი გამოცდა, თუმცა მოსწავლის შეფასება ცენტრალიზებულად, ე.წ. კატის გამოცდების გაუქმების შემდეგ, სკოლებში აღარ ხორციელდება.
გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ჩიხიდან გამოსავალი არა 11-წლიანი სასკოლო სისტემის დაბრუნება, არამედ პრობლემებისადმი ჰოლისტური მიდგომებია, რომლითაც მოსწავლეს საკუთარ დანიშნულებას დაუბრუნებენ.
„რაც შეეხება მე-12 კლასს, რეპეტიტორების საკითხს, ვიცი, ვიცი მეგობრებო, ეს პრობლემა ორი ათწლეულია, ამ ქვეყანაში დგას. პირველი: სხვათა შორის, რეპეტიტორობის ინსტიტუტი მაინცა და მაინც ცუდი პრაქტიკა არ არის და განვითარებულ ქვეყნებშიც არის. უბრალოდ, ჩვენთან, სამწუხაროდ, მან ცოტა სხვა დანიშნულება შეიძინა. თქვენ ახსენეთ, რომ რეპეტიტორთან თუ არ მოამზადე ადამიანი, ეროვნულ გამოცდებს ვერ დაძლევს. შესაძლოა, ეს ასეა, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში ასეც არ არის, მე ცალსახად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ ერთი ფაქტია – ჩვენი მთავარი დასაფიქრებელი მანდ არის, რომ რატომ არის საზომი და ამოცანა ბავშვისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარება?! და თუ გნებავთ, განათლების რეალური პრობლემის დისკუსიაში შევიდეთ, აი, ამ ჭრილში უნდა გადავიტანოთ დისკუსია“, – ამბობს გიორგი ამილახვარი და თვლის, რომ რადგან მე-12 კლასში მოსწავლეებს არასახარბიელო დასწრება აქვთ, ეს 11-წლიანი სასკოლო პროგრამის დაბრუნების საფუძველი არ უნდა გახდეს.
რეპეტიტორის ინსტიტუტის ქართულ რეალობაში სახეცვლილი დანიშნულება კი, განათლების მინისტრის შეფასებით, იმ ცვლილებებმა უნდა მოიტანოს, რომელსაც მისი სამინისტრო აანონსებს და განახორციელებს:
„რაც შეეხება რეპეტიტორებს, ის ცვლილებები, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში მე დავაანონსე, ის ეროვნული შეფასება, რომელიც გულისხმობს ბავშვის ტრანზიციას უმაღლეს განათლებაში, პროფესიული განათლების აქტიურად შემოტანას ზოგად განათლებაში – აი, ეს ჰოლისტური მიდგომა, მე მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის მერე ჩვენ ბავშვებს დავუბრუნებთ (საშუალო საფეხურის ანუ მე-9-მე-12 კლასს ვგულისხმობ) მათ დანიშნულებას. ეს არის მთავარი და არა ის, რომ დღეს ყველა მოწადინებულია ბოლო კლასებში მოემზადოს რეპეტიტორთან და დაძლიოს ეროვნული გამოცდები. კი, არის გამოწვევები მე-12 კლასში, საგნობრივ ბადეშიც არის გამოწვევები და სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად და პირველ რიგში, მას გვინდა „ვუმკურნალოთ“ და ბავშვებს ინტერესებიდან გამომდინარე არჩევითობა შევთავაზოთ, იქნება ეს ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო თუ პროფესიული განათლება. აი, ეს მოგვცემს ამის ცვლილებას და არა ის, რომ ახლა, მე-12 კლასში, რაღაც მკაცრი სანქციები შემოვიღოთ, რომ ბავშვები სკოლაში დავაბრუნოთ“.
გიორგი ამილახვარმა ხაზგასმით განაცხადა, რომ სკოლებში ეროვნული შეფასება უნდა დავაბრუნოთ. საუბარია სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ რეალობაზე, რომელიც როგორც მინისტრმა თქვა, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს და დამამთავრებელ კლასებში მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასება არსებობდეს.
„თუ ეროვნული შეფასება არ იქნა, თუ ის არ გახდა სავალდებულო გარკვეული პერიოდის შემდგომ, მაშინ, ჩვენ, რეალურად მივიღებთ ნიშნების ინფლაციას. არავითარი მნიშვნელობა იმ განმსაზღვრელ შეფასებას არ ექნება. განმსაზღვრელი შეფასება გვექნება თუ არა, თუ ეროვნული შეფასება არ შემოვიდა სკოლაში, ამას არ ექნება აზრი და ამ კუთხით მთელი ფრონტი გვაქვს გახსნილი“, – თქვა მინისტრმა.
რა ფორმით დაბრუნდება საჯარო სკოლებში მოსწავლის ცენტრალიზებულად შეფასების სისტემა და იქნება თუ არა ეს სკოლის საფეხურების მიხედვით, როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის და როგორც არაერთ სხვა თემაზე, ამაზე მუშაობაც მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
სკოლის საატესტატო გამოცდების დაბრუნების საკითხზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება