„ატესტაცია 5 წელიწადში ერთხელ“ – როგორ აირჩევიან და დაინიშნებიან აკადემიურ თანამდებობებზე უნივერსიტეტებში
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ახლადდამტკიცებული ცვლილებებით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ძალაშია, ახლებურად გაიწერა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები.
მაშ ასე, ვინ და რამდენი ხნით შეძლებს აირჩეს ან დაინიშნოს ამ თანამდებობებზე: წამყვანი პროფესორი, პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი და ასისტენტი:
მუხლი 35 – აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები:
1. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.
2. პროფესორის თანამდებობაზე:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს;
ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა);
გ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნული დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს;
დ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩეულმა პირმა ეს თანამდებობა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება უვადოდ დაიკავოს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ და აღნიშნული დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით აირჩა ან/და აქვს განსაკუთრებული პროფესიული, პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მიღწევები.
3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
5. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტის თანამდებობაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება დაინიშნოს მაგისტრანტი 2 ან 3 წლის ვადით.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია.
8. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე“.
ასევე იხილეთ:
როგორ შეირჩევა და რა ვალდებულებები ექნება წამყვან პროფესორს, რომლის ხელფასიც 10 000 ლარი უნდა იყოს
-
თსუ-ის სენატი: „ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს“
by ARIS.GE-განათლება
-
რა კითხვები და არგუმენტები მიიღო განათლების მინისტრის მოადგილემ თსუ-ის პროფესურისგან და რა იყო პასუხი – დეტალები შეხვედრიდან
by განათლებული ბლოგი
-
სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში დაგეგმილი მორიგი ცვლილებები კანონად არასრულ ორ დღეში იქცა
by ARIS.GE-განათლება