როგორ შეირჩევა და რა ვალდებულებები ექნება წამყვან პროფესორს, რომლის ხელფასიც 10 000 ლარი უნდა იყოს
„სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატა წამყვანი პროფესორის თანამდებობა.
ვინ შეიძლება გახდეს წამყვანი პროფესორი:
რაც შეეხება ვინ შეიძლება დაიკავოს ეს თანამდებობა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილებით, წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.
როგორც მთავრობა განმარტავს, ეს ცვლილება განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საკადრო პოლიტიკის დახვეწის ნაწილია.
განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, „დღეს არსებული პროფესორების რანგირება არის შემდეგნაირი: ასისტენტი, ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და სრული პროფესორი. ჩვენ ვამატებთ ბოლო ეტაპის – წამყვანი პროფესორის პოზიციას. წამყვან პროფესორს აქვს უფრო მეტი აკადემიური მოთხოვნა. მაგალითად, თუ ასოცირებული პროფესორი 8-წლიან პედაგოგიურ სტაჟსა და სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შეუძლია კონკურსში მონაწილეობა. ანუ ასოცირებულ პროფესორს შეუძლია, წამყვანიც გახდეს“, – გვითხრა გაბისონიამ 4 თებერვალს.
ჩვენს კითხვაზე, გამოდის თუ არა, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილ სხვადასხვა რანგის ყველა პროფესორს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, მინისტრის მოადგილემ დააზუსტა: „რა თქმა უნდა, მათ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, თუ ისინი აკმაყოფილებენ შედარებით მაღალ კრიტერიუმებს“.
რა დაევალება და რა შეზღუდვები ექნება წამყვან პროფესორს:
“წამყვან პროფესორს დაევალება არა მარტო სასწავლო კომპონენტების ხელმძღვანელობა, არამედ ადმინისტრაციული ფუნქციებიც – შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელობა. სიტყვა მიმართულებას ვერიდებით, რადგან მოგეხსენებათ, კანონმდებლობით განმარტებული არ არის, თუმცა, ნათელია რასაც ვამბობთ. აქ საუბარი არ არის, რომ ფაკულტეტს ეყოლება მხოლოდ ერთი წამყვანი პროფესორი, ფაკულტეტს ეყოლება იმდენი პროფესორი, რამდენიც საჭიროა მიმართულებების მიხედვით. შეიძლება ჰყავდეს 3, 4, 5 – სიდიდისა და სპეციალიზაციის მიხედვით. ასევე, გასაგებია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც გაერთიანების შედეგად ძალიან დიდი იქნება, ეყოლება გაცილებით მეტი პროფესორი, ვიდრე ვთქვათ, იგივე რეგიონალურ უნივერსიტეტებს.
წამყვან პროფესორებს ექნებათ შეზღუდვა სხვა პოზიციების დაკავებაზე. ანუ მათ არ ექნებათ საშუალება, შეითავსონ სხვა საქმიანობა. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. სრულად უნდა იყვნენ, კვირაში 40 საათიც და უფრო მეტიც ჩართულნი შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელობაზე. შეგახსენებთ, რომ პროფესორს არ ევალება მხოლოდ სალექციო კურსების წარმოება, მას ევალება კვლევითი საქმიანობა, რაც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მეცნიერებთან დაკავშირებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მეცნიერების კომპონენტები გაძლიერდება – პირობას გაძლევთ. ფაკულტეტებზე მაქსიმალურად მეტი მეცნიერი იქნება ჩართული იმისთვის, რომ არა მარტო სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარეობდეს, არამედ კვლევითი კომპონენტიც იყოს დამატებული – პუბლიკაციების რაოდენობამ მოიმატოს, კვლევით პროექტებში უფრო მეტი გამარჯვება ჰქონდეთ”, – თქვა ზვიად გაბისონიამ 4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე.
ვის არ შეეხება დამატებითი კონკურსები და როგორი იქნება წამყვანი პროფესორის ანაზღაურება
“წამყვანი პროფესორი იქნება სხვა კატეგორიის. ანუ დაემატება არსებულ კატეგორიებს. ყველა არსებული პროფესორი – ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი ინარჩუნებენ პოზიციებს. არანაირი დამატებითი კონკურსები მათ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის, არ ეხებათ. ჩვენ ვამატებთ დამატებით ამ პროფესორების კრიტერიუმების მიხედვით.
წამყვან პროფესორებს აქვთ უფრო გამკაცრებული პოზიციონირება და კრიტერიუმები, ვიდრე დანარჩენ პროფესორებს. მოეთხოვებათ უფრო მეტი პედაგოგიური სტაჟი, მეტი სამეცნიერო პუბლიკაციები და ა.შ. მაგრამ შეზღუდვა არის შეთავსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, რომ სრული კონცენტრირება მოახდინონ უნივერსიტეტის საქმიანობაზე. ამიტომ, წამყვანი პროფესორი მხოლოდ დაემატება და წელს ვეცდებით, რომ პირველი მერცხლები გარკვეული ტიპის უნივერსიტეტებში უკვე იყვნენ. მოგეხსენებათ, რომ კონკურსის წესით უნდა მოხდეს მათი შერჩევა. შესაბამისად, ამას დრო და ძალიან დიდი რესურსი დასჭირდება. მაღალ ანაზღაურებასთან დაკავშირებით იცით თქვენ და პრემიერ-მინისტრსაც გაცხადებული აქვს და მე აღარ დავკონკრეტდები. მაქსიმალურად ვეცდებით, ძალიან მაღალანაზღაურებადი იყვნენ, რომ შეთავსების პრობლემა მოვუხსნათ, მთ შორის ფინანსურ ნაწილში“, – ამბობს ზვიად გაბისონია.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
„1992 წლიდან იწყება პრობლემები სტუ-ში – ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში“
by ARIS.GE-განათლება
-
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადება დაიგვიანებს – რით ამშვიდებს აბიტურიენტებს NAEC და განათლების სამინისტრო
by ARIS.GE-განათლება
-
„თუ სკოლებში სარეფორმო პროცესების მონიტორინგი ადეკვატურად ვერ განხორციელდება, რა აზრი აქვს, რა დაიგეგმა ზემოთ?“
by ARIS.GE-განათლება