GE

„ახალ გამოცემაში ტექსტები უფრო კომპაქტურია“ – მშობლის მოსაზრება გრიფირებაში გამარჯვებულ ერთ-ერთ სასკოლო სახელმძღვანელოზე

21 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X-XI კლასის ზოგიერთი საგნის გრიფირებაში გამარჯვებული სასკოლო სახელმძღვანელოები გამოვლინდნენ. EDU.ARIS.GE -მ მათი ჩამონათვალი მოიპოვა და მკითხველსაც გააცნო.

ვინ მიიღო უარი და ვინ თანხმობა X-XI კლასების სახელმძღვანელოების გრიფირებაზე – ავტორებისა და გამომცემლობების ჩამონათვალი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 30 ივნისს მოწოდებული ინფორმაციით, სკოლებმა სასურველი სახელმძღვანელოების შერჩევა 29 ივნისს დაასრულეს.

იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობენ მშობლები სახელმძღვანელოების ცვლილებაზე და ზოგადად, როგორი უნდა იყოს ახალ თაობაზე მორგებული სასწავლო მასალა, EDU.ARIS.GE სამი შვილის დედას, ტატა გამყრელიძეს ესაუბრა, რომლის შვილიც მე-11 კლასში გადავიდა და სექტემბრიდან ახლად გრიფირებული სახელმძღვანელოებით უნდა ისწავლოს.

იგი ერთ-ერთი გამომცემლობის მიერ მომზადებულ „ქართული ენისა და ლიტერატურის მე-11 კლასის სახელმძღვანელო“- ზე გვესაუბრება და პირველ რიგში, ხაზს უსვამს წიგნის ვიზუალს, რადგან ფიქრობს, რომ ვიზუალი ამ თაობის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია.

„განსხვავებას რომ მივხვდე მე-11 კლასის სხვადასხვა გამომცემლობის მიერ შედგენილ წიგნებს შორის, ძალიან უნდა ჩავუღრმავდე მასალას და სამწუხაროდ, ამის დრო არ მქონდა. მაგალითად, ჩვენს დროს მანანა მორჩილაძის ერთი ნახატი რომ იყო წიგნში, ძალიან მიხაროდა. ახლანდელი თაობა კი იმდენად არის ვიზუალიზაციას მიჩვეული, რომ ეს აუცილებელიც კია. მხოლოდ ნაბეჭდი ლექსი თუ მოთხრობა დღევანდელი მოსწავლეებისთვის რთულად აღსაქმელია“, – ამბობს ტატა გამყრელიძე.

მშობელი სახელმძღვანელოს დადებით მხარედ მიიჩნევს იმასაც, რომ წიგნში კარგი ლიტერატურული კრიტიკოსების კარგი ტექსტებია შესული, თანაც კომპაქტურად და გასაგებად, წინა წლებში გამოყენებული მძიმე ტექსტებისგან განსხვავებით:

„ჩემი ერთ-ერთი შვილი, რომელმაც უკვე დაასრულა მე-11 კლასი, სხვა წიგნით სწავლობდა. ჯერჯერობით მიჭირს ამ ორი წიგნის ერთმანეთისთვის შედარება, მაგრამ მგონია, რომ იქ უფრო მძიმედ იყო მოწოდებული მასალა. ვფიქრობ, ახლანდელი ბავშვებისთვის ტექსტი უფრო კომპაქტურად უნდა იყოს გადმოცემული და ამ სახელმძღვანელოში ასეა. თუნდაც იგივე გურამ ასათიანის ტექსტები, ახალ გამოცემაში უფრო კომპაქტურად არის მოცემული. მგონია, რომ 21 საუკუნის ბავშვი, რომელიც უფრო „მესიჯურ“ აზროვნებას არის მიჩვეული, რომ ჩახედავს მასალას, ურჩევნია სამ წინადადებაში გაიგოს აზრი, ვიდრე დიდი რაღაცები წაიკითხოს. ამიტომ, იმედი მაქვს, ახალი სახელმძღვანელო ამ მხრივ უფრო მოსახერხებელი იქნება“.

ტატა გამყრელიძის პოზიციით, ახლანდელი მოსწავლეებისთვის ძველი ლიტერატურული ნაწარმოებების ენა მოძველებული, რთულად გასაგები და მძიმეა. ამიტომ აუცილებელია, მასალები თანამედროვე კონტექსტს მოერგოს.

„არის თემები რაზეც მე სკოლის დროს არასდროს გამიმახვილებია ყურადღება. როცა იმავე თემებს სხვანაირად უყურებენ, მაგალითად ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა და ამან ასე რატომ გააკეთა?! მიდგომების შეცვლა დროდადრო პედაგოგებსაც სჭირდებათ და თუ ამ პროცესს ახალი სახელმძღვანელოებიც შეუწყობს ხელს, ბავშვები მეტად დაინტერესდებიან სწავლით, გაცილებით მარტივად გაიგებენ მასალას, შეძლებენ მათ გააზრებასა და მათ თანამედროვეობაზე მორგებას“, – აღნიშნავს ის.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, წარადგენენ თუ არა სკოლები არჩეულ წიგნებს მშობლებთან და თუ ჰქონია ტატა გამყრელიძეს მსგავსი პრაქტიკა, როცა სკოლამ ჩაატარა რაიმე სახის პრეზენტაცია, თუ რატომ აირჩიეს ესა თუ ის წიგნი მოსწავლეებისთვის.

მოსწავლის მშობლის პასუხი ამგვარი იყო: „არა, სამწუხაროდ არც საჯარო სკოლასა და არც კერძო სკოლაში, ასეთი ღია ტიპის კომუნიკაცია მშობლებთან, რომ შეეთანხმებინათ, ჩვენს კლასებში არ ყოფილა“.

ასევე იხილეთ:

ვინ მიიღო უარი და ვინ თანხმობა X-XI კლასების სახელმძღვანელოების გრიფირებაზე – ავტორებისა და გამომცემლობების ჩამონათვალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური