GE

ახალი პროგრამები, უნიკალური ბიბლიოთეკა, განახლებული ინფრასტრუქტურა – რას სთავაზობს კსუ წლევანდელ სტუდენტებს

7400 სტუდენტზე გათვლილი ინფრასტრუქტურა, უნიკალური ბიბლიოთეკა, ღვინის მარანი და უახლესი მულტიმედია ცენტრი – ეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ნაწილია. უნივერსიტეტი პირველკურსელთა მისაღებად ემზადება და მათ არაერთ სიახლეს სთავაზობს. რამდენი სტუდენტის მიღებას გეგმავენ და რა პერსპექტივები ელოდება მათ ახალ სასწავლო წელს, ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიას ესაუბრა.

– 2019 -2020 სასწავლო წელს რა სიახლეები დახვდება სტუდენტებსა და აბიტურიენტებს?

– ჩვენს უნივერსიტეტს ყოველ წელიწადს ბევრი სიახლე აქვს და წელსაც არ იქნება გამონაკლისი. სულ გვაქვს 28 პროგრამა და წინა სასწავლო წელს 15-მა გაიარა ხელახალი აკრედიტაცია, შესაბამისად, გვაქვს განახლებული სასწავლო გარემო, ლიტერატურა და ასე ვხვდებით ჩვენს აბიტურიენტებს და სტუდენტებს. ამ პროგრამებში განსაკუთრებით გამოვყოფდი მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამას, რომელიც არის სრულიად ახალი და უნიკალურია საქართველოს მასშტაბით. მაგისტრებს ექნებათ საშუალება იმუშაონ  როგორც კვლევაზე, ასევე ჰქონდეთ  წარმოება და პრაქტიკა. ჩვენი მიზანია რომ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ისინი სრულყოფილად იყვნენ დაუფლებულნი ბევრ მიმართულებას ჟურნალისტიკაში, უკვე შეეძლოთ პრაქტიკული მუშაობა და კვლევის წარმოება. საქართველოში მედია კვლევები რა თქმა უნდა მიმდინარეობს, მაგრამ მისი დონე ჩამორჩება მსოფლიოში არსებულ სტანდარტებს. ჩვენი სამაგისტრო პროგრამა იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი ზოგადად საქართველოში,რომ ეს მიმართულება მაღალ დონეზე ავიდეს. ვისაც გამოცდები აქვს ჩაბარებული წელსვე შეეძლება ამ პროგრამაზე ჩარიცხვა,ველოდებით, რომ დიდი ინტერესი იქნება.

ასევე გვაქვს განსაკუთრებული სიახლე, ინგლისის გლოსტერშერის უნივერსიტეტის პროგრამით ვიწყებთ ბიზნეს ადმინისტრირების სწავლებას და კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ ბრიტანულ დიპლომს. ასეთი პრაქტიკა ინგლისს აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ამიერკავკასიაში ჩვენი უნივერსიტეტია პირველი, რომელიც ამგვარ პროექტს განახორციელებს. ეს გახლავთ ინგლისურენოვანი პროგრამა და რადგან ახალია, წელს ვერ მოესწრო რომ ეროვნული გამოცდების განაცხადში ჩასმულიყო, ამიტომ ამ პროგრამით სწავლა წელს მხოლოდ უცხოელი სტუდენტებისთვის იქნება შესაძლებელი, მომავალი წლიდან კი შევიტანთ ერონული გამოცდების განაცხადში და ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოხდა მატერიალურ-ტერქნიკური ბაზის გაუმჯობესება, მათ შორის სამედიცინო ლაბორატორიაში ახალი ინვენტარის შეძენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შენობის სხვადასხვა ნაწილში  და ვფიქრობ, რომ ღირსეულად დავხვდებით ჩვენს სტუდენტებს.

– საერთაშორისო პროექტებზე ნაწილობრივ ისაუბრეთ, თუმცა რა სიახლეები გაქვთ კიდევ ამ კუთხით, იგივე გაცვლით პროგრამებთან და მოწვეულ ლექტორებთან დაკავშირებით?

– ჩვენ მოგებული გვაქვს Erasmus + ის რამდენიმე გრანტი. გასულ სემესტრში 25-ზე მეტი სტუდენტი იყო წასული სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამებით და აგვისტოს ბოლოსაც წავლენ.რაც შეეხება პროფესორ-მასწავლებლებს ზოგადად მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები გვყავს, მაგრამ ივლისის ბოლოს ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ახალი კონკურსი და რამდენიმე ახალგაზრდა იმედისმომცემი პროფესორი და მეცნიერი დავიმატეთ. Erasmus +-ის პროგრამები პროფესორ მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამებსაც გულისხმობს და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვსარგებლობთ ამ საშუალებით და პირიქით, ჩვენთანაც ჩამოდიან უცხოელი პროფესორები. ჩვენ ვატარებინებთ მათ ტრენინგებს და სემინარებს, სადაც ერთად მონაწილეობენ  ჩვენი სტუდენტები, პროფესურა და ადმინისტრაციაც. ასევე ჩვენი ლექტორებიჩ მიდიან პარტნიორ უნივერსიტეტებში და შემდეგ ვიკვლევთ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი ჩვენი პროფესურის ლექციებით, ჯერჯერობით დადებითი გამოხმაურებები გვაქვს.

– რას ეტყვით მომავალ სტუდენტებს, როგორია უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები?

– შარშან, ნოემბერში გავიარეთ ავტორიზაცია, მოგეხსენებათ ახალი სტანდარტებია შესული ძალაში და ბევრი უნივერსიტეტისთვის რთული პროცესი იყო მისი მოპოვება. ჩვენ გავიარეთ ეს პროცესი, ჩვენ მივიღეთ ერთ-ერთი საუკეთესო დასკვნა. იმდენად გავაძლიერეთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომ ხელახლა შევიტანეთ განაცხადი კონტიგენტის მომატებაზე და გაგვიზარდეს 7400-მდე. ამჟამად 4000-მდე სტუდენტი გვყავს, მაგრამ ჩვენი ინფრასტრუქტურა საკმარისია უფრო მეტი სტუდენტისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ახალი ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი საუკეთესო არათუ თბილისში, არამედ ევროპაში. ასევე ჩვენი მულტიმედია ცენტრი არის ძალიან მაღალ დონეზე აღჭურვილი, ნებისმიერ ტელევიზიისთვის იქნებოდა ასეთი სტუდია სასურველი.

– წელს დაახლოებით რამდენ აბიტურიენტს ელოდებით და როგორ ხდება მათი უნივერსიტეტში დარეგისტრირება, როგორია პროცედურები?

– წელს ველოდებით 600-დან 700-მდე აბიტურიენტს, სწავლა იწყება 9 სექტემბერს. როგორც კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გადმოგვცემს ჩარიცხული აბიტურიენტების სიებს, იმ დღესვე ვიწყებთ პირველკურსელთა რეგისტრაციის პროცესს. ამ პროცესში ჩართულია მთელი ადმინისტრაცია, რომ არ შევაფერხოთ ნაკადი, 100-ზე მეტი აბიტურიენტი მოდის ხოლმე დღეში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი ტრადიცია, რაც გადმოვიღეთ ევროპული უნივერსიტეტებისგან, რომ პირველ დღეს ხდება სტუდენტებთან შეხვედრა, ხდება მათთის ყველა პროცედურის ახსნა იქნება ეს ინფრასტრუქტურა, პროგრამები, კრედიტები თუ ნებისმიერი სხვა რამ, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებას ეხება. პირველ დღეს ყველაფერს თუ ვერ დაიმახსოვრებენ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ იკითხონ. ჩვენი სასაწავლებელი გახლავთ სტუდენტებზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია შევიდეს რექტორთან, დეკანთან, პროგრამის ხელმძღვანელთან და მიიღოს კვალიფიციური რჩევები.

– ბოლო მონაცემებით, თქვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რამდენი პროცენტია დასაქმებული?

– უნივერსიტეტში გვაქვს კარიერული განვითარების ცენტრი, რომელიც ამ საკითხს მუდმივად სწავლობს. სადღაც 80%-ია ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და აქედან 70% არის თავის პროფესიით. სტუდენტების ნაწილი არ ელოდება უნივერსიტეტის დასრულებას და მანამდეც მუშაობს. ჩვენი კარიერული განვითარების ცენტრი მიმართულია იქეთკენ, რომ გაზარდოს იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ჩვენთან ამ კუთხით თანამშრომლობენ. მუდმივი კონტაქტი გვაქვს სხვადასხვა კომპანიებთან, წელიწადში 2-ჯერ ვატარებთ დასაქმების ფორუმს. ისინი მოდიან, აცნობენ ჩვენს სტუდენტებს თავიანთი ვაკანსიებს და ამ ფორუმის დროსაც ხდება ხოლმე სტუდენტების დასაქმება. ზოგადად ძალიან რთულია დასწრებული სწავლა და მუშაობა, თუმცა ზოგს ეს სასიცოცხლოდ სჭირდება, რადგან თავიანთი მუშაობით იხდიან ხარჯებს. მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, მესამე, მეოთხე კურსელებისთვის გვაქვს მეორე სმენაში ლექციები.მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში კი მთლიანად 7 საათის შემდეგაა სალექციო კურსი დაგეგმილი. ასევე დასაქმებულ სტუდენტებს ძალიან ვუწყობთ ხელს, დავუშვათ ვერ ახერხებს გამოცდაზე მოსვლას, თუ წინასწარ აცნობებს ადმინისტრაციას, შესაძლებლობა ეძლევა გამოცდა სხვა დროს ჩააბაროს.

– რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამა თუ გადის ამ ეტაპზე აკრედიტაციას და, ზოგადად, როგორია უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები?

– ამ წუთში ერთი პროგრამაა აკრედიტაციის პროცესში, ეს გახლავთ ბიზნესის სადოქტორო პროგრამა, რომელმაც გაიარა ყველა ეტაპი და დარჩენილია საბჭოს გადაწყვეტილება.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რამდენიმე პროგრამაა ჩვენთვის პრიორიტეტული, მათ შორისაა მევენახეობა-მეღვინეობა. ჩვენ დავხარჯეთ ძალიან დიდი თანხა რომ ინფრასტრუქტურა ყოფილიყო სრულყოფილი. უნივერსიტეტში გვაქვს გაკეთებული მარანი, ასევე გვაქვს ჩვენი ღვინის ქარხანა, ვენახები, რომ ყველაფერი, რაც საჭიროა, მეღვინეობის შესწავლისთვის ნიადაგიდან დაწყებული, დაყენებით და ბოლოს ღვინის გაყიდვით დასრულებული, მთელი ციკლი ისწავლონ სტუდენტებმა ადგილზე.

დიდი მოლოდინები გვაქვს მედიის კვლევების და მულტიმეია წარმოების პროგრამის მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მედიცინის პროგრამები. ვფიქრობ, რომ სამედიცინო განათლება საქართველოში მალე უნდა გახდეს ევროპული დონის და ამ საქმეში ღირსეული წვლილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უნდა შეიტანოს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური