GE

ბარიერს, უნივერსიტეტში აბიტურიენტის მოსახვედრად, თავად უმაღლესი სასწავლებელი დაადგენს

„უმაღლესში მისაღებად საჭირო საგამოცდო ბარიერს თითოეულ საგანში დააწესებენ თავად უნივერსიტეტები და ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა კომპონენტები. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტრური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით. ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ“, – ამის შესახებ დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საგამოცდო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„ბარიერს 2020 წლისთვის თითოეულ საგანში, თითოეული პროგრამისთვის დაადგენს უნივერსიტეტი. ეს მოგვიხსნის კონკრეტულ პრობლემებს. მაგ.: როცა კარგ პიანისტს ერთი ქულა დააკლდა ზოგად უნარებში, მიუხედავად იმისა, რომ სახვა კომპონენტებში მას ძალიან მაღალი ქულები ჰქონდა, ფაქტობრივად, ამ ადამიანს შევზღუდეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა”, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული ცვლილება უნივერსიტეტების ავტონომიის გაზრდას და აბიტურიენტების ჩაგრულ მდგომარეობაში ყოფნას შეუშლის ხელს. გარდა ამისა, გორგოძის განმარტებით, უმაღლეს სასწავლებლებს პროგრამებზე გამოყოფილი აქვთ კონკრეტული რაოდენობა ადგილებისა, სადაც ისევ მაღალი შედეგის მქონე აპლიკანტები მოხვდებიან და აღნიშნული ცვლილება ხარისხზე გავლენა არ ექნება.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით განმარტება მიხეილ ბატიაშვილმაც გააკეთა.

„ჩვენ უნივერსიტეტებისგან ხშირად გაგვიგია, რომ უნივერსიტეტი არ მონაწილეობს ბავშვების შერჩევის კომპონენტში. ამიტომ, ბევრი კონსულტაციების შემდეგ, მივედით დასკვნამდე, რომ, ალბათ, ყველაზე კარგი ფორმა არის უნივერსიტეტებს თვითონ მივცეთ შესაძლებლობა გადაწყვიტონ რა კომპონენტს დაამატებენ გამოცდას. მაგ.: თუ ბავშვი აბარებს ფიზიკაზე, მას უწევს ქართული ენის, უცხო ენისა და მათემატიკის ჩაბარება და უნივერსიტეტმა შეიძლება დაამატოს ფიზიკა. ბევრ უნივერსიტეტს აქვს ამის სურვილი, გამოცდებში თავისი კომპონენტი შეიტანოს და ჩვენ ამას მივესალმებით“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორ პრეზენტაციაზე ითქვა, აბიტურიენტები არ შეიზღუდებიან პროგრამების არჩევანში – მათ შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე პროგრამა და არჩევანი გააკეთონ როგორც ჰუმანიტარულ მიმართულებებზე, ისე ტექნიკურ პროგრამებზე.

ცვლილებების დანერგვის ეტაპი 2020 წელს:

  • უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური/არჩევით გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით);
  • უნივერსიტეტებს პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის;
  • ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
  • შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი – გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.

ასევე იხილეთ:

უმაღლესში მოსახვედრად აბიტურიენტებს მხოლოდ 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ – ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება

2019 წელს მე–11 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება – სოფო გორგოძე

მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები 2020 წელს გაუქმდება – როგორი იქნება ატესტატის გაცემის პრინციპი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური