მშობლები ბათუმის საჯარო ბაღებში სამ წლამდე ბავშვების რეგისტრაციას ვერ შეძლებენ
ბათუმის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია თბილისის მსგავსად ელექტრონულად იწარმოებს, თუმცა შვილების ბაღში მიყვანას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვის ბავშვსაც სამი წელი უკვე შესრულებული აქვს.
EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთი მშობელი დაუკავშირდა. მისი თქმით, ბევრისთვის პრობლემას წარმოადგენს, რომ ბაღში მიყვანის ასაკი 3 წლითაა განსაზღვრული.
„ვიცი სოფლები, სადაც ბაგაშიც იღებენ ბავშვებს. ბათუმი კი ამხელა ქალაქია, რეგიონის ცენტრი და სამ წლამდე ბავშვის მიყვანას ბაღში ვერ შეძლებ. რატომ არ არის რესურსი, რომ ბაგა ჯგუფებიც ფუნქციონირებდეს არ ვიცი, თუმცა ჩემს მსგავსად ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს, ყველას არ აქვს საშუალება კერძო ბაღში ატაროს შვილი“, -აცხადებს ქეთი ყ.
ცნობისთვის 2020-2021 სასწავლო წლისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2 ეტაპად განხორციელდება (სისტემაში რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ იმ აღსაზრდელს ვისაც შეუსრულდა 3 წელი).
პირველ ეტაპზე ბათუმის საბავშვო ბაღებში მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით ჩაირიცხებიან პრიორიტეტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე აღსაზრდელები, რომლებიც 10 ივლისის ჩათვლით რეგისტრირებული იქნებიან ელექტრონულ პროგრამაში.
მეორე ეტაპი 15 ივლისიდან დაიწყება და ჩაირიცხებიან რიგში მდგომი აღსაზრდელები რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით.
1-ლი ივნისიდან ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისისათვის აღსაზრდელების ონლაინ რეგისტრაციისას რეგისტრაციის შესაძლებლობა ასევე მიეცემათ, იმ აღსაზრდელებსაც ვისაც 2020 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ შესაბამისი წლოვანება (შესაბამისად 3 წელი, 4 წელი ან 5 წელი უსრულდებათ 15 სექტემბრის ჩათვლით).
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, რეგისტრაცია იწარმოებს განუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში.
საბავშვო ბაღებში დარეგისტრირების აუცილებელი პირობაა ის, რომ აღსაზრდელის ერთ-ერთი მშობელი უნდა იყოს რეგისტრირებული როგორც მაცხოვრებელი ქ.ბათუმში და აღსაზრდელი უნდა დარეგისტრირდეს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პრეტენდენტი პასუხს აგებს სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე.
ბათუმის საბავშვო ბაღებში ახალ ჩარიცხულ აღსაზრდელთა დოკუმენტაციის მიღების პერიოდი განისაზღვრება 2020 წლის 26 აგვისტოდან 2020 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
აღსაზრდელის საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ 10 დღის ვადაში მშობელმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგეს უნდა წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია:
1) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
4) ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);
5) ID ბარათის შემთხვევაში ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ).
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სისტემაში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.
იმ ჯგუფებში, რომლებიც იქნება შევსებული, შესაძლებელია რიგის დაკავება. რიგში მდგომ აღსაზრდელებს პროგრამა ავტომატურად ჩარიცხავს საბავშვო ბაღში ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში.
რაც შეეხება ერთი საბავშვო ბაღიდან მეორე საბავშვო ბაღში (მობილობა) გადასვლას, ადმინისტრაციული საზღვრების დაცვით, დაიწყება 23 სექტემბრიდან.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება