GE

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხუთი წარჩინებული მოსწავლე კსუ-ის საბაკალავრო პროგრამებზე ფასდაკლებით ისწავლის

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხუთი წარჩინებული მოსწავლე, რომელიც სწავლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძობს, ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, ხუთასლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს. ხუთასი ლარით შეუმცირდება გადასახადი ასევე იმ ხუთ მოსწავლეს, რომელიც განათლების მიღებას უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაწყვეტს.

ინიციატივა ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, გააცნო.

ვახტანგ წივწივაძემ სასწავლო გრანტის დამადასტურებელი მოწმობები ბორჯომის მერს ლევან ლიპარტიას გადასცა.

სასწავლო გრანტის მფლობელებს, საკონკურსო წესით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა სასკოლო განათლების მესვეურებთან თანამშრომლობით გამოავლენს.

შეხვედრისას მულტიმედია ცენტრის საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ მომზადებული საპრეზენტაციო ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთასლარიანი ვაუჩერით სარგებლობის შესაძლებლობა, ბორჯომის გარდა, ყვარლის წარჩინებულ მოსწავლეებსაც აქვთ. მომავალში სასწავლო გრანტი ხელმისაწვდომი სხვა რეგიონების მოსწავლეებისთვისაც გახდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური