ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ზაალ სულაკაური
რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია მხატვარი, კარიკატურისტი ზაალ სულაკაური:
–რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხეთ და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე?
-უი, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ საოცარ რამეს გაგიმხელთ. ბებია მყავდა, რომელმაც ფაქტობრივად გამზარდა. მან წერა-კითხვა არ იცოდა და ზღაპრებს მე ვუკითხავდი. როგორც წესი, პირიქითაა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვანაირად მოხდა. მახსოვს, ძალიან მიყვარდა „სალამურას თავგადასავალი“. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ადამიანმა, რაც შეიძლება, ბევრი წიგნი უნდა წაიკითხოს. გურამ დოჩანაშვილს თუ დავუჯერებთ „ერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ, ცოტათი უკეთესი ხდები, ვიდრე მის წაკითხვამდე“. აქედან დასკვნა, რაც უფრო მეტ წიგნს წაიკითხავ მით უფრო კარგი ადამიანი ხდები.
ზაალ სულაკაურის თქმით, შეიძლება ხელში აიღო წიგნი და ვერ გაიგო. შეიძლება არ მოგეწონოს პუშკინი, მაგრამ არ ნიშნავს რომ არ ვარგა, უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ მისი გაგების დონემდე ჯერ ვერ მიხვედი.
მაშ ასე, გთავაზობთ იმ ავტორებისა და ნაწარმოებების ჩამონათვალს, რომელიც ზაალ სულაკაურის აზრით, აუცილებელია რომ წავიკითხოთ:
- გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
- ასევე, გურამ დოჩანაშვილის სხვა წიგნები
- ნოდარ დუმბაძის შემოქმედება
„საზღვარგარეთ სადაც ვყოფილვარ, ძალიან მომწონს ტრანსპორტში უმრავლესობას რომ აქვს წიგნი გადაშლილი და კითხულობს. დროს არ კარგავენ. მე ვურჩევდი ახალ თაობას, რომ დრო არ დაკარგონ და გახდნენ უკეთესები ვიდრე არიან. დღემდე ასე ვარ, წამს არ ვაცდენ, ახლაც რაღაცას ვხატავ. ხელში თუ რამე ჩამივარდება ვცდილობ გადავფურცლო, ჩავიკითხო, დავტკბე არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება. როგორაა იცით?! კითხვა საჭმელივითაა, ცოტას შეჭამ, მაგრამ, თუ გემრიელია მწვადივით კარგია მიდის და მიდის ვეღარ ჩერდები და ბევრი საქმე უკან გრჩება. დაგრჩეს, არაუშავს, იმიტომ რომ ამ ძვირფასი „მწვადი წიგნით“ ის საქმე, რომელიც გადაიდო უკეთესი გამოვა. და ბოლოს, ეცადეთ წაიკითხოთ წიგნები სულ“, – ამბობს ზაალ სულაკაური.
ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ელდარ შენგელაია
ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია თემურ ჩხეიძე
ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია რობერტ სტურუა
ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია
ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი
ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა
ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე
ქეთი არის© გიგოლაშვილი