ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე
„ადამიანი კარგი წიგნით ხელში არასდროს იქნება მარტო“. ალბათ, ამ გამონათქვამს ადვილად დაეთანხმებიან ის ადამიანები, ვისაც კითხვა ძალიან უყვართ და სიამოვნებთ. ახალგაზრდებისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად Aris.ge-განათლება აგრძელებს საზაფხულო რუბრიკას „რა უნდა წავიკითხოთ ზაფხულის არდადგებზე“ და განახლებული სახელითა და რესპონდენტებით ბრუნდება. ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი ენათმეცნიერი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მზექალა შანიძე გახლავთ:
„ძნელია გავიხსენო რომელი წიგნიდან დავიწყე კითხვა. მე ძალიან ბევრს ვკითხულობდი და არა მხოლოდ ბელეტრისტიკას. ჯერ კიდევ ახალგაზრდობის დროს, როცა, ჩვენს მოსაცდენად, კინო და ტელევიზორი ჯერ კიდევ არ იყო, ვკითხულობდით ქართულ, სამეცნიერო და პოპულალურ სამეცნიერო გამოცემებს, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებას. არაა კარგი, როცა ადამიანი სწავლის გაგრძელებას სამედიცინოზე გეგმავს და წარმოდგენა არ აქვს ვთქვათ, ვინ იყვნენ მედიცინის შემქმნელები, ასევე, გეოლოგიურზე. აქ საუბარია პრინციპზე, რა და როგორ უნდა იკითხოს ადამიანმა. ქვეყნად იმდენი კარგი წიგნია, ძნელია გამოარჩიოს კაცმა რომელი წიგნი, რომელზე უფრო მნიშვნელოვანია. სხვადასხვა დარგში წაკითხული ყველა წიგნი მნიშვნელოვანია. მთავარია იკითხონ რაც შეიძლება ბევრი. კლასიკური ლიტერატურა-ბელეტრისტიკა, არამარტო ქართული, არამედ ევროპულიც, ფრანგული, ინგლისური, გერმანული სამეცნიერო ლიტერატურა“, – ამბობს მზექალა შანიძე.
და მაინც, მზექალა შანიძის აზრით, რომელი ლიტერატურა უნდა წაიკითხოს თანამედროვე თაობამ აუცილებლად:
- ბელეტრისტიკაში –შექსპირი
- სერვანტესის „დონ კიხოტი“, არსებობს ძველი თარგმანები, სადაც ძალიან მდიდარი ლექსიკაა.
- ილია ჭავჭავაძე არა მხოლოდ ის, რაც სასკოლო პროგრამაშია შესული, არამედ კრიტიკული წერილებიც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მხატვრული ნაწარმოებები.
- პუშკინის პროზა, რომელიც ერთ-ერთია მრავალთა შორის, რომელსაც ბევრჯერ დავბრუნებივარ.
- ინგლისურ ენაზე ბერნანდ შოუს – პიესები, რომელსაც ასევე ბევრჯერ მივბრუნებივარ.
- ქართული ხალხური პოეზია, უამრავი კრებული არსებობს, მათ შორის, აკაკი შანიძის გამოცემული.
- ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანები სპარსული პოეზიისა.
- ჯემალ აჯიაშვილის თარგმანები ებრაული პოეზიისა.
„რჩევა ძალიან კარგია და ადვილია, თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანები ძალიან დაშორდნენ კითხვას. ამის მიზეზის გასარკვევად ჩვენი საუბარი შორს წავა. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. ზაფხულში, ეროვნული გამოცდების ნაწერების შემოწმებაში როცა ვიღებ მონაწილეობას, სურათი საზარელია. ახალგაზრდებმა სიტყვები არ იციან. მათ აზრის გამოთქმა უჭირთ. სწორედ ამიტომ მათაც და ყველამ უნდა იკითხოს ძალიან ბევრი. ბავშვი, რომელიც კითხულობს, მერე თვითონ პოულობს მომდევნო ნაწარმოებს. ლიტერატურისადმი ინტერესი რომ აქვს თვითონ გადადის მწერლის ერთი ნაწარმოებიდან, თუ ის მოეწონა, მეორეზე და ა.შ. “ – ამბობს მზექალა შანიძე.
კითხვაზე „რომელია წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობს,“ მზექალა შანიძე პასუხობს: „ახლა სამწუხაროდ, ბელეტრისტიკისთვის არ მცალია და პროფესიის გამო „ძველი ქართული ტექსტების“ გამოცემას ვკითხულობ“.
პ.ს „ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი“.
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლაშა ბუღაძე
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გურამ დოჩანაშვილი
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დათო ტურაშვილი
რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი
რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დავით დეფი
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია მარიკა ლორთქიფანიძე
ქეთი არის© გიგოლაშვილი