GE

ციფრული უსაფრთხოება – ილიაუნის ტრენინგების სერია სკოლის მოსწავლეებისთვის

ერთხელ მაინც თუ მიგიღია შეტყობინება, რომ აიფონი მოიგე, დაგიჯერებია ამბავი, რომელიც ყალბი აღმოჩნდა, შენთვის მუქარის ან შანტაჟის წერილი გამოუგზავნიათ და არ იცოდი, როგორ მოქცეულიყავი ან უბრალოდ გაინტერესებს, რა არის ციფრული უსაფრთხოება და როგორ დაიცვა საკუთარი ან სხვათა უფლებები ონლაინ, დარწმუნებული ვარ, ეს სესია შენთვის ძალიან საინტერესო იქნება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ორგანიზებით 2021 წელს რვა თვის მანძილზე გაიმართება ციფრული უსაფრთხოების ყოველკვირეული ტრენინგების სერია, რომელიც VIII-XII-კლასელ მოსწავლეებს თანამედროვე ციფრული უნარების ათვისებასა და განვითარებაში დაეხმარება.

XXI საუკუნეში ტექნოლოგიები და ციფრული სამყარო დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა მწირი ინფორმაციის გამო შესაძლოა ზიანის მომტანიც იყოს ჩვენთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. სწორედ ამიტომ პროექტის მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეები გახადოს უფრო მეტად ინფორმირებულები, ისწავლონ თავის დაცვა კიბერთავდასხმებისა და ყალბი ინფორმაციისგან.

კურსები იქნება ერთდღიანი და 8 თვის განმავლობაში 1000-მდე მოზარდს გადაამზადებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ:

  • ციფრული უსაფრთხოების მნიშვნელობა;
  • პირადი ინფორმაციისა და ანგარიშების დაცვის ხერხები;
  • ბულინგი ონლაინსამყაროში და მისგან თავდაცვა;
  • ყალბი ინფორმაცია (fake news) და მისი მარტივად ამოცნობა;
  • რა შემთხვევაში ვაწარმოებთ სამართლებრივ დავას;
  • ლიტერატურა და რესურსები ციფრული უსაფრთხოების შესახებ;

ტრენინგს გაუძღვება ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილი ფულარიანი.

ლილი ფულარიანის შესახებ

  • 2017 წლიდან ასწავლის ციფრულ მედიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA);
  • 2019 წელს მონაწილეობდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) პროექტში
  • „სოცმედია და ვებპროგრამირების ტრენინგები საქართველოში“;
  • იყო დასავლეთ საქართველოში მცხოვრები 130-მდე ქალის ტრენერი და მენტორი;
  • იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს პროექტის ციფრული კონსულტანტი პროფესიული სასწავლებლებისთვის სტუდენტ ქალთა მოზიდვაში;
  • „ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების“ თანადამფუძნებელია.

ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობა?

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-8-დან მე-12 კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც აინტერესებთ ციფრული უსაფრთხოება და სურთ, მეტი შეიტყონ ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე.

როგორ გახდე პროექტის მონაწილე?

ტრენინგები ჩატარდება 2021 წლის იანვარსა და თებერვალში. ტრენინგებზე დასასწრებად საჭიროა მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება. ფორმაში შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენთვის მოსახერხებელი თარიღი.

ყოველ ტრენინგზე დასწრება შესაძლებელი იქნება პირველი 30 დარეგისტრირებული მონაწილისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხებთ პირველ ნაკადზე მოხვედრას, სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით კვლავ გექნებათ შანსი დაესწროთ მომდევნო კვირის ტრენინგს.

აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლის ჩათვლით.

სააპლიკაციო ფორმა

თითოეულ ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 30
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი
შეხვედრა გაიმართება ყოველ შაბათს, 13:00 საათზე.

პარტნიორები: პროექტი ხორციელდება განათლების კოალიციის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტი დირექტორების, ეროვნული სასახლისა და ორგანიზაციის „ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები“ მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ: tiko.mamuchashvili@iliauni.edu.ge.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური