GE

CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საპატრიარქოს სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა, პროექტის „ქართული ღვინის გზა“ ფარგლებში, საპატრიარქოს სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უმასპინძლა.

უნივერსიტეტის მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტი მიზნად ახალგაზრდა თაობისთვის ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის გაცნობას, მევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე პრაქტიკასთან შეხების შესაძლებლობას და ამ მიმართულებით დაინტერესების წახალისებას ისახავდა.

უნივერსიტეტს სტუმრობდნენ თბილისის წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა, ყვარლის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზია, გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სკოლა-გიმნაზია და მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა. მონაწილეებმა, პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის სასწავლო და პრაქტიკული ბაზები მოინახულეს, რამაც მათ შესაძლებლობა მისცა, მევენახეობა-მეღვინეობის სხვადასხვა მიმართულებასა და საქმიანობას უშუალოდ გაცნობოდნენ.

ვიზიტის პირველი ნაწილი ისტორიულ ტურსა და თემატურ-სასწავლო აქტივობებს მოიცავდა. ფაკულტეტის კოორდინატორმა და მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლაშა ბოდაველმა მონაწილეებს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ თავისებურებებსა და ამ კულტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა. წარმოდგენილი იყო როგორც ისტორიული, ისე პრაქტიკული მასალა, რომელიც ქართული ღვინის უნიკალურობას წარმოაჩენდა.

ვიზიტი გაგრძელდა მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც ფაკულტეტის წარმომადგენლებმა – გვანცა ლოთუაშვილმა და ლიკა მეგრელიშვილმა, ლაშა ბოდაველთან ერთად, ლაბორატორიული ვორკშოპი ჩაატარეს. მოსწავლეებმა პრაქტიკული დემონსტრაციების მეშვეობით შეისწავლეს კვლევითი და გამოყენებითი მეთოდები, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გამოიყენება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ლაბორატორიულ ტექნიკასა და მის როლს ღვინის ხარისხის კონტროლსა და წარმოების პროცესების გაუმჯობესებაში.

პროექტი „ქართული ღვინის გზა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციასა და მათთვის ისეთი საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის სფეროსადმი ინტერესს გააღრმავებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს თანამედროვე სტანდარტებზე დამყარებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ხელმისაწვდომობას.

უნივერსიტეტის მხარდაჭერით პროექტი ახალგაზრდა პოტენციურ სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, ახლოს გაეცნონ აგროსექტორსა და ღვინის ინდუსტრიას, დაინახონ პროფესიული განვითარების გზები და მომავალში საკუთარი კარიერის დაგეგმვისას ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური