GE

CIU-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტი პროფესიაზე: სწორად შერჩეული უნივერსიტეტი არის ხიდი თქვენს ინტერესებსა და წარმატებულ კარიერას შორის

თადეოზ გოგბერაშვილი – ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა

პროფესიის შესახებ

მევენახეობა-მეღვინეობა სწრაფი ტემპით განვითარებადი დარგია საქართველოში, რაც გასაკვირი არაა, რადგან საქართველო ვაზის კულტურის 8000 წლიან ისტორიას მოიცავს. ვაზისა და ღვინის კულტურა ქართველი ერის ისტორიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, რომელიც ქართულ კულტურაში, ტრადიციებში, წეს-ჩვეულებებში, მხატვრობაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დარგებში მკვეთრად გამოიხატება. ეს პროფესია მოითხოვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო დარგების ღრმა ცოდნას, როგორიცაა ქიმია, ფიზიკა, მიკრობიოლოგია და ა.შ. ამ ცოდნის შედეგის ნახვა კი ბოთლში შეგვიძლია. „ღვინის დაყენებას ერთგვარი დახელოვნება ესაჭიროება. რაც მთავარია, გემოვნება, გემოვნება, რომელიც არც ისწავლება და არც სადმე იყიდება.“ ამ პროფესიის დაუფლება პასუხისმგებლობაა წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე.

CIU-ს გარემოსა და პროგრამის შესახებ

CIU ჩემთვის უცხო გარემო არ იყო, როდესაც ჩავაბარე. მქონდა საშუალება ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სხავდასხვა სასკოლო ოლიმპიადასა და აქტივობაში მიმეღო მონაწილეობა, რამაც დამარწმუნა, რომ სწორედ ეს იყო ის ადგილი, სადაც შევძლებდი შემესწავლა ეს პროფესია. CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამა ორიენტირებულია, როგორც ქართული მეღვინეობის უნიკალურობის შენარჩუნებაზე, ისე საერთაშორისო მეთოდების დანერგვაზე, რაც გვაძვლევს საშუალებას, ვიყოთ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე.

სწავლის პროცესი მორგებულია სტუდენტზე და მოიცავს კომპლექსურ პრაქტიკულ სწავლებას. ფაკულტეტის განკარგულებაშია უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მარანი „კოლხი“, მაღალხარისხიანი და ტრადიციების დაცვით აშენებული, გამორჩეული არქიტექტურის შენობა, რომელიც აღჭურვილია ტრადიციული ქართული მევენახეობა-მეღვინეობისთვის დამახასიათებელი ინვენტარითა და ტრადიციული სამეურნეო ტექნიკით. ამ სივრცეში უშუალოდ ვმონაწილეობთ ღვინის დაყენების ყველა ეტაპზე – ყურძნის მიღებიდან დაწურვამდე და დავარგებამდე.

უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია, ენოქიმიის, მევენახეობისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი სასწავლო-კველვითი აპარატურითა და დანადგარებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია სადეგუსტაციო კაბინეტი, სადაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასების, ღვინის ხარისხისა და დაავადებების ამოცნობაში დახელოვდნენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო-საცდელი ვენახები, სადაც პრაქტიკულად ვსწავლობთ ვაზის მოვლას, გასხვლასა და სხვა აგროტექნიკურ სამუშაოებს. ჩვენი პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს უნივერსიტეტის პარტნიორ წამყვან მეღვინეობებსა და საწარმოებში, რაც გვეხმარება რეალურ წარმოებაში არსებული გამოწვევების დაძლევაში.

გარდა აკადემიური სწავლებისა, CIU-ში ტარდება ღინის დეგუსტაციები, მასტერკლასები ცნობილ ენოლოგებთან და დარგობრივი შეხვედრები. ეს გვეხმარება, თვალი ვადევნოთ თანამედროვე ტენდენციებს, დავეუფლოთ ღვინის შეფასების ხელოვნებას და გავხდეთ ნამდვილი პროფესიონალები, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიას.

რჩევა აბიტურიენტებს

აბიტურიენტები რთული ამოცანის წინაშე დგანან. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან, სადაც უნდა აირჩიონ მათი მომავალი პროფესია. ამ დროს კი მნიშვნელოვანია კარგად გაიაზრონ თუ რისი კეთება სიამოვნებთ. მევენახეობა-მეღვინეობა არ არის მარტივი პროფესია. ეს სფერო მოითხოვს მოთმინებასა და მზაობას, რომ თქვენი ცხოვრება ვაზის ყოველწლიურ ციკლს დაუკავშიროთ. თუ არ გიყვარს მიწა, ვაზი და ის საოცარი გარდასახვა, რასაც ყურძენი ღვინომდე განიცდის, ამ საქმეში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეული უნივერსიტეტი არის ხიდი თქვენს ინტერესებსა და წარმატებულ კარიერას შორის. მიენდეთ საკუთარ ინტუიციას და აირჩიეთ საქმე, რომელიც ყოველდღიურ ბედნიერებას მოგანიჭებთ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური