GE

ცნობილია როგორ და რა ვადებში ჩააბარებს ეროვნულ გამოცდას აბიტურიენტი, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდება – ყველა დეტალი

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობის დროს, კორონავირუსი დაუდასტურდებათ. პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში კოვიდ-19 გამოუვლინდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვაც.

გამოცდებზე დაწესებული რეგულაციების შესახებ 15 ივნისს განათლების და მეცნიერების სამინისტროში ისაუბრეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის თქმით, ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც 37 გრადუსი და მეტი ტემპერატურა აღენიშნებათ, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19. მისვე თქმით მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მაქსიმალურად დაიცვას სოციალური დისტანცია, მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას, ასევე დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები. რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, ეროვნულ გამოცდაზე დაშვების მთავარი პირობა თერმოსკრინიგი იქნება.

თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები:

რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);

თუ გამოსაცდელს 37 ან 37  -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.5 მდე (37 .4 -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCRტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;

თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ:

თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.

იმ შემთხვევაში, თუ 37-დან 37.4-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;

37.5 ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.

ტემპერატურის 37.5 -ზე მეტის შემთხვევაში:

თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, იგი განთავსდება სამმხრივი გამჭვირვალე დამცავი ფარის/ ბარიერის მქონე სამუშაო მაგიდასთან, რომელიც დაშორებულია არანაკლებ ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან (მაგიდებს შორის დაშორება ყველა მხრიდან უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა)ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ შემდეგ გამოცდამდე მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით 5 ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით; მისი დაშვება შემდეგ გამოცდაზე მოხდეს არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე ჩატარებული PCR ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური