GE

„დაიცავი განათლება“ – მთავრობის დაგეგმილი რეფორმა თბილისში მარშით გააპროტესტეს

24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, თბილისში მარში, ლოზუნგით – „დაიცავი განათლება“ გაიმართა. მოქალაქეებმა, რომელთა შორისაც პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტებიც იყვნენ, ბანერებით – „ჩვენი ცოდნა არ იყიდება“, „ცოდნა ძალაა“, განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა გააპროტესტეს.

მარშის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს მსვლელობით, რა დროსაც სკანდირებდნენ: „ღირსეული განათლება სტუდენტებს“.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა და განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს, ასევე, ახალგაზრდებისთვის ნაკლები განათლების მიცემაზე იქნება ორიენტირებული. მისი შეფასებით, აქედან გამომდინარე, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები ბრუტალური და მავნებლურია.

„მომავალ სასწავლო წელს, საქართველოს ეყოლება უფრო ნაკლები სტუდენტი, ვიდრე ეს აქამდე იყო. ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს უფრო ნაკლებად განათლებულ ახალგაზრდობას. და სად მიჰყავთ ეს ახალგაზრდები?! ხელისუფლება ამცირებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, სამაგიეროდ ზრდის იაფი მუშახელის რაოდენობას. ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს: კვოტები თითოეული სასწავლო პროგრამისთვის, რომელ უმაღლესს ექნება ამა თუ იმ პროგრამის განხორციელების უფლება, რამდენი სხვადასხვა რანგის პროფესორი ეყოლება ამა თუ იმ სასწავლო პროგრამას. ეს გამოიწვევს პროფესორ-მასწავლებელთა შემცირებას, ჩამოქვეითებას.

უმაღლესი სასწავლებლები, მართალია, პირველ რიგში არის ადამიანთა მოქმედების სარბიელი, მაგრამ ისინი ასევე დაკავშირებულია კულტურულ მემკვიდრეობასთან, ძეგლებთან, რომლებიც სიმბოლოებად იქცნენ გარკვეული კულტურული თუ საგანმანათლებლო გამოცდილების. ამ რეფორმით ინგრევა ეს მატერიალური სიმბოლოები – შენობების სახით. უნდათ, რომ შენობები რაღაც დეველოპერულ ინტერსებს შესწირონ“, – აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

საპროტესტო მარში, რომელმაც გეზი ფილარმონიიდან აიღო და კანცელარიასთან გადაინაცვლა, საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის სახით გაგრძელდა.

ამასთან, მსვლელობაზე დაანონსდა, რომ 31 იანვარს, „ექსპო ჯორჯიაში“, ფორუმი, სახელწოდებით – „დაიცავი განათლება“ გაიმართება.

ასევე იხილეთ: 

ეს გზა 64 ჰარვარდამდე მიგვიყვანს? – საეტაპო ცვლილებებითა და პასუხგაუცემელი კითხვებით სავსე 2025 წელი განათლებაში

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური