„დამატებით 1010 ადგილს მივიღებთ“ – რატომ ვერ ხედავს დევნილი უნივერსიტეტის რექტორი დაწესებულების „ლიკვიდაციის“ საფრთხეს
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში გატარებული „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის ამოქმედების შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისაღები სტუდენტების რაოდენობა, სამჯერ შეუმცირდა, თუმცა უნივერსიტეტის რექტორი არ ფიქრობს, რომ ახალი რეალობა დევნილი უნივერსიტეტის ფუნქციონირებას საფრთხეს შეუქმნის. მეტიც, თეა ჯუღელი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ უნივერსიტეტში ადგილების დამატებას ელოდებიან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება აგრარული სპეციალობები (რომელიც ამ უნივერსიტეტში არასდროს ყოფილა); ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა და პედაგოგიკის სპეციალობები. თუმცა, როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, “ამ ეტაპზე აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და შესაბამისად მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თუმცა უახლოეს პერიოდში, დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ”.
ისტორიკოსები სოხუმის უნივერსიტეტისთვის დამდგარ ამ რეალობას დაწესებულების გაუქმებად და მისი მისიისა და სახის დაკარგვად აფასებენ. შეგვახსენებენ, რომ დევნილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აფხაზეთის სიმბოლოა და მისი მისია იმ საზოგადოების შენარჩუნება, შექმნა და მომზადებაა, ვინც აფხაზეთში უნდა დაბრუნდეს. თავად უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კი აცხადებენ, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ვერ შეეგუებიან, რადგან ეს მისი “ლიკვიდაციის” დასაწყისი და აფხაზეთის თემის აბუჩად აგდებაა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებულია 200-მდე პროფესორ-მასწავლებელი და სამი ათასამდე სტუდენტი ხუთ ფაკულტეტზე სწავლობს. სწორედ ეს ფაკულტეტები გადავა დევნილ უნივერსიტეტში მილევად რეჟიმში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი; ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი; განათლების მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ზემოთქმულის მიუხედავად, აი, რას ამბობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:
„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნქციონირებას აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეაფერხებს და იგი არ გამოიწვევს რაიმე პრობლემას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. მთავრობის მიერ დადგენილი საბაკალავრო პროგრამების საერთო რაოდენობა შეადგენს 380 ადგილს. აფხაზური ფილოლოგია (აკრედიტაციის შემდეგ – ქართული და აფხაზური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი) – 20 ადგილი;
ცვლილება შეეხება მხოლოდ იმას, რომ რამდენიმე მიმართულებას დაემატა მასწავლებლის მომზადების პროგრამა. ანუ არსებულ საბაკალავრო პროგრამებს, რომლებიც მომავალი 3 წლიანი პროგრამების სახით განაგრძობს ფუნქციონირებას მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით.
მიუხედავად პროგრამების რაოდენობრივი შემცირებისა, ცალკეულ დარგებზე გამოყოფილი ადგილების რაოდენობა გაზრდილია და აღემატება გასული წლების მაჩვენებლებს. ამასთანავე, დაგეგმილი ცვლილებების სრულად განხორციელების შემდეგ, უნივერსიტეტი დამატებით მიიღებს დაახლოებით 1010 ადგილს“, – გვიხსნის ქალბატონი თეა, თუმცა აღნიშნული დამატების შესახებ მთავრობის დასტური ჩვენ ჯერ დოკუმენტის სახით არ გვინახავს.
გარდა ამისა, თეა ჯუღელი არ ფიქრობს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად უსამართლოა, რადგან მიაჩნია, რომ ის შეესაბამება განათლების კონცეფციას, მაგრამ ამატებს: „აღნიშნული შესაბამისობის შეფასება, გარკვეულწილად, სუბიექტურ ხასიათს ატარებს“.
„უნივერსიტეტის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე, ალბათ მიზანშეწონილი იქნებოდა გასულ წლებში ახალი პროგრამების, პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რათა უნივერსიტეტს შესაძლებლობა ჰქონოდა მიეღო დევნილის სტატუსის მქონე უფრო მეტი აბიტურიენტი და არა ისეთი მცირე ოდენობით, როგორიც მაგალითად მიმდინარე წელს ჩაირიცხა (სულ 3)“, – მიიჩნევს უნივერსიტეტის რექტორი.
დევნილი უნივერსიტეტის რექტორს საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსურ უსაფრთხოებაზეც ვკითხეთ. ის ამ შემთხვევაშიც იმედიანად არის განწყობილი, უმაღლესი განათლების ბიუჯეტიდან დაფინანსების მოდელი სრულად იცვლება და შესაბამისად, უნივერსიტეტი არ ელოდება რაიმე სახის ეკონომიკურ ან ფინანსურ პრობლემას.
„წლების განმავლობაში უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან იღებდა სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას – მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განვითარება ხორციელდებოდა სახელმწიფოს მიერ ფინანსური მხარდაჭერის ხარჯზე. რაც უზრუნველყოფდა უნივერსიტეტის სტაბილურ და უწყვეტ ფუნქციონირებას“, – გვითხრა უნივერსიტეტის მმართველმა.
EDU.ARIS.GE იმითაც დაინტერესდა, რომელია ის მიმართულება ან საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის დაკარგვამაც პირადად რექტორის გულისწყვეტა გამოიწვია:
„ყველა პროგრამა გულდასაწყვეტია თითოეული აკადემიური პერსონალის მხრიდან თუ შევხედავთ ამ საკითხს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ პროგრამაზე წლების მანძილზე ერთი, ორი და სამი სტუდენტი ირიცხებოდა. აგრეთვე, როგორც იურისტს, გული მწყდება სამართლის დარგის მიმართულებაზე; ბუნებრივია, ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია ვერ მექნება. თუმცა იმ მიმართულებების ფარგლებში რომლებზეც უნივერსიტეტი აპირებს მუშაობას სამართლის პროფესორებს ექნებათ თავიანთი აკადემიური საქმიანობის განხორციელების საშუალება“, – განგვიცხადა თეა ჯუღელმა.
ცოტა რამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკმაოდ მდიდარი წარსული აქვს და სულ რაღაც ათიოდე წელიწადში 100 წლის იუბილესაც იზეიმებს. მისი ისტორია სათავეს 1932 წლის 7 თებერვლიდან იღებს, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოხუმში პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა. თავდაპირველად, ორი კათედრა არსებობდა, რომლებიც ძირითადად პედაგოგიურ კადრებს ამზადებდნენ. შემდგომ წლებში ინსტიტუტს სხვა სპეციალობებიც დაემატა და 1979 წლიდან ჩამოყალიბდა როგორც აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტი. სასწავლო პროცესი ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე წარმოებდა.
მოგვიანებით, აფხაზეთში პოლიტიკური ვითარების დაძაბვისა და სეპარატისტული ძალების გააქტიურების პარალელურად, სიტუაცია უნივერსიტეტშიც აირია. სეპარატისტულმა იდეებმა საგანმანათლებლო სივრცეშიც შეაღწია, რამაც უნივერსიტეტის ორად გახლეჩა და ეთნიკური ქართველების გამოყოფა გამოიწვია. შედეგად, 1989 წლის 14 მაისს უნივერსიტეტის ქართული ნაწილის ბაზაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი ჩამოყალიბდა, რომელმაც 1993 წლიდან, ომის დასრულებისა და სოხუმის დაცემის შემდეგ, დედაქალაქში განაგრძო ფუნქციონირება.
2007 წლის ზაფხულში ფილიალის სტატუსი ჩამოსცილდა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა. 2008 წელს მან ჯერ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების სახელმწიფო ლიცენზია მიიღო, მოგვიანებით კი სახელმწიფო აკრედიტაციაც.
ამავე თემაზე:
-
დარჩება თუ არა სკოლებში მუსიკა და ხელოვნება? – „განათლებაზე“ ვზრუნავთ, მაგრამ მთავარი ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება!“
by განათლებული ბლოგი
-
როგორი ხელფასებია NAEC-სა და EMIS-ში 2026 წელს – ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები
by ARIS.GE-განათლება
-
უმაღლესებში გამოცხადებული ადგილებისა და პროგრამების შესახებ დადგენილება, დიდი ალბათობით, შეიცვლება
by ARIS.GE-განათლება
