დამრიგებლის დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა სკოლების ახალი შინაგანაწესის პირობებში – დეტალები
საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმის შემოტანისა და ელექტრონული მოწყობილობების აკრძალვის შემდეგ ცვლილებები შევიდა სკოლების შინაგანაწესშიც და დამატებითი ფუნქციები თუ ვალდებულებები კლასის დამრიგებლებსაც შეეხოთ. EDU.ARIS.GE თბილისის არაერთი საჯარო სკოლის განახლებულ შინაგანაწესს გაეცნო და დღეს წარმოგიდგენთ რა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვს სკოლის განახლებული შინაგანაწესით კლასის დამრიგებელს.
სკოლის შეცვლილი შინაგანაწესი და დამრიგებლის შესაბამისი ვალდებულებები:
დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
სასწავლო პროცესი
– კლასის დამრიგებელი ვალდებულია თავისი სადამრიგებლო კლასისათვის გაკვეთილების ცხრილით განსაზღვრული გაკვეთილების დასრულებამდე იმყოფებოდეს სკოლაში.
– კლასის დამრიგებელი ვალდებულია გაკვეთილებს შორის შესვენებების დროს იყოს კლასთან;
– კლასის დამრიგებელი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს სადამრიგებლო კლასში განთავსებულ სკოლის მატერიალურ ქონებას და სასკოლო ინვენტარს, იზრუნოს მის მოვლა პატრონობაზე;
– თუ კლასი გაკვეთილების დასრულების შემდეგ რჩება სკოლაში კლასგარეშე აქტივობის, ან სხვა მიზეზის გამო, კლასის დამრიგებელი ვალდებულია იყოს კლასთან.
ახალი ვალდებულება ელექტრონული მოწყობილობების აკრძალვის შემდეგ
კლასის დამრიგებელი ვალდებულია საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე, ზედამხედველობა გაუწიოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სპეციალურ სათავსში მოთავსებას და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მათ გატანას.
ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სპეციალურ სათავსში მოთავსებას და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მათ გატანაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს კლასის დამრიგებელი ან სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სხვა პირი/პირები.
სკოლის დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დროებით შენახვასა და მოსწავლეებისთვის მათ დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირებს. პასუხისმგებელ პირად შეიძლება განისაზღვროს: ა) კლასის დამრიგებელი; ბ) საგნის მასწავლებელი; გ) დირექტორის მოადგილე; დ) სკოლის თანამშრომელი.
ელექტრონულ მოწყობილობებზე პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები:
პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სპეციალური სათავსის მზადყოფნა სასწავლო დღის დაწყებამდე; ბ) ორგანიზება გაუწიოს მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სპეციალურ სათავსში განთავსებას; გ) ზედამხედველობა გაუწიოს სპეციალური სათავსის სწორ და უსაფრთხო გამოყენებას; დ) არ დაუშვას სპეციალურ სათავსში სხვა ნივთების მოთავსება; ე) უზრუნველყოს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების მოსწავლეთათვის დაბრუნების ორგანიზება, გარდა შინაგანაწესით გათვალსიწინებული სხვა შემთხვევებისა; ვ) წესის დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას; ზ) საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს სამსახურებრივი ბარათი (აქტი); თ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევაში; ი) დაიცვას კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნები; კ) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების დაზიანების, დაკარგვის, ტექნიკური გაუმართაობის ან სხვა ინციდენტის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს.
პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს:
- მოსთხოვოს მოსწავლეს ამ წესის დაცვა;
- უარი თქვას სპეციალურ სათავსში იმ ნივთის მოთავსებაზე, რომელიც არ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებას;
- წესის დარღვევის შემთხვევაში, ჩამოართვას მოსწავლეს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება ან/და მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას შესაბამისი რეაგირებისათვის;
- სკოლის ადმინისტრაციისაგან მოითხოვოს სპეციალური სათავსის შეცვლა ან შეკეთება, თუ იგი დაზიანებულია ან აღარ უზრუნველყოფს უსაფრთხო გამოყენებას.
პასუხისმგებელ პირს ეკრძალება:
- მოსწავლის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების ჩართვა;
- მოწყობილობის გახსნა;
- პაროლის მოთხოვნა;
- ფოტოების, ვიდეოების, მიმოწერის ან სხვა ინფორმაციის დათვალიერება;
- მოწყობილობის სხვა პირისთვის გადაცემა;
- ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება პირადი ან სხვა მიზნებისთვის;
- მოსწავლის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების დატოვება ზედამხედველობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი მოთავსებულია უსაფრთხო სპეციალურ სათავსში.
ფორმა და დამრიგებელი
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს კლასის დამრიგებელი ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გარეშე სკოლაში გამოცხადების შემთხვევის აღმოჩენისას კლასის დამრიგებელი ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი მოსწავლის მშობლეთან/ კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის საფუძველზე, ადგენს სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გარეშე მოსწავლის სკოლაში გამოცხადების მიზეზს.
სხვა საორგანიზაციო საკითხი
ასევე, მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომისას სკოლის მანდატურის მიერ შედგენილ დარღვევის აღრიცხვის ფურცელზე რეაგირების ვადები და პირობები ითხოვს, რომ “კლასის დამრიგებელი, სკოლის დირექცია ვალდებულია, გონივრულ ვადაში სკოლის მანდატურს/უფლებამოსილ პირს წერილობით აცნობოს ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი დარღვევის აღრიცხვის ფურცელთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ”.
ასევე იხილეთ:
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები
-
მოსწავლის შეფასება – ყველაფერი, რაც მშობელმა სკოლის ან პედაგოგის ვალდებულებებზე უნდა იცოდეს
by ARIS.GE-განათლება