დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის გადაცემისა და გაყიდვის წესი დამტკიცდა – დეტალები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 11 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმით უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესი.
მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებები
1. საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ კანონის საფუძველზე, მათ შორის, ამ მიზნით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – „საგანმანათლებლო რესურსები“ (შემდგომ – შპს „საგანმანათლებლო რესურსები“).
2. შპს „საგანმანათლებლო რესურსები“, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სასკოლო ფორმის ტანსაცმლის დამზადებას/შესყიდვას, დასაწყობებას/შენახვას, რეალიზაციას/გადაცემას (მათ შორის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში უსასყიდლოდ გადაცემას) და აღრიცხვას, ასევე, სასკოლო ფორმის ტანსაცმლით საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა უზრუნველსაყოფად აუცილებელ ყველა სხვა ღონისძიებას.
3. საჯარო სკოლები, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლით დადგენილი, სასკოლო ფორმის სავალდებულოდ ჩაცმასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად, ახორციელებენ აუცილებელ სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და პრაქტიკულ ღონისძიებებს, მათ შორის, სკოლის შინაგანაწესით ადგენენ შესაბამისი მონიტორინგის, პრევენციისა და პასუხისმგებლობის ზომებს, ასევე, ამავე კანონით დადგენილ შემთხვევაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან მოსწავლის გათავისუფლების საკითხს სამინისტროსთან წერილობით ათანხმებენ.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზება
1. სასკოლო ფორმების ტანსაცმლის რეალიზება ხორციელდება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ განსაზღვრული ფიზიკური სივრცეებიდან (რეალიზების პუნქტები/გაცემის ცენტრები) ან/და შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდიდან ონლაინგაყიდვის საშუალებით.
2. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზების თითოეულ პუნქტში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ერთეული საბანკო გადახდის ტერმინალი.
3. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზების პუნქტში განთავსებული საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გადარიცხვის, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვისა და საგადახდო დავალების შესაბამის რეალიზების პუნქტში წარდგენის გზით.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის უსასყიდლოდ გადაცემა
1. პროგრამის ბენეფიციარებისათვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ განსაზღვრული რეალიზების პუნქტებიდან/გაცემის ცენტრებიდან ან/და ონლაინმოთხოვნის დაფიქსირების გზით, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ადმინისტრირებული პროგრამის ბენეფიციართა ერთიან ბაზაში ბენეფიციარის სტატუსის დადასტურების საფუძველზე.
2. პროგრამის თითოეულ ბენეფიციარზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გაიცემა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ერთეულების შემდეგი ოდენობა:
ა) ბიჭისთვის – 1 პიჯაკი და 2 შარვალი;
ბ) გოგოსთვის – 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 ქვედაკაბა.
3. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს მოიპოვებს სასწავლო წლის განმავლობაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მისაღებად მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით მიმართავს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.
4. შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას და მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სასკოლო ფორმის ტანსაცმლის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე;
ბ) სასკოლო ფორმის ტანსაცმლის უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხილვისას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ უფლებამოსილია გადაამოწმოს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და წერილობით ეცნობოს განმცხადებელს. იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლა/დაბრუნება
1. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი გადაცვალოს/დააბრუნოს მისი მიღებიდან/შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
2. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ქარხნული წუნის აღმოჩენის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევებში. ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ერთჯერადად. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაზე.
3. სასკოლო ფორმის ტანსაცმელი გადაცვლის/დაბრუნების შემთხვევაში უნდა იყოს დაუზიანებელი, შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, ეტიკეტი და არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი.
4. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლის/დაბრუნების მიზნით, ამ მუხლის შესაბამისად, მიმართოს რეალიზების პუნქტს ან შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დაირღვა ამ მუხლით განსაზღვრული ვადა და პირობები, შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ უფლებამოსილია უარი თქვას სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლაზე/დაბრუნებაზე.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცემის აღრიცხვა
1. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცემა ხორციელდება:
ა) რეალიზების შემთხვევაში – სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის გადახდის ან მისი გადახდის დამადასტურებელი ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ;
ბ) პროგრამის ბენეფიციარების შემთხვევაში – შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.
2. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ხორციელდება თითოეული რეალიზებული/პროგრამის ბენეფიციართათვის უსასყიდლოდ გადაცემული, ასევე, გადაცვლილი/დაბრუნებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა შესაბამის ელექტრონულ სისტემაში, მოსწავლის შესახებ ინფორმაციის მითითებით.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შენახვა
1. სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ წინასწარ განსაზღვრული რეალიზების პუნქტებში/გაცემის ცენტრებში ტრანსპორტირებამდე, განთავსებულია და ინახება შესაბამისად გამოყოფილ, უსაფრთხო, მშრალ, სუფთა და ტენისგან დაცულ სასაწყობე ფართ(ებ)ში.
2. სასაწყობე ფართი უნდა იყოს დაცული, ხოლო შენობის პერიმეტრი – აღჭურვილი ვიდეომონიტორინგის სისტემით.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტრანსპორტირება
1. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტრანსპორტირება რეალიზების პუნქტებამდე/გაცემის ცენტრებამდე ხორციელდება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოყოფილი სათანადო სატრანსპორტო საშუალებებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებში სასკოლო ფორმის ტანსაცმელი იმგვარად უნდა იქნეს განთავსებული, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
1. პერსონალური მონაცემების დამუშავება ამ წესის მიზნებისათვის და შესაბამისი მოცულობით ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ წესის მიზნებისთვის, პროგრამით განსაზღვრულ, ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებთან ერთად, ასევე მუშავდება საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ა) სახელი და გვარი;
ბ) სქესი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) სკოლა;
ვ) კლასი;
ზ) მოსწავლის სასკოლო ფორმის ზომა;
თ) საცხოვრებელი მისამართი (რეგისტრაციის, ფაქტობრივი), მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო მონაცემები.
3. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და დაცვაზე პასუხისმგებელია შპს „საგანმანათლებლო რესურსები“.
ასევე იხილეთ:
-
ეს სიახლეები დახვდებათ მოსწავლეებს 15 სექტემბერს სკოლებში – გივი მიქანაძე
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებისთვის გამოცდებითა და გამოცდების გარეშე მისაღები სტუდენტების ახალი რაოდენობები განისაზღვრა – ირაკლი კობახიძის დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტებს რომელი პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ – ცვლილება
by ARIS.GE-განათლება