GE

„დედაენაზე ამ გაუგებარი ინიციატივით, ხდება გოგებაშვილის სამი ძირითადი პრინციპის უგულებელყოფა, ქარის წისქვილებს ვებრძვით!“

„ქვეყანა, რომელიც ვერ ახერხებს თანამედროვე რესურსის შექმნას თავისი მომავალი თაობისათვის წერა-კითხვის სასწავლებლად და მეცხრამეტე საუკუნის სამუზეუმო ექსპონატებს უბრუნდება, ძალიან ბუნდოვანი მომავლის წინაშე დგას!“, – მიიჩნევს განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა, რომელიც ამგვარად სკოლებში გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებული „დედაენის“ შეტანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს ეხმიანება. პარლამენტის განათლების კომიტეტმა ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

აფხაზავა ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა თავად გოგებაშვილისეულ სამ ძირითად პრინციპს არღვევს:

„ჩემი ღრმა რწმენით, გოგებაშვილის სახელმძღვანელოს წარმატების მთავარი განმაპირობებელი იყო სამი ძირითადი პრინციპის ერთობლიობა: I. გოგებაშვილი დაეყრდნო, ი მ  დ რ ო ი ს თ ვ ი ს ინოვაციურ და თანამედროვე დასავლურ მეთოდოლოგიას (რომელიც რუსეთის გავლით მოხვდა საქართველოში); II. მან მოარგო სახელმძღვანელოს ტექსტები მოსწავლეთა, ი მ  დ რ ო ი ს თ ვ ი ს არსებულ ინტერესებს და III. მან გაითვალისწინა კოლეგების კრიტიკული მოსაზრებები და მრავალჯერ ძირფესვიანად გადაამუშავა და შეცვალა თავისივე სახელმძღვანელო (მათ შორის მეთოდიც).

დღეს, სამწუხაროდ, თითქოსდა პატრიოტიზმში შეფუთული ამ სრულიად გაუგებარი ინიციატივით ხდება მისი ამ სამივე ძირეული პრინციპის უგულებელყოფა!

თან ამაზე დროის და კალორიების ხარჯვა ხდება მაშინ, როდესაც სახელმძღვანელოების შექმნის არსებული სისტემა (გრიფირება) სრულიად არაადეკვატური და არაეფექტურია (ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ). ეს სისტემა ავტორებს ს ა მ  თ ვ ე შ ი სთხოვს სახელმძღვანელოს შემუშავებას (!!!), ექვსი თვე ანდომებს მათ შეფასებას და მაინც ვერ ახერხებს ამ შეფასების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზების თავიდან აცილებას.

იმის ნაცვლად, რომ ახლა კანონმდებლები, აღმასრულებლები და საზოგადოება იმით ვიყოთ დაკავებული, როგორ შევქმნათ სახელმძღვანელოების მოქნილი მოდელი, რომელშიც ჩართული იქნებიან უნივერსიტეტები, პედაგოგები და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, ჩვენ რას ვაკეთებთ? ვებრძვით ქარის წისქვილებს!

დარწმუნებული ვარ, დღეს რომ იაკობ გოგებაშვილი ცოცხალი იყოს, ამ ინიციატივის ყველაზე დიდი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე თავად იქნებოდა!

P.S. სულმოუთქმელად ველი, როდის გახდის ჯანდაცვის კომიტეტი სავალდებულოს კარაბადნით მკურნალობას ჩვენს საავადმყოფოებში“, – წერს რევაზ აფხაზავა.

ამავე თემაზე:

დეპუტატი: კანონპროექტი ამბობს, რომ „დედაენა“ აუცილებლად უნდა იყოს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში. მორჩა!

რა ტიპის ხარვეზებს ხედავენ მშობლები პირველი კლასის „დედაენაში“ და როგორია სპეციალისტების პასუხი

„გოგებაშვილის მეთოდის“ პარადოქსი

პატრიარქი საჯარო სკოლებში გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების მომხრეა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური