დღეს სკოლებში ძალადობის, ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე აღინიშნება
ნოემბრის პირველ ხუთშაბათს იუნესკო და მისი წევრი ქვეყნები სკოლაში ძალადობისა და ბულინგის, მათ შორის კიბერბულინგის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
როგორც დღეს, 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, წლევანდელი ღონისძიებების მთავარი თემაა „ყველა მოსწავლე უსაფრთხოდ და კარგად: დაპირებიდან პრაქტიკამდე“.
საერთაშორისო დღე, რომელიც ტრადიციულად ნოემბრის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება, წელს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გლობალური ვალდებულებების პრაქტიკაში რეალიზებას, სკოლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას, ინკლუზიასა და ციფრულ უსაფრთხოებას. ორგანიზაციის განცხადებით, სასკოლო ძალადობა პირდაპირ ლახავს ბავშვთა უფლებებს განათლებასა და კეთილდღეობაზე.
თარიღთან დაკავშირებით, იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ხალედ ელ-ენანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა სხვადასხვა სექტორის ერთობლივ პასუხისმგებლობას:
„მთავრობებს, პედაგოგებს, ოჯახებს, თემებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს ყველას აკისრიათ პასუხისმგებლობა, დაიცვან მოსწავლეები, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეში. ეს მოითხოვს ეფექტური პრევენციისა და ანგარიშგების მექანიზმებს, მდგრად ინვესტიციებსა და ანგარიშვალდებულებას. ამ საერთაშორისო დღეს, იუნესკო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ვალდებულებას, უზრუნველყოს, რომ ყველა მოსწავლეს შეეძლოს სწავლა, ზრდა და განვითარება შიშის გარეშე. ყველა ბავშვს აქვს სწავლის უფლება უსაფრთხოდ და ღირსეულად“.
საერთაშორისო დღის ფარგლებში, იუნესკოს პარიზის შტაბ-ბინაში წევრი ქვეყნებისთვის იმართება პოლიტიკური დიალოგი, სადაც ორგანიზაცია წარადგენს ახალ სახელმძღვანელოებს მასწავლებლებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და ციფრული ძალადობის პრევენციისთვის.
ეს თარიღი ასევე ემთხვევა ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების შესახებ მეორე გლობალურ მინისტერიალს, რომელიც მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, მანილაში ჩატარდება და უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის პროგრესს შეაფასებს.
ასევე იხილეთ:
-
„პირველი წამყვანი პროფესორი გაზაფხულზე გვეყოლება – ბიუჯეტის პრობლემა არ არსებობს, ეს საკითხი [10 000-ლარიანი ხელფასი] სასაცილოა…“
by ARIS.GE-განათლება
-
პარლამენტმა პროექტი აღარ დაახარვეზა – „უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი განხილვის ეტაპზე გადავიდა“
by ARIS.GE-განათლება
-
აკრძალვები სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს – რა შეზღუდვები იმოქმედებს შიდა და გარე მობილობის დროს ახალი ბრძანებით
by ARIS.GE-განათლება