GE

დისტანციური სწავლება ჯარის გადავადების საფუძველი ვეღარ იქნება – რა ცვლილებები შედის თავდაცვის კოდექსში

მთავრობის ინიციატივითა და წარდგინებით, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონის პროექტს, რომელიც თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს ეხება, პირის მიერ სავალდებულო ჯარის გადავადებისას ახალ აკრძალვებს დაადგენს და მათ შორის არის დისტანციური სწავლისას ჯარის გადავადების უფლების გამოყენების შეზღუდვაც.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძემ კანონპროექტის პირველი წარდგენისას პარლამენტში განმარტა, მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ცვლილებები „ჯარისგან შესაძლო თავის არიდების ხვრელების ამოვსებას ეხება“.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაციები, სტუდენტის სტატუსის ფიქტიურად შეძენის შესახებ და ამით ჯარისგან თავის არიდება არაკეთილსინდისიერი გზებით იქნებოდა შესაძლებელი.

„პირველი საკითხი ეხება სტუდენტებს, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ. დისტანციურად სწავლის შემთხვევაში, ეს სტატუსი აღარ იქნება 2025 წლიდან გადავადების საფუძველი და სტუდენტებს დისტანციურად სწავლების შემთხვევაში, შევთავაზებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის სხვადასხვა ვარიაციას. ეს არის 6 და 8-თვიანი, ან 11-თვიანი და ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ თავდაცვის კოდექსით დამტკიცებული გვაქვს ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამები სტუდენტებისათვის. ეს იქნება სავალდებულო დისტანციურად სწავლების შემთხვევაში სტუდენტებისათვის, რაც ითვალისწინებს, რომ სტუდენტმა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური ზაფხულობით. ეს ითვალისწინებს ერთ თვეს, მაშინ, როდესაც არ არის სწავლა და გამოცდები. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ ამ შემთხვევაში, ფიქტიურად მომხდარიყო, ასე ვთქვათ დისტანციური სწავლებისთვის სტუდენტის სტატუსის შეძენა და აქედან გამომდინარე, ჯარისგან თავის არიდება. ჩვენ დროულად, სამართლებრივად ვუპასუხეთ ამ გამოწვევას და ინიციატივაც ამას ისახავს მიზნად“, – თქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება საკითხს, როგორ გაივლის პირი დისტანციურ სწავლებას გაწვევის პარალელურად, მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ თავდაცვის კოდექსის 32-ე მუხლით გარანტირებული განათლების უფლების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის (მათ შორის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისთვის), უზრუნველყოფილია დისტანციური სწავლებისთვის საჭირო გარემო, ტექნიკა, ინტერნეტი, რაც სამხედრო მოსამსახურეებს (მათ შორის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს) აძლევს შესაძლებლობას დისტანციური ფორმით ისწავლონ უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული სამხედრო ვალდებულებისა და განათლების უფლების ჰარმონიულად რეალიზება.

გარდა ზემოაღნიშნული შეზღუდვისა, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ დაკანონდება გარემოება, რომლითაც დისტანციური სწავლისას ჯარის გადავადებით სარგებლობას პირი კონკრეტულ შემთხვევაში შეძლებს.

ამონარიდი კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან:

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებით ისარგებლოს მხოლოდ იმ პირმა, რომელიც სწავლობს უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით და მას არ ეკისრება საზღვარგარეთ ყოფნის ვალდებულება სწავლის გამო.

პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ ისარგებლებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, მისთვის კანონი დაადგენს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის მისაღები ფორმის შერჩევის შესაძლებლობას. კერძოდ, როგორიცაა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე) ან კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან – 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.

განმარტებითი ბარათიდან ვიგებთ იმასაც, რომ თავდაცვის კოდექსში ასევე შემოდის აქტიური სტატუსი მქონე სტუდენტის ცნებაც და აღნიშნულია, რომ სავალდებულო ჯარის გადავადებით მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ისარგებლებენ.

ამონარიდი კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან:

„დ.ა“ ქვეპუნქტი დაარეგულირებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადავადებას. გადავადების უფლებით ისარგებლებს პირი, რომელიც არის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე;

„დ.ბ“ ქვეპუნქტი მოაწესრიგებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადავადებას. ამ შემთხვევაში, გადავადების უფლებით ისარგებლებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სრულად დისტანციური სწავლების ფორმით არ ხორციელდება.

კიდევ ერთი ცვლილება ეხება გაწვევის შემთხვევაში წვევამდელისგან ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას. როგორც მინისტრის მოადგილემ პარლამენტში განმარტა, ამჟამად მოქმედი ნორმით, გაწვევის გადაწყვეტილება ჩერდება იქამდე, ვიდრე არ დამთავრდება სასამართლო წარმოება, სასამართლოში კი საქმეები ხშირად რამდენიმე წლითაც ჭიანურდება და სწორედ ამიტომ, თავდაცვის კოდექსში შეიტანენ ცვლილებას, რომლითაც საქმის დაჩქარებული წარმოება სასამართლოში მაქსიმუმ სამ თვეს გასტანს.

„მოგეხსენებათ, რომ სასამართლოებში შესაძლებელი არის ერთი, ორი და შეიძლება მეტი წლით განხილვის გაჭიანურება, ობიექტური მიზეზების გამო და ესეც, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერად გასაჩივრების უფლების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული ყოფილიყო ჯარის გადავადების შესაძლებლობად. ამიტომ, ჩვენ შემოგვაქვს გამარტივებული, დაჩქარებული წარმოება და დაახლოებით 2-3 თვეში მოხდება აღნიშნული საქმეების განხილვა და დასრულება. ამ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუმცა თუ აშკარა იქნება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, მოგეხსენებათ, თავდაცვის კოდექსი ითვალისწინებს სხვადასხვა საფუძვლებს გადავადების და გათავისუფლების, რომელიც დოკუმენტურად მტკიცდება და თუ ასეთი წარმოდგენილი იქნება სასამართლოში, სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, რომ აშკარა უკანონო გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეაჩეროს გაწვევის გადაწყვეტილება სასამართლოში საქმის წარმოების დასრულებამდე“, – აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.

კანონპროექტის თანახმად, კიდევ ერთი ცვლილება ეხება სავალდებულო სამხედრო გაწვევის გადავადების საფუძვლებს და გარემოებას, თუ გადავადების საფუძველი გაჩნდება მაშინ, როდესაც წვევამდელი უკვე გადის სავალდებულო სამხედრო სამსახურს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ახსნა, რომ „შვილის შეძენა, ორი და მეტი შვილი, მიცემს ახალგაზრდას შესაძლებლობას, მისი სურვილის შემთხვევაში, მან დაასრულოს სავალდებულო სამხედრო სამსახური, არ გადაივადოს და შესაბამისად, მინისტრის მიერ დამტკიცებული სხვადასხვა სოციალური გარანტიებით ისარგებლოს. ეს იქნება ბონუსები შვილის შეძენის შემდეგ თუ სხვა“.

ახალი ცვლილებებით ასევე გამარტივდება სამხედრო წოდების მინიჭების ფორმაც.

როგორც გრიგოლ გიორგაძემ პირველი წარდგენისას განმარტა, თავდაცვის კოდექსში ამ ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა ჯერ კიდევ თავდაცვის კოდექსის საბოლოო დამტკიცებამდე წარმოიშვა, თუმცა მაშინ ეს პროცედურულად ვერ განახორციელეს. ამის მიუხედავად, დეპუტატები განსახორციელებელ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან და კრიტიკულად უყურებენ. თავდაცვის სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ ცვლილებები თავდაცვის კოდექსის გაუმჯობესებასა და ჯარისგან თავის არიდების არაკეთილსინდისიერი გზების აღმოფხვრას ემსახურება.

პირის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის ფორმები (ვადები) ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან და მთავრობისმიერ წარმოდგენილი კანონის პროექტში აღნიშნული კატეგორიის პირებს ექნებათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის ფორმისა და ვადის არჩევის უფლება.

განახლებულია 15:36 29/12/2023

ცვლილებები თავდაცვის კოდექსში დამტკიცდა

ამავე თემაზე:

ვის ჩაეთვლება გავლილად წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური – რა წერია ახალ თავდაცვის კოდექსში სამხედრო განათლებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური