დისტანციური სწავლების მომავალი ქართული განათლების სისტემაში, არსებული პრობლემები და გაჩენილი შესაძლებლობები
უკვე ერთი წელია მსოფლიო პანდემიის პირობებში ცხოვრობს და არც საქართველოა გამონაკლისი. კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან თითოეული ჩვენგანის ცხოვრების დღის წესრიგი მნიშვნელოვნად შეიცვალა. შეიცვალა განათლების მიღების ფორმა. კორონავირუსმა სრულიად მოულოდნელად და მოუმზადებლად აიძულა განათლების სისტემა სწავლების დისტანციურ ფორმაზე გადასულიყო. გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრი მთლიანად დისტანციურ ფორმატში წარიმართა, ახალი სასწავლო წლიდან კი, მიუხედავად დიდი იმედებისა და დაპირებისა, სწავლის სრულფასოვანი აღდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ მოხერხდა და შესაბამისად, საქართველოს მოსწავლეების უმრავლესობა 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრსაც დისტანციურად ამთავრებს.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ ხედავენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები დისტანციური სწავლების როლს სასკოლო ცხოვრებაში პანდემიის დასრულების შემდეგ, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა ონლაინ გაკვეთილებმა სკოლა და მისი შემადგენელი კომპონენტები მასწავლებლებით დაწყებული მშობლებით დამთავრებული.
ჩვენი რესპონდენტი მასწავლებლების მონათხრობიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი პრობლემა დისტანციური სწავლებისთვის მოუმზადებლობამ შექმნა, განსაკუთრებით გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში. მათი თქმით, პრობლემას წარმოადგენს ასევე ინტერნეტისა და გაკვეთილზე ჩასართავად შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არ არსებობა. რაც ყველაზე მთვარია, მასწავლებლებში კითხვას ისევ იწვევს მოსწავლის შეფასებითი ნაწილი.
EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მასწავლებლების უმრავლესობა ასევე აღნიშნავს, რომ დისტანციური სწავლების როლს მომავალში საერთოდ ვერ ხედავენ, რადგან ქართული განათლების სისტემა ამისთვის არც ტექნიკურად და არც მასწავლებელთა მომზადებით სათანადო დონეზე არაა, თუმცა აქვე დასძენენ, რომ განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევების დროს დისტანციური სწავლების პრაქტიკა შეიძლება გამოიყენონ.
მაია რურუა, 37-ე საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:
„მომავალში საერთოდ ვერ ვხედავ დისტანციურ სწავლებას, იმიტომ რომ ბავშვებს მობეზრდათ, აღარ სურთ უკვე ასე სწავლა. ვერ მიდის იმ ფორმატით, როგორითაც უნდა მიდიოდეს. პრობლემაა, რომ მასალების გადაცემა არ ხდება, ახლა შეჯამებაზე როგორ წავა საუბარი, როგორი იქნება პირველი სემესტრის შეფასება? მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა იყოს ნიშნები ამ სემესტრში. არადა იქნება შეფასების პრობლემა, იმიტომ რომ ჯერ ერთი არავის არ უკითხავს აქვს თუ არა მასწავლებელს ტექნიკა, მაგალითად ჩემი ტექნიკა ძველია და გამოსულია მწყობრიდან. ასევე, ბავშვებს წვდომა არ აქვთ ზოგადად კომპიუტერთან, არის რამდენიმე მოსწავლე, რომელიც სისტემატურად არ შემოდის გაკვეთილზე. ჩავარდნილია პროცესი. როდესაც დაბალ კლასებში ასწავლი საგანს, მით უფრო უცხო ენას, ვიზუალიზაცია აუცილებელია. როგორც არ უნდა გქონდეს მოწყობილი პლატფორმაზე, სკოლას მაინც ვერ შეცვლის ვერანაირად. მასწავლებლის ახლო კავშირი არის აუცილებელი. ჩვენ არა ვართ მზად იმისთვის, რომ დისტანციურად ბავშვებს გადავცეთ სრულფასოვანი ცოდნა. რაც შეეხება მომავალს, გეტყვით რომ როდესაც ახალი სასწავლო წლიდან დავიწყეთ სწავლა და ზოგიერთმა აირჩია ისევ დისტანციური, აქ მოხდა საშინელება. იმიტომ რომ, როდესაც მცირერიცხოვანი კლასი გყავს და 10 ბავშვიდან 9 კლასში გესწრება და 1 ბავშვი ონლაინ, ხდება საშინელება, რადგან სკოლა სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს ამ პროცესს. ჩვენ გვიწევდა ჯერ სკოლაში გაკვეთილების ჩატარება და მერე უნდა გამოვქცეულიყავით და ერთი ბავშვისთვის კიდევ უნდა გვემუშავა. როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია? არათანაბარი პირობებია და ყველა ამას ფიქრობს“.
ხათუნა ახვერდაშვილი, პატარძეულის გიორგი ლეონიძის საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი პედაგოგი:
„ჩვენი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა შარშან, მარტის შემდეგ. თავიდან უფრო იყო პრობლემები, რადგან ეს მოულოდნელი და უჩვეულო იყო ყველასთვის. უნდა ითქვას ისიც, რომ მაღალ კლასებში რატომღაც სწავლის უფრო დაბალი მოტივაცია აქვთ, ვიდრე დაწყებით კლასებში. მე თვითონ 5-6 კლასებს ვასწავლი, ვერ ვიტყვი რომ სრული დასწრება მაქვს ყოველდღე, თუმცა უმრავლესობა მაინც შემოდის გაკვეთილებზე. 9 ნოემბრიდან ისევ დავუბრუნდით დისტანციურ სწავლებას, სიმართლე გითხრათ, კომპიუტერთან ურთიერთობა საგაკვეთილო პროცესში ბავშვებისთვისაც დამღლელია და მასწავლებლისთვისაც, მაგრამ ვცდილობთ რომ წინ წავიდეთ.
რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით დარჩება დისტანციური სწავლება სასკოლო განათლებაში, ვფიქრობ ეს იქნება გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად როდესაც მოსწავლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ამის გამო უწევს გაცდენა, მასწავლებელი შესაბამისი რესურსის გამოყენებით მაინც მიაწვდის მას მასალას და არ დარჩება ყურადღების მიღმა. ჩვენი სკოლა ახალი სკოლის მოდელშია ჩართული და სხვადასხვა პლატფორმებს პანდემიამდეც ვიყენებდით, მაგრამ რა თქმა უნდა, გააჩნია სკოლას, რეგიონს და კიდევ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, როდესაც დისტანციური სწავლების მომავალზე ვსაუბრობთ.“
ნანა ქავთარაძე, ჭიათურის 1-ელი საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელი:
„ჩემი აზრით, სწავლების დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება იმ შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი, თუ მოსწავლეს ექნება ექიმის დასკვნა, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ამ დროს მასწავლებელი ვალდებული იქნება ჩაუტაროს ონლაინ გაკვეთილი, არა იმ ცხრილით, რაც სკოლაში სიარულისას ექნება, არამედ საათების შემცირებული რაოდენობით. დისტანციურმა სწავლებამ დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა მასწავლებლები, მაგრამ ვუმკლავდებით და მაქსიმალურს ვაკეთებთ. ვეძიები მასალას, ვქმნი ახალ და საინტერესო რესურსებს, ვაძლევ ბავშვებს კომპლექსურ დავალებებს. მშობლების ჩართულობა- ეს უმთავრესია! პრობლემა ინტერნეტის ხარისხია, სხვას ვუმკლავდებით, 28 მოსწავლიდან 28-ვე მესწრება ყოველდღე და პრობლემა არ შემქმნია“.
ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, განათლების სამინისტრომ შესთავაზა მშობლებს, რომ სურვილის შემთხვევაში დაეწერათ განცხადება და დისტანციური სწავლა მოეთხოვათ. იმის მიუხედავად, რომ ამ შესაძლებლობით ბევრმა მშობელმა ისარგებლა, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მაინც აცხადებენ, რომ დისტანციური სწავლების მომავალს ქართულ განათლების სისტემაში ვერ ხედავენ, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში.
ნათია ჩუბინიძეს ორივე შვილი სკოლის მოსწავლე ჰყავს, ისინიც, როგორც ყველა, ამჟამად დისტანციურად ეუფლებიან განათლებას და როგორც ნათია ამბობს, იმის მიუხედავად, რომ შვილებთან ერთად მაქსიმალურდაა ჩართული სასწავლო პროცესში და მასწავლებლებიც ბევრს შრომობენ, ისურვებდა რომ მის შვილებს აღარასდროს მოუწიოთ სახლიდან სწავლა.
„როდესც ახალი სასწავლო წელი დაიწყო და მოგვეცა შესაძლებლობა ბავშვებს სკოლაში ევლოთ უბედნიერესი ვიყავით, თუმცა უკვე მეორე თვეა ისევ დისტანციურად ვსწავლობთ. ჩართული ვარ ყველანაირად ჩემს შვილებთან ერთად, მასწავლებლებისაც მადლიერი ვარ, თუმცა ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. ვერც შევადარებ სკოლაში უშუალოდ სწავლას. იმედია აღარასდროს მოგვიწევს ასე სწავლა. შარშან მეორე სემესტრში უფრო ნაკლებად ექცეოდა ყურადღება, რატომღაც ყველამ ჩათვალა, რომ არდადეგები დაიწყო ნაადრევად. ამ სემესტრში კი შედარებით შეცვლილია დამოკიდებულება, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლები არ არიან მზად ონლაინ სწავლებით ის ხარისხი მიიღონ, რაც სასურველია. მე მარტო ერთ დადებითს ვხედავ ონლაინ სწავლებაში – მშობლებმა დავინახეთ უფრო კარგად სასწავლო პროცესი და ჩავერთეთ უფრო მეტად. სხვა, კარგი, ჩვენთვის ასეთ სწავლას არაფერი მოუტანია“, – განაცხადა ნათია ჩუბინიძემ.
საბა გურგენიძე მე-7 კლასის მოსწავლეა, თითქმის ერთი წელია დისტანციურად იღებს განათლებას, როგორც EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, უკვე მიეჩვია კიდეც და ხანდახან არც ახსოვს სხვანაირად თუ ხდებოდა. ამის მიუხედავად სკოლა და მასწავლებლები ენატრება და ძალიან დიდი სურვილი აქვს მეორე სემესტრში მაინც მოხერხდეს და სკოლაში ჩვეული სასწავლო პროცესი აღდგეს.
„ალბათ, დისტანციური სწავლა რაღაც ფორმით მაინც დარჩება, მასწავლებლებმაც აუღეს ალღო ონლაინ სივრცეში მუშაობას, თუმცა აღარ მინდა როდესმე დამჭირდეს დღევანდელი ფორმით სწავლა. იმის მიუხედავად, რომ თითქმის ერთი წელია სკოლაში არ ვყოფილვარ ფიზიკურად და მგონი კიდევაც დამავიწყდა როგორ უნდა ვიჯდე გაკვეთილზე. იმედი მაქვს, ამ წლის მეორე სემესტრში მაინც მოხერხდება რომ სკოლაში ვიაროთ და დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას“, – ამბობს საბა.
დისტანციური სწავლების პრობლემებსა და გამოწვევებზე პირველივე დღიდან საუბრობდნენ ექსპერტები და დარგის სპეციალისტები. ახლა, როდესაც ასე თუ ისე გამოცდილებაც დაგროვდა, მათი პროგნოზები მაინც არც ისე კეთილსაიმედოა, მით უფრო, იმ ვითარებაში, როცა სისტემური ნაბიჯები, რაც ამ მიმართულებით შეიძლება იდგმებოდეს თვალსაჩინო არ არის. EDU.ARIS.GE-ს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია დისტანციური სწავლების გამო წარმოქმნილ პრობლემებზე, შესაძლებლობებსა და მომავალზეც ესაუბრა.
„პრობლემები შეგვიძლია რამდენიმე ჯგუფად დავყოთ: პირველი ესაა დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, იქედან გამომდინარე თუ რამდენად ხელმისაწვდომია ტექნოლოგიები, ინტერნეტი და ა.შ. მეორეა მეთოდოლოგიური პრობლემები. ვისთვისაც პრობლემა აღჭურვილობა არ არის, შეიძლება პრობლემა იყოს ის, რომ მასწავლებელს არ ჰქონდეს ასეთ გარემოში სწავლების გამოცდილება, რადგანაც დისტანციური სწავლება გულისხმობს ხშირ შემთხვევაში მეთოდების გამოყენებას. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განათლების ხარისხი გაუარესდება, არა მხოლოდ შედეგები, არამედ თავად განათლების პროცესიც. ერთია მეთოდოლოგიურად როგორ უნდა მისცე დავალებები, რომ მერე შეფასება შეძლო და მეორეა მერე რამდენად სამართლიანია ეს შეფასება. ამის გარდა, პრობლემაა რომ მასწავლებლებს არა აქვთ დირექტივა ან რეკომენდაცია როგორ უნდა შეცვალონ საკუთარი მიზნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ბევრი ნერვიულობს იმაზე, რომ ვერ ახერხებს იგივე მიზნებზე გასვლას, რაც შეეძლო ჩვეულებრივი პროცესის განმავლობაში და ამიტომ ცდილობს რომ დატვირთოს ბავშვები მაქსიმალურად, რამაც თავის, მხრივ კიდევ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემა, მაგალითად ინტერესის დაკარგვა ზედმეტი დავალებების გამო“, – აცხადებს სიმონ ჯანაშია.
მისი შეფასებით, დისტანციური სწავლების მომავალი უფრო მეტად შესაძლებლობებს უკავშირდება.
„რაც შეეხება რა ფორმით დარჩება დისტანციური სწავლება, ეს უკავშირდება უფრო შესაძლებლობებს, რომელიც გაჩნდა. ამ პანდემიის დროს, ერთი, რაც პოზიტიური იყო არის ის, რომ მასწავლებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეიძინა ახალი კომპეტენციები ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით და ბავშვებმაც მიიღეს გამოცდილება დისტანციური სწავლის. ეს ნიშნავს იმას, რომ მერეც, როცა დასრულდება პანდემიური მდგომარეობა, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა ჩააშენონ დისტანციური განათლების ელემენტები ჩვეულ სასკოლო ცხოვრებაში. მშობლების ნაწილისთვის ეს დისტანციური სწავლება მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გამოაშკარავდა თუ რას აკეთებს ბავშვი ყოველდღიურად და რას აკეთებს მასწავლებელი. არ არის გამორიცხული, რომ მშობლებს ეს ინტერესი შერჩეთ, რაც გაზრდის მოთხოვნას სკოლის მიმართ, რადგან უფრო მეტი იციან სასწავლო პროცესის შესახებ“, – გვითხრა სიმონ ჯანაშიამ.
ის სახელმწიფოს როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აქამდე სისტემა არ აღიარებდა დისტანციურ სწავლებას არც ერთი ფორმით, დღეს კი დამოკიდებულება შეიცვალა.
„რაც შეეხება სახელმწიფოს, ის აქამდე დისტანციურ სწავლებას საერთოდ არ აღიარებდა, ახლა ნელ-ნელა ხვდებიან, რომ დისტანციური განათლებით შეიძლება ზოგიერთი იმ პრობლემის აღმოფხვრაზე ზრუნვა, რომელიც მანამდე არსებობდა, მაგალითად როდესაც ბავშვებს არ ჰყავთ მასწავლებლები, მაგრამ აქვთ ხელმისაწვდომობა ტექნიკაზე. იმის მაგივრად, რომ ვთქვათ გააგზავნო მასწავლებელი მაღალმთიან სოფელში, შეიძლება გამოიყენო ინტერნეტი. ასევე გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ გადახედო კონცეპტუალურად შესაბამისი რესურსების წარმოებას, მაგალითად სახელმძღვანელოების წარმოებას, რა აზრი აქვს ქაღალდზე ბეჭდვას, როდესაც მასალის გავრცელება შესაძლებელია წამებში ინტერნეტის მეშვეობით და არც დარედაქტირებას სჭირდება 6 წელი ლოდინი ახალი გრიფის მისაღებად. დისტანციური სწავლება მომავალში დაეხმარება სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც, გააცნობიეროს განათლების მიზნები. არის რაღაც ობიექტური ჭეშმარიტი ჩამონათვალი და ის ყოველთვის არის დამოკიდებული იმ პირობებზე, რომელშიც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და პირობების განსხვავებებმა უნდა განაპირობოს მიზნების, საშუალებების და პროცესების მოდიფიცირებაც. ამისთვის სჭირდებათ სკოლებს მეტი ავტონომია და მეტი მხარდაჭერა“, – დასძენს ჯანაშია.
EDU.ARIS.GE თემის კომენტირებისთვის განათლების სამინისტროსაც დაუკავშირდა. ჩვენთვის საინტერესო იყო ოფიციალური უწყების თვალით დანახული ვითარება და გეგმები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. რა შესაძლებლობები გამოაჩინა დისტანციურმა სწავლებამ და რა პრობლემები, ასევე პანდემიის დასრულების და ჩვეულ სასწავლო ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ, რა როლი დარჩება დისტანციურ სწავლებას სასკოლო ცხოვრებაში. თუმცა ამ საკითხზე სასაუბროდ უწყებიდან არავინ გამოგვხმაურებია.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება