დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება ჩამოართვა
შეერთებული შტატების შსს-ს ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება ჩამოართვა.
როგორც BBC-წერს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა გასცა განკარგულება, რომ შეჩერდეს ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი, რომელიც მას სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელების უფლებას აძლევდა.
უცხოელებმა, რომლებსაც აშშ-ში სწავლა სურთ, უნდა მიიღონ F ან M კატეგორიის ვიზა, ასეთი ვიზის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტების გაცემა კი მხოლოდ იმ სასწავლო დაწესებულებებს შეუძლიათ, რომლებიც სერტიფიცირებულია SEVP პროგრამის ფარგლებში.
ეს ნიშნავს, რომ ჰარვარდი აღარ იქნება უფლებამოსილი უცხოელი სტუდენტები მიიღოს. ის უცხოელი სტუდენტები კი, რომლებიც უკვე სწავლობენ ჰარვარდში, ვალდებული იქნებიან სხვა უნივერსიტეტში გადავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ქვეყანაში ყოფნის უფლებას დაკარგავენ.
უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს ჰარვარდში დაახლოებით 7000 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 27.2%-ს შეადგენს.
„ადმინისტრაცია თვლის, რომ ჰარვარდს ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კავშირებისთვის. უნივერსიტეტებისთვის — მიიღონ უცხოელი სტუდენტები და ისარგებლონ მათი მხრიდან სწავლების მაღალი გადასახადით, ეს პრივილეგიაა და არა უფლება“, – განაცხადა მინისტრმა კრისტი ნოემმა.
ჰარვარდის უნივერსიტეტმა ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.
„ჩვენ სრულად ერთგული ვართ ჩვენი პოზიციის, რომ ჰარვარდმა შეინარჩუნოს უფლება, მასპინძლობდეს საერთაშორისო სტუდენტებსა და მეცნიერებს, რომლებიც 140-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოდიან და ამდიდრებენ როგორც უნივერსიტეტს, ისე ამ ქვეყანას. ეს რეპრესიული ნაბიჯი სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას, არღვევს უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით მისიას“, – ნათქვამია ჰარვარდის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, აპრილის თვეში აშშ-ის განათლების სამინისტრომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის ფედერალური გრანტების გაყინვის შესახებ განაცხადა. BBC-წერს, რომ ამის მიზეზი გახლდათ უნივერსიტეტის უარი, დამორჩილებოდა სამინისტროს მოთხოვნებს და მათ შორის განეხორციელებინა სტუდენტებისა და თანამშრომლების შეხედულებების „აუდიტი“.
განათლების სამინისტრო ასევე მოითხოვდა, რომ უნივერსიტეტს შეემუშავებინა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა ამერიკული ღირებულებებისა და ინსტიტუტებისადმი მტრულად განწყობილი უცხოელების შეჩერებას, და რომ ჩატარებულიყო იმ პროგრამების აუდიტი (მესამე მხარის ექსპერტების ჩართულობით), სადაც შეინიშნებოდა ანტისემიტიზმი და სიძულვილის სხვა ფორმები.
ჰარვარდის უნივერსიტეტმა უარი თქვა ამ მოთხოვნების შესრულებაზე, რის შემდეგაც ტრამპის მხრიდან გაჩნდა მუქარა უნივერსიტეტის განსაკუთრებული საგადასახადო სტატუსისა და უცხოელი სტუდენტების მიღების უფლების შეწყვეტის შესახებ.
უნივერსიტეტმა სარჩელი შეიტანა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ და დაფინანსების აღდგენა მოითხოვა.
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება