GE

ეფექტური გზები თვითმონიტორინგისთვის – პედაგოგის მიგნებები

პროფესიული საქმიანობის განვითარებისთვის მასწავლებლები ხშირად მიმართავენ თვითმონიტორინგს, რისთვისაც სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებენ, აწარმოებენ დღიურს, მოსწავლეებს სთხოვენ შეფასებითი კითხვარის შევსებას, აწყობენ ფოკუს ჯგუფებს…

საინტერესოა, რომელი მეთოდებია პოპულარული და ეფექტური პედაგოგებში. ამ საკითხზე ვესაუბრეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს, ქალბატონს ირმა მესხორაძეს, რომელიც EDU.ARIS.GE-ს უყვება, რომ თვითმონიტორინგს აქტიურად მიმართავს და კოლეგებსაც იმავეს სთავაზობს.

– ქალბატონო ირმა, როგორ ახსნით პედაგოგის თვითმონიტორინგს, რას მოიაზრებს ის საკუთარ თავში და თქვენ რამდენად ხშირად მიმართავთ მას პროფესიული ზრდისთვის?

– ზოგადად, თვითმონიტორინგის მეთოდი არის საკუთარი პროფესიული საქმიანობის შედეგებზე დამოუკიდებელი დაკვირვება, შეცდომების, უზუსტობების აღმოჩენა და მათი გამოსწორება. მასწავლებლებისთვის თვითმონიტორინგი სკოლაში მისი მეთოდური მუშაობის პროდუქტიულობის დონის დადგენასა და თვითგანვითარებას გულისხმობს. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, მაგრამ რადგან მოსწავლეების მომზადების დონე, მათი წარმატება და აქტიურობა დამოკიდებულია მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე. შესაბამისად, მისი განხორციელება აუცილებელია.

– რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა პედაგოგებისთვის, რომ თვითმონიტორინგს მიმართონ?

– პედაგოგს, იმის პირდაპირი ვალდებულება, რომ თვითმონიტორინგი აწარმოოს, არ აქვს. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ჩვენთვისვეა მნიშვნელოვანი, საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას დავაკვირდეთ. ახალბედა პედაგოგებს კი ვურჩევ, რეგულარულად მიმართონ თვითმონიტორინგის მეთოდს, რადგან მასწავლებელმა უნდა დაადგინოს, რამდენად დაეუფლა მისი მოსწავლე ცოდნას, მზად არის თუ არა ახალი ცოდნის აღქმისთვის. სწორედ თვითკონტროლი აძლევს პედაგოგს საშუალებას, ნახოს რამდენად ნაყოფიერი იყო მისი საკუთარი შრომა და წარმატებით გამოიყენა თუ არა პედაგოგიური პროცესის შესაძლებლობები საგნმანათლებლო მიზნებისთვის.

– რა უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა, როცა თვითმონიტორინგს გეგმავს?

სწორად დაგეგმოს. როცა მასწავლებელი გეგმავს თვითმონიტორინგს, პირველ რიგში, აუცილებელია მისი სწორად ორგანიზება და წარმართვა.

გაითვალისწინოს დეტალები. პედაგოგს უნდა ახსოვდეს, რომ ცოდნის დიფერენციაციასთან ერთად, შესამუშავებელი აქვს ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლის ცოდნის შეფასებისთვის იმ საგანში, რომელსაც ასწავლის და არ გამორჩეს დეტალები.

ჰქონდეს უკუკავშირი მოსწავლესთან, რადგან თვითკონტროლის მნიშვნელოვანი კომპონენტია უკუკავშირის დამყარების კონტროლი, ანუ ინფორმაციის მიღება მოსწავლეთა სასწავლო აქტივობების შედეგების შესახებ.

– ქალბატონო ირმა, გაგვიზიარეთ ეფექტური გზები, რომელსაც თვითმონიტორინგისთვის იყენებთ…

ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვება 

მინდა გითხრათ, რომ ხშირად მივმართავ თვითმონიტორინგის მეთოდს – „დაკვირვება“ ჩატარებულ გაკვეთილებზე. ამ დროს, შეიძლება, მასწავლებელი ფოკუსირებული იყოს ერთ ბავშვზე, რამდენიმეზე ან მთელ კლასსზე. ეს პროცესი არცთუ ისე რთულია და პედაგოგს შეუძლია, კონკრეტულ თემატიკაზე მუშაობის პროცესში გამოიყენოს. „დაკვირვება“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება, რომელიც მუშაობის ან სწავლების ამოცანისა და მიზნიდან გამომდინარე, შეიძლება, მასწავლებელმა გამოიყენოს მთლიანად, ან რომელიმე კონკრეტულ ნაწილზე. გარდა ამისა, „დაკვირვება“ გვაძლევს საშუალებას, ბავშვების უნარებისა და ცოდნის შეფასება ჯგუფებად დავადგინოთ და განვსაზღვროთ, რამდენად მართებულად გვაქვს დაგეგმილი საკითხის სწავლება და შესაბამისია თუ არა მასალა ბავშვების უმრავლესობისთვის. ამ მეთოდის გამოყენების დროს გასათვალისწინებელია ის, რომ მასწავლებელი „დაკვირვებას“ აწარმოებს ერთი თემის შეჯამების დროს, რომ პერიოდულად გააკეთოს მონიშვნები და საკუთარი მუშაობის ანალიზი შეძლოს.

მოსწავლეთა ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობა

მოგეხსენებათ, ფოკუს-ჯგუფი თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, იგივე „ჯგუფური დისკუსია“. როგორც წესი, ფოკუს-ჯგუფში 6-დან 12-მდე რესპონდენტი იღებს მონაწილეობას. კლასს ვყოფ 3 ჯგუფად და ვხელმძღვანელობ წინასწარ შედგენილი სადისკუსიო გეგმით. ვცდილობ, გადავამოწმო, რა უნარებსა და ცოდნაზე გავედი მოსწავლეებთან. რასაკვირველია, ეს არ ჰგავს არც დაკითხვას, არც გამოცდას. მოსწავლეებს წინასწარ ვეუბნები, რომ ამას ვაკეთებ მხოლოდ ჩემთვის, რომ ვიცოდე რა გამომივიდა და რა ვერ შევძელი. გამოკითხვას სემესტრის ბოლოს ვატარებ.

პროფესიული დღიურის წარმოება

პროფესიული ჩანაწერების კეთება მასწავლებლებს ძალიან გვიყვარს და აუცილებელიცაა. პირადად მე, როგორც წესი, კვირის ბოლოს ვაჯამებ საკუთარ საქმინობასა და გამოწვევებს, რომელიც მქონდა. ასევე, თითოეული მოსწავლის გამოწვევებსაც. ეს მეხმარება, ვიყო მუდმივად მომზადებული და ვიცოდე, სად მაქვს მეტი სამუშაო.

შეფასებითი ანკეტა-კითხვარი მშობლებისთვის

მშობლები, მოსწავლეებთან ერთად, ჩვენი საქმიანობის საუკეთესო შემფასებლები არიან. შესაბამისად, მათი შეფასების გამოყენებაც ჩვენი თვითმონიტორინგისთვის კარგი არჩევანია. ვიყენებ ანკეტა-კითხვარს, რომელსაც სემესტრის ბოლოს ვგზავნი მშობლებთან. მათაც ვაფრთხილებ, რომ ეს უბრალოდ თვითმონიტორინგისთვის მჭირდება და უნდა იყვნენ მაქსიმალურად მკაცრი შემფასებლები.

ასევე იხილეთ:

როცა კლასში დამრიგებელი იცვლება – რა უნდა იცოდეს ახალმა დამრიგებელმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური