GE

„ექიმი ანგარებიანი არ უნდა იყოს“ – მომავალი ენდოკრინოლოგი, რომელმაც ბიოლოგიის გამოცდაში უმაღლესი ქულა აიღო

„6 წლიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი – სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია“, – ეუბნება EDU.ARIS.GE-ს 2025 წლის აბიტურიენტი ნატალია ლეჟავა, რომელმაც 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ბიოლოგიაში უმაღლესი – 70-დან 70 ქულა აიღო.

ნატალია ექიმების ოჯახიდანაა და იმის მიუხედავად, რომ იცის, სამედიცინო სფეროში შესვლა რთული და შრომატევადია, მაინც მედიკოსობაზე, უფრო კონკრეტულად კი, ენდოკრინოლოგობაზე ოცნებობს.

უმაღლესქულიანი აბიტურიენტი, რომელმაც თბილისის 21-ე საჯარო სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა, ასევე გვიმხელს, რომ სურს, ზოგადად, სამედიცინო სისტემა გააუმჯობესოს, მისი მოწოდებაა – ადამიანებს დაეხმაროს, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი, ყოველდღიურ საყვარელ საქმიანობად აქციოს.

„ექიმობა ბავშვობიდან მსურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ ჩემს ოჯახში თითქმის ყველა ექიმია. გავიზარდე და ამ სფეროზე დაკვირვების შედეგად გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ შესაძლებელია, საქართველოში უკეთესი იყოს მედიცინის სისტემა. აქედან გამომდინარე, მსურს, რომ ჩემი ცოდნით მაქსიმალურად გავაუმჯობესო ეს სისტემა და პაციენტებს ყველანაირად დავეხმარო.

„სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, ასაკის მიუხედავად, ეს გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება იყო. შემდეგ სკოლაში ქიმიისა და ბიოლოგიის სწავლა დავიწყე და მივხვდი, რომ ამ ორმა საგანმა ჩემი მთლიანი ყურადღება მიიპყრო. როდესაც ბიოლოგიაში ენდოკრინულ სისტემას ვსწავლობდი, მაშინ მივხვდი, რომ გული აქეთ მიმიწევდა და ენდოკრინოლოგობა მინდოდა“, – გვეუბნება მომავალი ექიმი.

ნატალიამ იცის, როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი და ასევე ისიც, თვითონ როგორი მედიკოსიც იქნება; მარტივად წარმოუდგენია თავისი ერთი დღე პაციენტების გარემოცვაში და საჭირო რჩევებს არც სამედიცინო სფეროს მომავალი წარმომადგენლებისთვის იშურებს.

„რა თქმა უნდა, ცოდნისა და გამოცდილების ქონა აუცილებელია, მაგრამ ექიმი ანგარებიანი არ უნდა იყოს; არ უნდა გამორჩეს არაფერი და თითოეულ პაციენტს მაქსიმალური ყურადღებით მოექცეს. არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტს რა ტიპის პრობლემა ექნება – იქნება თუ არა ეს რამე მძიმე, ყველას მიმართ ინდივიდუალური დამოკიდებულებაა აუცილებელი.

„პროფესიაში ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან ეს ზუსტად ისაა, რაც მე მინდა და ზუსტად იქაა, სადაც ყოფნა მსურს. გავიღვიძებ, წავალ კლინიკაში, მივიღებ პაციენტებს და ბედნიერებით ავივსები მათთან კონტაქტითა და მათი მკურნალობით. მიყვარს ხალხის დახმარება და ზუსტად ეს არის ექიმობა, რომ ეხმარები ადამიანებს და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავ.

ექიმის პროფესიის მსურველებს ვეტყვი, რომ მარტივად არაფერი ხდება, მით უმეტეს ამ სფეროში შესვლა მარტივი არ არის. უნდა გადადონ თავი, ზედმეტი გართობა, ბევრი თავისუფალი დრო დაივიწყონ და შრომაზე, სიახლეების სწავლაზე კონცენტრირდნენ“, – ამბობს ნატალია.

ჩვენი რესპონდენტი EDU.ARIS.GE-ს მკითხველს ბიოლოგიაში აღებული უმაღლესი ქულით გამოწვეულ ემოციაზე და აბიტურიენტობის სირთულეებზეც უყვება:

„როდესაც ბიოლოგიის ქულა გავიგე, თბილისში არ ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი ძალიან კარგ ქულას, მაგრამ უმაღლესს – არა. ბიოლოგიის სწავლაში, ჩემს მასწავლებელთან, თინათინ გაგუასთან ერთად, დიდი შრომა მაქვს ჩადებული. ორ შეცდომას მაინც ველოდებოდით და უმაღლეს ქულაზე ვოცნებობდით. შედეგი რომ ვნახე, ეს იყო საოცარი შოკი. ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე. სიზმარში გვეგონა თავი მეც და ჩემს მასწავლებელსაც, რომლის დამსახურებაც არის ყველაფერი“.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური