GE

Erasmus + – ის ეროვნული ოფისის ახალი ხელმძღვანელი შერჩეულია? – რა გაარკვია EDU.ARIS.GE-მ

Erasmus+-ის პროგრამის ეროვნული ოფისის ახალი ხელმძღვანელი, ორწლიანი მცდელობის შედეგად, სავარაუდოდ, შეირჩა. ინფორმაციას, რომელი EDU.ARIS.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა, ოფიციალური უწყებები პირდაპირ არ გვიდასტურებენ, თუმცა, არც უარყოფენ. ახალი ხელმძღვანელის შერჩევის შესახებ ჯერ არც იმ ახალაგზრდულ ორგანიზაციებში იციან, რომლებიც ოფისთან წლებია თანამშრომლობენ.

განათლების სფეროში, ისევე როგორც ბევრ სხვა დარგში, ბოლო დროს, პასუხგაუცემელი კითხვები ნამდვილად არ გვიკვირს, თუმცა Erasmus+-ის ოფისის გაუქმებისა და მისი აღდგენის ორწლიანი მცდელობა კითხვის ნიშნების სიმრავლით განსაკუთრებულად გამოირჩევა.

უკვე მეორე წელია, ვცდილობთ, საზოგადოებას იმ მეტად უჩვეულო მოვლენების შესახებ მოვუყვეთ, რომლებიც ყველაზე პოპულარული საერთაშორისო პროგრამის გარშემო ვითარდება.

Erasmus+-ის პროგრამის ოფისი საქართველოში უკვე მერვე თვეა არ ფუნქციონირებს – მიზეზები და შედეგები

ვინ არის ERASMUS+ საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი? – სამინისტრო მდუმარე ევროკავშირის წარმომადგენლობაზე მიუთითებს

ამ თემაზე მუშაობა ძალიან ჰგავს სიბნელეში ხელის ცეცებით სიარულს, რადგან, ფაქტობრივად, არ არსებობს უწყება, რომელიც მედიას სწორ და სრულ ინფორმაციას მიაწვდის. ერთადერთი ოფიციალური წყარო, რომელიც მწირ ინფორმაციას გვაწვდის, ევროკავშირის წარმომადგენლობაა, თუმცა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასოდეს პასუხობს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს სრულად. დანარჩენი ინფორმაციის მიღება კი საკუთარი ძალებით, სხვადასხვა ადამიანის დახმარებით გვიხდება, რომელთაც, გასაგები მიზეზების გამო, საკუთარი ვინაობის დამალვა უწევთ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანგრძლივი და წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ნაციონალური ოფისის ხელმძღვანელი შეირჩა, EDU.ARIS.GE-ს Erasmus+-ის სხვადასხვა პროექტის მონაწილე პირმა მიაწოდა. როგორც გაირკვა, კონკრეტული კადრის აყვანაზე გადაწყვეტილება თვეების წინ იქნა მიღებული, ახლა კი მისი ოფიციალურად დამტკიცების პროცესი მიდის დასასრულისკენ. ეს ყველაფერი, მოგვიანებით, ირიბად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც დაგვიდასტურა. ირიბად იმიტომ, რომ ჩვენს მიერ მათთან გაგზავნილი კითხვების პასუხად პირდაპირ არ გვწერენ, რომ კადრი შერჩეულია, თუმცა ამას არც უარყოფენ და გვეუბნებიან, რომ „ერასმუსის ეროვნული კოორდინატორის დაკონტრაქტების პროცესი ფინალურ ეტაპზეა“ და მის დასრულებას თვის ბოლომდე ელიან. მათ ვკითხეთ, რა გახდა პროცესის ასე გაჭიანურების მიზეზი და ისიც, თუ რომელი უწყებაა პასუხისმგებელი მისი წარმატებით დასრულებასა და ახალი ოფისის ჩამოყალიბებაზე. აგრეთვე გვაინტერესებდა, შემცირდა თუ არა ამ 2 წლის განმავლობაში უნივერსიტეტების, პროფესიული კოლეჯებისა და ახალგაზრდებისთვის პროგრამისაგან მიღებული სარგებელი. ყველა კითხვაზე არ გვიპასუხეს, თუმცა ცოტაოდენი რამ მაინც გვითხრეს. მათ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

„ევროკავშირის აღმასრულებელი სააგენტო EACEA არის კონტრაქტის დადებაზე პასუხისმგებელი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუთმენლად ელოდება ამ პროცესის წარმატებით დასრულებას. საქართველოს გარდა 10 სხვა ქვეყანაშიც იყო საჭირო ახალი ოფისების გახსნა/დაკონტრაქტება და სააგენტომ საქართველო პირველ პრიორიტეტად განიხილა. საქართველოს ბენეფიციარების სარგებელი არ შემცირებულა, უმაღლეს განათლებაში დაფინანსებული პროექტების რაოდენობამ მოიმატა კიდეც“, – წერია ევროკავშირის წარმომადგენლობისგან მიღებულ წერილში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ Erasmus+-ის სხვადასხვა პროექტის მონაწილე პირისგან გავარკვიეთ, თუ ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ხელმეორე კონკურსის შედეგად შეირჩა. ეს პიროვნება მარიამ სულაშვილია, პროფესიით ფინანსისტი. რა თქმა უნდა, მასთან ინტერვიუს ჩაწერას შევეცადეთ, თუმცა მოკლე პასუხი მოგვწერა, რომ „ერასმუს საქართველოს ოფისის ლეგალური ფორმირების პროცედურა დასრულებული არ არის“, გვითხრა ისიც, რომ მომავალში მეტი ინფორმაციის მოწოდებას შეძლებდა და მას შემდეგ ჩვენთვის აღარ უპასუხია, თუმცა 12 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე უკვე გამოაქვეყნა, რომ Erasmus+-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა.

უცნობია, რატომ არ გაგვიმხილა ევროკავშირის წარმომადგენლობამ შერჩეული კანდიდატის ვინაობა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი კონკურსის შედეგად შერჩეულმა პირმა თანამდებობის დაკავებაზე უარი ბოლო წუთს თქვა, მათი თავშეკავებულობის მიზეზები გასაგები ხდება. კიდევ უფრო დიდ ინტერესს კი ის იწვევს, თუ რატომ ჭირს ასე ძალიან კანდიდატურის პოვნა იმ პოზიციაზე სამუშაოდ, რომელიც მრავალი კვალიფიციური კადრისთვის, წესით, სასურველი და საოცნებოც კია და რამ აიძულა პირველი კონკურსის შედეგად შერჩეული ადამიანი, მასზე უარი ეთქვა.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი დაიწყო 2021 წლის დეკემბერში, როდესაც Erasmus+-ის ეროვნული ოფისის (NEO) მაშინდელ ხელმძღვანელთან, ლიკა ღლონტთან, რომელიც ამ პოზიციას 12 წლის განმავლობაში იკავებდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა და იგი, ავტომატურად, თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისად, NEO-ს საქმიანობაც შეწყდა, რადგან პროცედურების მიხედვით, ყოველი ახალი ხელმძღვანელი, რომელიც 3 წლის ვადით ირჩევა, თავად აკომპლექტებს გუნდს (ძველი, ან ახალი კადრებით) და მასთან ერთად იწყებს საქმიანობას. ანუ, თუ არ არსებობს ხელმძღვანელი, არ არსებობს ოფისიც.

შემდგომ გამოცხადდა კონკურსი ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად და შეირჩა ლელა რუხაძე, მაგრამ მან პოზიციის დაკავებაზე (2000+ ევროიანი სარგო, ხელფასის სახით), საბოლოოდ, უარი გააცხადა. ეს ინფორმაციაც თვეების განმავლობაში არ ხმაურდებოდა, ვიდრე საკუთარი ძალებით არ გავარკვიეთ. 2022 წლის ივნისში კონკურსი ხელახლა გამოცხადდა, რომელიც, წესით იმავე წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო და შესაბამისად, ახალი ხელმძღვანელიც, ახალი ოფისიც მობილიზებით მალევე უნდა დაკავებულიყო. ახლა 2023 წლის ოქტომბერია, ეროვნული ოფისი კი ისევ არ არსებობს, არც მათი ფეისბუქ თუ ვებ-გვერდები ფუნქციონირებს და ახალი ხელმძღვანელის დამტკიცების პროცესიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ფინიშამდეა მისაყვანი.

EDU.ARIS.GE, რა თქმა უნდა, არ დაიშურებს მცდელობას ჩაწეროს ინტერვიუ Erasmus+ის ნაციონალური ოფისის ახალ ხელმძღვანელთან საბოლოო დამტკიცების შემდეგ და მისი მეშვეობით მაინც მოჰფინოს ნათელი მთელი იმ ბურუსს, რომელშიც ეს თემა უკვე ორი წელია ჩაძირულია.

ამავე თემაზე:

ბოლო ადგილი რეგიონში – Erasmus+-ში პროფესიული განათლების ჩართვის პირველი წლის შედეგები საქართველოსთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური