GE

ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა – რა საკითხები წერეს ქართულში 2025 წლის აბიტურიენტებმა ორივე სესიაზე

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ზუსტად 18:00 საათზე დასრულდა. აბიტურიენტებმა 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე იმუშავეს, გამოცდა კი ორ სესიად წარიმართა.

საქართველოს მასშტაბით გახსნილი სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები თავიანთ საკითხებსა და შეფასებებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებს უზიარებენ:

პირველი სესია

დარეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.

რედაქტირება – ფეხბურთის თემაზე.
წერითი დავალება: არაპროგრამული გურამ რჩეულიშვილის “ასვლა”, თეზისი დაახლოებით: „სიყვარული საქმისადმი ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავს”. პროგრამული ვაჟა-ფშაველას „ჩემი ვედრება“, თეზისი დაახლოებით: „პიროვნული თავისუფლებისკენ მიმავალი გზა რთული და წინააღმდეგობებით სავსეა”.

თბილისი

ნიკოლოზ ტიბუნაშვილი: „ტექსტის რედაქტირება და წაკითხულის გააზრება არ იყო რთული. ესეზე დამჭირდა დაფიქრება. წერითი დავალება შევასრულე ვაჟა-ფშაველას “ჩემი ვედრების” მიხედვით. დავწერე საკითხზე, რომელიც თავისუფლებისკენ სწრაფვას შეეხებოდა – ანუ აქვს თუ არა თავისუფლებისკენ სწრაფვას ბევრი დაბრკოლება. მე დავწერე, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს თავისუფლება ყოველთვის ეწინააღმდეგება სხვის თავისუფლებასაც. არ ვიტყვი ხმამაღლა, თუ რა დავწერე ამ საკითხზე თანამედროვეობის ნაწილში, თუმცა გეტყვით პარალელების შესახებ. რამდენიმე პარალელი გამოვიყენე, მათ შორის სულხან-საბა ორბელიანი, ჯემალ ქარჩხაძის “იგი”, ალექსანდრე ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა”.

დავით ჩადუნელი 39 საჯარო სკოლა: „მე არაპროგრამული თემა, გურამ რჩეულიშვილის „ასვლა“ დავწერე. ზოგადად, მხატვრულ პარალელებს არ ვავლებ, კომიქსებიდან მომყავს ხოლმე მაგალითები და ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთ კომიქსთან გავავლე პარალელი. რთული არ იყო, პირიქით, გამიადვილდა და მგონია რომ კარგად დავწერე. რაც შეეხება რედაქტირებას, თითქმის ყველა აბზაცში იყო შეცდომა. რედაქტირების თემა ფეხბურთი საქართველოში და მსოფლიოში და დინამოც იყო ნახსენები”.

აბიტურიენტი 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: „ვაჟა-ფშაველას „ჩემი ვედრება” დავწერე, პროგრამული ლექსი. პარალელი გავავლე ჯემალ ქარჩხაძის “იგიზე” და ასევე მაგალითად მოვიყვანე ჩარლი ჩაპლინის „წერილი ჯერალდინას”. ვინაიდან თეზისი იყო სულიერი თავისუფლების მოპოვებაზე, თუ რამდენად წინააღმდეგობრივი პროცესია ეს. ჩაპლინის წერილი, სადაც ჩაპლინი გვესაუბრება თუ რა თვისებები გვჭირდება ჩვენ იმისთვის, რომ სულიერ თავისუფლებას მივაღწიოთ, ხოლო “იგიში” კარგად არის გადმოცემული თუ რამდენ დაბრკოლებას გადის მთავარი პერსონაჟი სულიერი თავისუფლების მოპოვებისთვის. რაც შეეხება რედაქტირებას, ადვილი და მარტივადშესამჩნევი შეცდომები იყო, მგონი, ყველა აღმოვაჩინე. კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, რაც შემეძლო, დავწერე.

ანა ქემაძე: „გამოცდა საერთოდ არ იყო რთული. საკითხები ზუსტად ის მოვიდა, რაშიც ვემზადებოდით. ტექსტის რედაქტირებას რაც შეეხება, 2024-დან 2010-მდე რაც კი არსებობს, ყველა ტესტი მაქვს გაკეთებული და ეს მათთან შედარებით, ყველაზე მარტივი იყო. კითხვებზე პასუხიც არ იყო რთული. რაც შეეხება წერით დავალებას, ისეთი სათაურები მოვიდა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ორივეს დაწერა. პირველი იყო „ჩემი ვედრება” და თეზისი იყო, რომ „პიროვნული თავისუფლების მოპოვება არის რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი“. ამ საკითხზე ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა, თუნდაც ჰაგიოგრაფიიდან. მეორე ნაწარმოების თეზისი იყო – „ადამიანს წინააღმდეგობის გადალახვა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც საკუთარი საქმე უყვარს”. ეს იყო რჩეულიშვილის მოთხრობიდან “ასვლა”. მე დავწერე პირველი თემა, რაც იყო პროგრამული. გამოცდის ბოლომდე დავრჩი, რომ ყველაფერი კარგად დამეწერა. დროში ზუსტად ჩავეტიე”.

ლიზი აბრამიშვილი: „ტესტირება, საერთო ჯამში ძალიან რთული არ იყო. წერით დავალებაში ავირჩიე ვაჟა-ფშაველას „ჩემი ვედრება” და ასე თუ ისე გავუმკლავდი. ვფიქრობ, საშუალო დონეზე დავწერე. ზოგადად, მიყვარს თემები, რომლებიც პიროვნებას უკავშირდება. დავწერე თანამედროვეობა, პარალელი და მოვუწოდე ადამიანებს, რომ შეინარჩუნონ პიროვნული თავისუფლება. რედაქტირების ნაწილზე შემიძლია ვთქვა, რომ თავიდან მეგონა, ბევრი რამ შეცდომა არ იყო, მაგრამ შემდეგ კარგად რომ გავაანალიზე, რაღაცებს უკეთ მივხვდი”.

გორი

ნინო არჩვაძე: „ავირჩიე არაპროგრამული – გურამ რჩეულიშვილის „ასვლა“ და ამაზე ვიმუშავე. ვიფიქრე, მარტივი იქნებოდა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ისევ პროგრამული უნდა ამერჩია. ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა თუმცა არც მარტივი ყოფილა. ყველაზე დიდი დრო ამის დაწერას მოვანდომე. იმაზე ფიქრმა წამართვა დიდი დრო, თუ როგორ მემსჯელა. სხვა დავალებები მარტივი იყო. ვფიქრობ, რედაქტირებაც კარგად დავწერე. მინდა ვურჩიო მომდევნო სესიაზე გამსვლელებს, რომ დრო სწრაფად გადის და იმ დავალებების ამოხსნა დაიწყონ პირველ ეტაპზე, რაც ზუსტად იციან, რადგან ეს მეტ თავდაჯერებულობას შემატებთ მათ და უფრო გაუმარტივდებათ დავალებების შესრულება“.

მარიამ გივიაშვილი: „ის საკითხები იყო, რაც მინდოდა. ვაჟა-ფშაველას ლექსი იყო პროგრამულიდან და მე ეს დავწერე. ლექს ჰქვია “ჩემი ვედრება“. ვიმსჯელე პიროვნულ თვისებებზე და სხვადასხვა მაგალითებიც მოვიყვანე. დავალება არ გამჭირვებია. შევაფასებ, რომ იყო საშუალო სირთულის. საქმის სიყვარულზე იყო თეზისი და რედაქტირებაც მარტივი იყო. აქ ტექსტი იყო სტადიონზე და ფეხბურთზე“.

ქუთაისი

მარიამ ბასილაძე: „პირველი ვარიანტი რომ ხარ, ასე მგონია, უფრო ნერვიულობ და თითქოს მეტ პასუხისმგებლიბას გრძნობ, თუმცა როდესაც საგამოცდო ოთახში, მაგიდასთან დავჯექი ყველა ნერვიულობა გაქრა. რაც შეეხება თემას, პროგრამულიდან ვაჟა-ფშაველას „ჩემი ვედრება“ მოვიდა და ვფიქრობ, კარგად დავწერე. კმაყოფილი ვარ, რადგან ეს საკითხი ყოველთვის აქტუალურია. რედაქტირებაც არ გამჭირვებია, მგონი, ყველა შეცდომა ვიპოვე, თემა ფეხბურთზე იყო და არც ისე რთული, რომ აპლიკანტებს ვერ გვეპოვმა სტილისტური, მორფოლოგიური თუ სინტაქსური შეცდომები. პირადად ჩემი მოლოდინი გამართლდა და დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ. მომდევნო გამოცდებზე თითქოს ისე აღარ ვნერვიულობ, როგორც ქართულის გამოცდაზე, თუმცა საგამოცდო მღელვარება მაინც არის. მჯერა, ის შრომა, რაც 12 წლის განმავლიბაში ჩავდე, აუცილებლად გამოიღებს შედეგს“.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მეორე სესია

დარეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი.

რედაქტირება – ტექსტი ჩოგბურთის, როგორც სპორტული სახეობის შესახებ.
წერითი დავალება: ილია ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანი?!”, თეზისი დაახლოებით: – “ცრუ წარმოდგენების ადამიანს რეალობის აღქმა უჭირს”; გივი გეგეჭკორის ლექსი – ნუ წახვალ ისე, რომ არავის არ სცე ნუგეში!.., თეზისი დაახლოებით: “ადამიანის უპირველესი მოვალეობაა მოყვასისადმი ზრუნვა”.

თბილისი

ანანო მინდაძე: “მე დავწერე გივი გეგეჭკორის ლექსზე, რადგან ძალიან მომეწონა ლექსის თეზისი, რომელიც ჟღერდა შემდეგნაირად: “ადამიანის ვალი არის პატივი სცეს მეორე ადამიანს”. ორი პარალელი გავავლე. პირველი – ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელთან”, რადგან ზუსტად არის ხაზგასმული, რომ ადამიანს, ამ შემთხვევაში სტუმარს, პატივი უნდა ვცეთ, თუნდაც მტერი იყოს. ასევე, პარალელი გავავლე ერიხ მარია რემარკის “სამ მეგობართან”, აქაც კარგად ჩანს თანადგომა. რედაქტირება ძალიან ადვილი იყო, მარტივად ვიპოვე შეცდომები, მაგრამ მაინც დიდხანს ვიყავი და არ გამოვსულვარ, რამდენჯერმე წავიკითხე ჩემი ნაწერი”.

კესო კობაიძე: – “ჯერ კიდევ ვნერვიულობ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდის დაწერა არ გამიჭირდა. წერით ნაწილზე ვიტყვი, რომ ჭავჭავაძესა და გეგეჭკორს შორის არჩევანი ჭავჭავაძეზე გავაკეთე, რადგან საინტერესო იყო მისი თეზისი – “ცრურწმენებმა ადამიანებს აღქმა არ უნდა დაუკარგოს – დაახლოებით, ასეთი თეზისი იყო. პარალელი მოვიშველიე “დიდოსტატის მარჯვენიდან” ჯვრის მოწამვლის ამბავი. თანამედროვეობის განხილვისას უფროსი თაობის გავლენაზე გავამახვილე ყურადღება, მქონდა ციტატებიც. ნამდვილად არ იყო რთულად დასაწერი და კმაყოფილი ვარ ჩემი ნაწერით. არც წაკითხულის გააზრება იყო რთული და არც ტექსტის რედაქტირება”.

გიორგი სტეფანიშვილი: “ტესტირება პირადად ჩემთვის მარტივი იყო. მე მეორედ ვაბარებ და აქედან გამომდინარე, სტრესიც მოხსნილი მაქვს. როცა გამოცდილება გაქვს, უფრო გიმარტივდება. ტესტირების წერით ნაწილში მოვიდა პროგრამული “კაცია-ადამიანი!?” და არაპროგრამული – გეგეჭკორის ლექსი. მე ლექსი ავირჩიე. თემის აქტუალობაზე გავამახვილე ყურადღება. ისეთ საკითხი იყო, რაც კაცობრიობის შექმნიდან დღემდე ძირითად ფასეულობებს ეხება. გამოვიყენე ბიბლიური ციტატები, მქონდა პარალელები. თანამედროვეობის ნაწილში ყურადღება გავამახვილე, თუ როგორი აჩქარებულია ცხოვრების ტემპი და ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად გულგრილები გავხდით, პირად საზრუნავებზე გადავერთეთ. დავწერე, რომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხს მეტი ყურადღება დავუთმოთ. კმაყოფილი ვარ”.

დავით ზარიძე: “არაპროგრამულიდან გეგეჭკორის ლექსი მოვიდა. რატომღაც, მე ლექსი უფრო მეადვილა, ამიტომ ლექსი დავწერე. თეზისი იყო: “ადამიანის უპირველესი მოვალეობაა მოყვასისადმი ზრუნვა”. რედაქტირებაში 11 შეცდომა ვიპოვე. ცოტა ტექსტის გააზრება გამიჭირდა”.

გორი

ლუკა ბარბაქაძე: “რაც მინდოდა, ის მოვიდა. “კაცია ადამიანი”. ცრურწმენებზე უნდა გვეწერა, რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ცხოვრებაზე. ამ საკითხზე ძალიან ბევრი მაგალითების მოყვანა იყო შესაძლებელი, დღევანდელობიდანაც კი. აუ, ღმერთს ვეხვეწებოდი და შემისრულა. ძალიან მარტივად დავწერე. მოლოდინი მაქვს უმაღლეში შედეგის, მიყვარს ჩემი ნიჭიერი თავი. კარგი განწობით შევედი და ყველას ამას ვურჩევ. შიგნით ცოტა სახემოღუშული გამომცდელი დაგვხვდა, მაგრამ ამას არ უმოქმედია. რედაქტირებაც უმარტივესია. ემოციებში ვარ და მისი ტექსტი ზუსტად არ მახსოვს. სპორტზე იყო შინაარსი“.

ნინიკო გუდაძე: “მე ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან გამიადვილდა დაწერა, თუმცა არც მე ვარ უმაყოფილო. ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” ვწერე. “ცრუ წარმოდგენის ადამიანს უჭირს რეალობის წარმოდგენაო”. მეორე იყო გეგეჭკორის ლექსი და მას არ შევეჭიდე. ნასწავლი კი მქონდა, მაგრამ დაფიქრებას სჭიროებდა კარგად, რომ გვემსჯელა. შარშან გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩავაბარე და იმედია, წელს მაინც გამიმართლებს. ვნახოთ, რა ქულები დაიდება. რედაქტირებაში რაღაცები აღმოვაჩინე. ტექსტი იყო სპორტზე, კონკრეტულად ჩოგბურთზე. ყველა ვუსურვებ წარმატებას”.

ქეთი ენუქაშვილი: “ცოტა დაბნეული გამოვედი. ავირჩიე არაპროგრამულიდან – გივი გეგეჭკორის ლექსი და უნდა დაგვეწერა ადამიანების პატივისცემაზე. ახლა ვფიქრობ რა დავწერე და კარგად არ მახსენდება. იმედია, ჩემი ნერვიულობა არ აისახება ტესტის შესრულებაზე. დავწერე, რომ ადამიანის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ასპექტში, ასე მახსოვს და პარალელებიც დღევანდელობიდან მოვიყვანე.

“რედაქტირება ადვილია, ამ დავალების არ მეშინია. სპორტის სახეობაზე იყო მოსული ტექსტი, ჩოგბურთზე. თუ არ ვცდები 12 შეცდომა ვიპოვე და გავასწორე. ამ დავალებას ძალიან დიდი დაკვირვება უნდა, თუმცა მთავარი მაინც თემაა, რომელიც კარგად უნდა გეწეროს. არ არის მარტივი გამოცდები, ნეტავ საერთოდ მოსპონ, გადამიყოლა. წლებია ვემზადები ამ დღისთვის და თუ ვერ ჩავაბარე, ალბათ მომკლავენ ჩემები. მეტს ვერაფერს გეტყვით“.

ხვალ, 4 ივლისს, აბიტურიენტებისთვის გამოცდა ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ისევ ორ სესიად ჩატარდება. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის  22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას  21 და 22 ივლისს  ჩააბარებენ.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს მარიამ იმერლიშვილმა, ნიკა გაბლიშვილმა, მარიამ ბარამიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური