GE

ეროვნული სკოლა, მასწავლებლების გარდა, სკოლის მომავალი დირექტორებისთვისაც ამოქმედდება – დეტალები

შემოდგომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა – „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წარადგინა, რომელიც, უწყების ინფორმაციით, მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს. ახლა კი, ცნობილი ხდება, რომ ეროვნული სკოლა მომავალი დირექტორებისთვისაც ამოქმედდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი ინიციატივის სათავეს წარმოადგენს ის რეალობა, რომ მოქმედი სკოლის დირექტორების სერტიფიცირების ვადა მომავალ წელს იწურება, ახალ ეტაპზე კი მოსალოდნელია ამ მიმართულებითაც იჩინოს თავი საკადრო დეფიციტმა.

საკითხზე EDU.ARIS.GE-სთან ცენტის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ისაუბრა:

„ჩვენ გვინდა, რომ დირექტორების ეროვნულ სკოლაში მივიღოთ ახალგაზრდები, რომელთაც დაამთავრეს სხვადასხვა უნივერსიტეტები. ცხადია, მათ არ აქვთ გამოცდილება და  მათი სკოლებში შესვლა  მოუმზადებლად, უმეტეს შემთხვევაში, მართებული არ იქნება. ამიტომ გვინდა 6-7 თვის განმავლობაში ისინი პრაქტიკული მიმართულებით, უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით მოვამზადოთ. მაგალითად, პირველ ეტაპზე თეორიულად ვასწავლოთ დირექტორის ფუნქცია-მოვალეობები, რას აკეთებს დირექტორი სკოლაში დილის 09:00 საათიდან  საღამოს 18:00 საათამდე. შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში ის წავა სკოლაში და რეალობაში დააკვირდება დირექტორის საქმიანობას – რას აკეთებს, როგორ აკეთებს. ბოლო 2-3 თვე აქ, ცენტრში, ჩემთან დაჯდება კაბინეტში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან დაჯდება და დააკვირდება როგორ ვმუშაობთ. თანდათანობით, ცოდნასთან ერთად, მას თავდაჯერებულობის განცდაც განუვითარდება, რაც ლიდერისთვის აუცილებელია. სხვანაირად, არასრული კომპეტენციებით მასწავლებლებთან მუშაობას ვერ შეძლებს, მასწავლებლები ვერ მიიღებენ და ვერ აღიარებენ ნახევრადჩამოყალიბებულ, ნახევრადპროფესიონალ დირექტორს“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური