ერთი გაკვეთილის ამბავი – იპოვე მეგობარი, ვინც…
ავტორი: ლალი ამბროლაძე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
სასაუბრო უნარ-ჩვევების განვითარება უცხო ენის სწავლების პროცესში უმნიშვნელოვანესია. ალბათ, ყველას გვყოლია ისეთი მოსწავლეები, რომლებიც წერით დავალებას ბრწყინვალედ ასრულებენ და მდიდარი ლექსიკური მარაგი გააჩნიათ, თუმცა, როცა საქმე საუბარს, საკუთარი აზრის გამოთქმასა თუ დამოკიდებულების გამოხატვას შეეხება, ისინი ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი აქტივობით შეუძლებელია მოსწავლეების ამეტყველება, საჭიროა მრავალფეროვანი დავალებები და სასაუბრო აქტივობები, რომლებიც მათთვის ყოველდღიურობა გახდება და შედეგსაც მივიღებთ. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასაუბრო აქტივობას Find a friend who… (იპოვე მეგობარი, ვინც…)
გაკვეთილის დაგეგმვა
დონე: ნებისმიერი
ასაკი: 10-12
საკლასო ორგანიზების ტიპი: საერთო საკლასო
მიზანი: დავსვათ და ვუპასუხოთ პირადი ინფორმაციის შემცველ კითხვებს; ვიპოვოთ და ჩავინიშნოთ იმ ბავშვების სახელები, რომლებიც უპასუხებენ კითხვაზე „დიახ“.
ენობრივი ფორმები: მოცემულ მაგალითში გამოყენებულია Presents Simple კითხვები და პასუხები, თავისუფალ დროს შესასრულებელი აქტივობები, სპორტის სახეობები.
მასალა: შესავსები ცხრილის ასლები, რომლებსაც ბავშვები შეავსებენ.
პროცედურა
- მოამზადეთ ცხრილი ბავშვებისათვის, რომელსაც შეავსებენ აღნიშნული აქტივობის შესრულებისას. ლექსიკური მასალა შეგიძლიათ შეადგინოთ თქვენთვის და ბავშვებისთვის სასურველი მასალის მიხედვით.
- შეგიძლიათ მოცემული ცხრილი დაფაზედაც დაწეროთ და ბავშვებს სთხოვოთ, რომ გადაიტანონ რვეულებში ან წინასწარ დამზადებული ასლები დაურიგოთ.
- კლასთან ერთად გაიარეთ ის შეკითხვები, რაც ცხრილში იქნება მოცემული.
- ბავშვებს განუმარტეთ, რომ მათ აღნიშნული აქტივობის შესრულების დროს უნდა გადაადგილდნენ კლასში და იპოვონ ის ბავშვები, რომლებიც მათ შეკითხვაზე გასცემენ პასუხს “დიახ” და ჩაინიშნონ მათი სახელი. მათ უნდა შეეცადონ, რომ თითოეულ კითხვაზე განსხვავებული მეგობარი იპოვონ.
მაგ:
T: Do you read in bed at night?
P1: No, I don’t.
T: Do you read in bed at night?
P2: Yes, I do.
როცა ცხრილი შეივსება, ბავშვები დასხდებიან.
მასწავლებელი დასვამს შეკითხვას Who reads in bed at night? და ბავშვები მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გასცემენ კითხვაზე პასუხს.
აღნიშნული აქტივობა საშუალებას აძლევს ბავშვებს, რომ თავისუფლად, ყველანაირი ვალდებულებების და დაძაბულობის გარეშე მოიპოვონ სასურველი ინფორმაცია მათი თანატოლებიდან, დამოუკიდებლად გადაადგილდნენ საკლასო სივრცეში, გაიუმჯობესონ სასაუბრო უნარ-ჩვევები, შეისწავლონ სამიზნე ლექსიკა, შეიძინონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ასევე სხვადასხვა ფუნქციური უნარები, მოახდინონ ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება.
აღნიშნული აქტივობის ერთ-ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ ბავშვები აქტიურად იყენებენ ცოდნის სამივე სახეს. ამავე დროს, მორცხვი ბავშვებიც დიდი სიამოვნებით ერთვებიან თამაშში, რადგან ხედავენ, რომ ყველა დამოუკიდებლად ასრულებს დავალებას და მთელი კლასი მათ არ უყურებს.
სასურველია, რომ ცხილი 6-10 პუნქტზე მეტ საკითხს არ მოიცავდეს და შესაბამისად არ იქნება ძალიან ხანგრძლივი.
არ არის სასურველი, რომ მოცემული აქტივობა გამოყენებულ იქნას მითითებულ ასაკზე დაბალ მოსწავლეებში, რადგან ის გონებრივი ოპერაციები რაც მტკიცებითი წინადადებების კითხვით წინადადებებში გადაყვანას მოითხოვს მათთვის ცოტა დამაბნეველია.
დიდი ზომის კლასებში შესაძლებელია კლასის ორ გუნდად გაყოფა, რაც დაზოგავს როგორც დროს, ასევე შეინარჩუნებს წესრიგსაც.
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, სასურველია, რომ ბავშვებთან ერთად შეიმუშაოთ წესები რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი ინგლისურად ისაუბრებენ. მაგალითად, ბავშვები მხოლოდ იმ შეკითხვებს უპასუხებენ, რომელიც დასმული იქნება ინგლისურ ენაზე.
რა თქმა უნდა, ყველას გვყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ყველანაირ დავალებას წუთებში ასრულებენ. ამგვარი შემთხვევისთვის, მოსწავლეებს დავავალოთ, რომ თუკი ადრე დაასრულებენ, შეადგინონ წინადადებები შევსებული ცხრილის მიხედვით ან დაამატონ ცხრილს ის პუნქტები რომლებსაც ისურვებდნენ ცხრილში.
მაგალითად: Find a friend who… goes to bed at midnight/ …likes cowboy movies/ …comes to school by bike.
შესაძლოა, ასევე გამოიყენოთ შემდეგი ფრაზები: Find a friend who… has got a goldfish/ …went to the cinema (last weekend)/ …can do a handstand/ …likes reading/ …wants to be a doctor/ … wants to go to Australia/ … has been to London.
Carol read – 500 Activities for the Primary Classroom.
ასევე იხილეთ:
რატომ კომპლექსური დავალება? – დამწყები პედაგოგის ერთი დავალება პირველკლასელებს და მიღებული შედეგი
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი