GE

„ერთი რამ არის, რაც არ ექვემდებარება გადახედვას“ – პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე

„ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 7 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც კითხვა ორი უნივერსიტეტის გაერთიანების კონტექსტში დაუსვეს.

პრემიერის თქმით, თუ ვინმე ამას ეწინააღმდეგება, ეს არ არის სწორი და თუ ვინმეს სუბიექტური ინტერესები აქვს, ყველამ უნდა გადადოს გვერდზე საკუთარი სუბიექტური ინტერესები.

„მე არ ვიჩქარებ კომენტარის გაკეთებას. დღეს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან ერთად. უშუალოდ მისგან მოვისმენთ ინფორმაციას ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი. დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება. თუ ვინმე ამას ეწინააღმდეგება, ეს არ არის სწორი, მათ შორის, თუ ვინმეს სუბიექტური ინტერესები აქვს, ყველამ უნდა გადადოს გვერდზე საკუთარი სუბიექტური ინტერესები. მთავარი ამოცანა უნდა იყოს სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის მაღალი დონის განათლების მიწოდება, ცოდნის გაზიარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამისთვის გაკეთდება ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთი რამ, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, არის ის, რომ განათლების სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა.

“ამას ვერ გადავხედავთ, ყველაფერი დანარჩენი შეგვიძლია, გავხადოთ მსჯელობის საგანი”, – ამბობს პრემიერი და ამატებს, რომ რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით მზად არის შეხვედრებისა და განხილვებისთვის.

„რაც შეეხება ამ რეფორმის დეტალებს, დეტალებთან დაკავშირებით, მზად ვართ სასაუბროდ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც [თსუ-ისა და სტუ-ის წარმომადგენლები განათლების მინისტრს შეხვდნენ], ამასთან დაკავშირებით მომავალშიც მზად ვართ შეხვედრებისთვის. არის ერთადერთი რამ, რაც არ გადაიხედება, ეს არის ის, რომ ამ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტური რეფორმა იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო ხარისხის განათლება, ცოდნა ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში, ამას ვერ გადავხედავთ, ყველაფერი დანარჩენი შეგვიძლია, გავხადოთ მსჯელობის საგანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე ინივერსიტეტების რეორგანიზაციის პროცესში კადრების შემცირების საკითხზეც ისაუბრა: “რაც შეეხება უნივერსიტეტებს, მანდ ადამიანებს აქვთ სუბიექტური ინტერესები. მაგალითად ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად. ვიღაცა დღეს არის დეკანი და უნდა დარჩეს დეკანად. ვიღაცა ფიქრობს, რომ შეიძლება პროფესორად ვერ დარჩეს თავის ქვეყანაში. ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ არათუ კადრების შემცირებაზეა საუბარი, იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში”.

ამავე თემაზე:

როგორ შეირჩევა და რა ვალდებულებები ექნება წამყვან პროფესორს, რომლის ხელფასიც 10 000 ლარი უნდა იყოს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური