GE

„ეს აბიტურიენტის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა“ – როგორ ვიმეცადინოთ ისტორიაში მისაღები გამოცდისთვის

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჯერ საკმარისი დროა დარჩენილი და აბიტურიენტების დიდი ნაწილი მეცადინეობის აქტიურ ფაზაშია. EDU.ARIS.GE კი აგრძელებს სტატიების სერიას მისაღები გამოცდების სხვადასხვა საგნებში სწორად მეცადინეობისა და მომზადების შესახებ. დღეს ჩვენი ინტერესის ობიექტი აბიტურიენტებში ყველაზე პოპულარული საგამოცდო საგანი, ისტორიაა.

ტექსტის რედაქტირება, წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება – როგორ უნდა იმეცადინოს აბიტურიენტმა სწორად ქართულის ტესტის დავალებებზე

რა გეგმით უნდა იმეცადინოს აბიტურიენტმა მათემატიკაში, რომ საგამოცდო ტესტი წარმატებით დაძლიოს – ინსტრუქცია სპეციალისტისგან

თუ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, ისტორია პირველობას არც 2022 წლის აბიტურიენტებში თმობდა და ამ დრომდე რჩება ყველაზე ხშირად არჩეულ საგნად.

აბიტურიენტთა დამხმარე სტატიების სერიის ფარგლებში, EDU.ARIS.GE-ს ისტორიის საგნის სპეციალისტი, მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი და რეპეტიტორი, მაიკო დვალიშვილი ესაუბრა.

– ვიდრე საგამოცდო ტესტის შესახებ ვისაუბრებდეთ, გვითხარით, როგორ ხსნით იმას, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი ირჩევს ისტორიას, როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს მოცემულობა ყოველ წელს უცვლელი?

– უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ სასწავლო პროგრამებზე არჩევით საგნებს შორის ისტორია ერთ-ერთი და არა ერთადერთია. აბიტურიენტებს აქვთ უფლება, სხვა საგანიც აირჩიონ, მაგრამ ისინი ირჩევენ სწორედ მას. ამას აქვს თავის მიზეზიც, სხვა არჩევით საგნებთან მიმართებაში, ისტორიაზე ადგილების რაოდენობა მეტია. აქედან გამომდინარე, ისტორიის საგნის არჩევით აბიტურიენტს სასურველ პროგრამაზე მოხვედრის შანსი ეზრდება. გარდა ამისა, ისტორია გახლავთ ჰუმანიტარების საგანი და ვინაიდან ჩვენი აბიტურიენტების უმეტესობა ჰუმანიტარულ მიმართულებებს ირჩევს, მოთხოვნა ისტორიაზე მეტია. დავამატებდი იმასაც, რომ აბიტურიენტებს უყვართ ეს საგანი, აინტერესებთ და სკოლაშიც მეტ-ნაკლებად კარგად სწავლობენ. შესაბამისად, ვფიქრობ, ერთ-ერთი ფაქტორი რატომაც ირჩევენ, ესეც არის.

– რას ეტყვით აბიტურიენტებს, ვინც ისტორიის საგანს ირჩევს, რა უნდა გაითვალისწინონ და რაზე გაამახვილონ ყურადღება?

– პირველ რიგში, აბიტურიენტმა უნდა გაარკვიოს ბარდება თუ არა ისტორია იმ ფაკულტეტზე, სადაც მოხვედრა სურს. გაითვალისწინოს საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები და შემდეგ აირჩიოს კონკრეტული საგანი. გაიაროს კონსულტაცია მასწავლებელთან, რჩევა ჰკითხოს მშობლებს ან გასული წლის აბიტურიენტებს. პირადად მე, ყოველთვის ვურჩევ, რომ ჩააბარონ ისტორია თუ ჰუმანიტარული მიმართულება აქვთ შერჩეული, რადგან ამ საგნის ცოდნა ყოველთვის გამოადგებათ და, რა თქმა უნდა, მომავალშიც გამოიყენებენ.

– გადავიდეთ ტესტის სტრუქტურაზე, რომ განუმარტოთ აბიტურიენტებს, რა ცვლილებები დახვდებათ წელს ისტორიის ტესტში და საშიშია თუ არა სიახლე?

– ისტორიის გამოცდა მრავალფეროვანი დავალებებისაგან შედგება. მოიცავს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ისტორიის საკითხებს. ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთი. ზღვარი კი გადალახულად ჩაითვლება, თუ აბიტურიენტი მაქსიმალური ქულის 25% – ზე მეტს დააგროვებს . წელს ისტორიის ტესტში ცვლილება გვაქვს, რომელიც არა შინაარსობრივ მხარეს, არამედ ფორმატს ეხება. ცვლილება შესულია ტესტში არსებულ N22, N23, N24 დავალებებში. აბიტურიენტმა ერთ კონკრეტულ მოვლენაზე კონცენტრირება უნდა შეძლოს. არგუმენტირებულად იმსჯელოს მოცემულ საკითხზე და შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი გამოავლინოს. ასევე, დაადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. დავამატებდი იმასაც, რომ ამ ცვლილებებით, უფრო მეტად დაიხვეწა ტესტი და იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ამის ეშინიათ ვეტყოდი: ბევრად უფრო მეტი შანსი გაქვს შეცვლილ ტესტში მაქსიმალური ქულის აღების, თუ საკითხების დაზეპირების ნაცვლად, სააზროვნო უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებ.

– გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან, გამოცდისთვის სწორად მეცადინეობის საკითხზე. როგორ უნდა იმეცადინონ ჩვენმა მკითხველმა აბიტურიენტებმა ისტორიაში, რომ კარგი შედეგი აჩვენონ, როგორი უნდა იყოს პროცესი და მათი მიდგომა?

– სანამ თქვენს კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ სწორად მეცადინეობის ტექნიკა აბიტურიენტს აუცილებლად უნდა გაუზიაროს სკოლის მასწავლებელმა და რეპეტიტორმა, რადგან ამის გარეშე ყველას უჭირს მეცადინეობა. რაც არ უნდა კარგი მოსწავლე იყოს და მაღალი შედეგებით გამოირჩეოდეს, აბიტურიენტს სჭირდება ინსტრუქცია და საჭირო რჩევების მიცემა არ უნდა დავიზაროთ.

ჩემი რეკომენდაციები სწორად მეცადინეობისთვის ასეთია:

წარმატების წინაპირობა: საგამოცდო მასალის გააზრებული შესწავლა წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა. თუ თქვენ ზერელედ და ზედაპირულად აითვისებთ საკითხებს, წლის ბოლოს, ყველაფერი ისევ თავიდან გექნებათ სასწავლი. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ ისტორიაში არ არსებობს პრიორიტეტული საკითხები, ყველა თემა, რომელიც შეგხვდებათ პროგრამაში, სრულყოფილად უნდა გაიროთ და ერთმანეთისგან არ გამოარჩიოთ;

მეცადინეობის რეჟიმი: დღის განმავლობაში მეცადინეობისათვის გამოყავით გარკვეული დრო 40 წუთიდან 1 საათამდე, ეს დრო სრულიად საკმარისია, იმისთვის, რომ ცოდნა გაიმყაროთ, მეცადინეობასთან ერთად დრო დაუთმეთ ძველი მასალის გამეორებას, რადგან მალევე დაგავიწყდებათ თუ არ გაიმეორებთ;

კონსპექტები: არ უნდა ისარგებლოთ სხვისი კონსპექტებით. თუ რეპეტიტორი გყავთ, ეს არც მაშინაა რეკომენდებული და თუ დამოუკიდებლად ემზადებით, ჩანაწერები თავად გააკეთეთ. ამ პროცესში ინფორმაციის დამახსოვრებას უკეთესად შეძლებთ და უფრო მეტად კონცენტრირებული იქნებით სამუშაოზე;

ტესტებზე მუშაობა: მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, პერმანენტულად გააკეთეთ გასული წლების ეროვნული გამოცდის ტესტის ნიმუშები, 2018 წლიდან დაიწყეთ, რადგან უფრო ძველი ტესტები დაგაბნევთ. რეპეტიტორებსა და მასწავლებლებს ვეტყვი, შეუდგინეთ მათ იმის იდენტური ტესტი, რაც გამოცდაზე დახვდებათ და თვეში 2-ჯერ მინიმუმ აწერინეთ;

დროის კონტროლი: ყველაზე მთავარი დროის მენეჯმენტია. მეცადინეობების დროს აკონტროლე დრო და ჩართე ტაიმერი. აუცილებელია, აბიტურიენტმა ერთი კონკრეტული დავალების შესრულებაზე დიდი დრო არ დახარჯოს და თანაბრად გადაანაწილოს. ამისთვის კი მან სავარჯიშო ტესტზე მუშაობის დროს, უნდა გამოიყენოს ე.წ ტაიმერი. როგორ ვაკონტროლოთ დრო, თუ ხედავთ, რომ დავალებაზე დიდი დრო გეხარჯებათ, გადადით შემდეგზე, გამოტოვებულს კი სულ ბოლოს დაუბრუნდით;

დამატებითი სასწავლო რესურსი: სწავლების პროცესს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის ისტორიული ფილმების ნახვა, ლიტერატურისა და წყაროების კითხვა, ისტორიული მასალების „გადაქექვა“. ნუ დაეყრდნობით ინტერნეტს, გამოიყენეთ წიგნები და ეწვიეთ ბიბლიოთეკებს;

სტრესის მართვა: აბიტურიენტების დიდ ნაწილს მომზადება საკმაოდ სტრესულ გარემოში უწევთ, აქედან გამომდინარე, საჭიროა ემოციების მართვის უნარის გამომუშავება. ნუ დაიძაბებით ტესტზე მუშაობის დროს და მიმართეთ „სწორი სუნთქვის“ მეთოდს. თუ შეატყობთ, რომ სტრესში ხართ და ეს ხელს გიშლით მუშაობაში, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, ეს ნამდვილად დაეხმარება თქვენს გონებას;

თავისუფალი დრო: ჯანსაღი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ძილის სწორი რეჟიმი დიდ როლს ითამაშებს გამოცდების წარმატებით გადალახვაში. ამიტომ, ნუ დაიზარებთ და შეეცადეთ, თავი შეიკავოთ იმ ადამინებთან ურთიერთობისგან, რომლებიც თქვენს თვითშეფასებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენენ. იყავით პოზიტიურები და განეწყვეთ დადებითად, ისტორიის გამოცდის ჩაბარება უმაღლეს ქულაზე ყველა თქვენგანს შეუძლია, თუ სწორად იმუშავებს.

ასევე იხილეთ:

„თუ ისტორიაში აბიტურიენტი ვერ გაიხსენებდა სამი მოვლენიდან ერთს, კარგავდა 2 ქულას, ახლა შეიძლება, 6 ქულა დაკარგოს”- სპეციალისტი ცვლილებებზე

„ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს“ – მართლწერის წესები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისგან

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური