GE

ეს აბიტურიენტს მაღალი შედეგის მიღებაში დაეხმარება – მითითებები გეოგრაფიის გამოცდისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 31 მაისს, 2024 წლის აბიტურიენტებისათვის გეოგრაფიის საგნის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აქვეყნებს, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გიზიარებთ:

– ტესტზე მუშაობის დროს, პირველ რიგში, ყურადღებით წაიკითხეთ დავალების პირობა და პირობის მოთხოვნის შესაბამისად უპასუხეთ კითხვას. დავალების/კითხვის ინტერპრეტირება და საკუთარი სურვილისამებრ შეცვლა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში პასუხი შეფასდება 0 ქულით. იმ დავალებაში, რომელშიც გამოსაცდელს მოეთხოვება დაასახელოს რაიმე მოვლენის მიზეზი ან შედეგი, ყოველთვისაა დაკონკრეტებული, რა სახის მიზეზი უნდა იყოს ეს – ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვ. მაგალითად, თუ აბიტურიენტს კითხვის პირობის მიხედვით მოეთხოვება რაიმე გეოგრაფიული მოვლენის ეკოლოგიური შედეგის დასახელება და იგი მიუთითებს სოციალურს, ქულას ვერ დაიმსახურებს;

– როცა კითხვის პირობა მოითხოვს, მაგალითად, 2 გეოგრაფიული ობიექტის დასახელებას და ფასდება 2 ქულით, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა დაასახელოს ორივე, რათა დაიმსახუროს მაქსიმალური ქულა. თუ დაასახელებს მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ ობიექტს, მაშინ დაიმსახურებს მხოლოდ 1 ქულას. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტი თავის დაზღვევის მიზნით ასახელებს 3, 4, 5 ან უფრო მეტ გეოგრაფიულ ობიექტს. ასეთ შემთხვევაში მისი პასუხი შეფასდება 0 ქულით. პასუხში უნდა აისახოს მხოლოდ იმ რაოდენობის ობიექტი, რაც კითხვის პირობითაა მოთხოვნილი.

– გაითვალისწინეთ, რომ გეოგრაფიის ტესტში სტატისტიკური ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა არაა სავალდებულო. თქვენ უნდა შეგეძლოთ სხვადასხვა სახით მოცემული სტატისტიკური ინფორმაციის (ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა, დემოგრაფიული პირამიდა და ა. შ.) კითხვა და ანალიზი;

– არ იჩქაროთ გამოცდაზე. ამის გამო ტექნიკური შეცდომების დაშვების ალბათობა იზრდება. როცა რთულია ნაწერის გარჩევა, ხარვეზებითაა შევსებული პასუხების ფურცელი, ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. გამოცდისათვის განკუთვნილი დრო საკმარისია იმისათვის, რომ მშვიდად და წყნარად შეძლოთ საგამოცდო ტესტზე მუშაობა;

– მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი საკითხი არ სცილდება ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს, კარგი იქნება, თუ გაეცნობით მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე გლობალურ, ეკოლოგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. ამით მეტად განივითარებთ არგუმენტირებული მსჯელობის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, ანალიზისა და შეფასების უნარებს, რაც, ბუნებრივია, მაღალი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

– განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რუკაზე (მათ შორის, ტოპოგრაფიულ) და სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინოებებზე მუშაობას (გრაფიკი, დიაგრამა, ინფოგრაფიკი, აერო და კოსმოსური ფოტო). თქვენ უნდა შეგეძლოთ მათზე მოცემული ინფორმაცის კითხვა, ანალიზი, შეფასება და არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე დასკვნების გაკეთება.

გეოგრაფიის ტესტის შესახებ

ტესტში მოცემული იქნება:

• დახურული, ერთქულიანი დავალებების ბლოკი (მათ შორის, ტოპოგრაფიული რუკის ანალიზი);
• ღია ტიპის დავალებების ბლოკი (ამ დავალებებში ზოგიერთი კითხვა იქნება დახურული), რომელიც სხვადასხვა ფორმატში (ტექსტი, სტატისტიკური ინფორმაცია, დიაგრამა, გრაფიკი, ილუსტრაცია, ინფოგრაფიკი, სხვადასხვა ტიპის რუკა) მოცემული გეოგრაფიული ინფორმაციის კითხვასა და ანალიზს მოითხოვს.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 2 საათი და 40 წუთი.

აბიტურიენტებს გამოცდაზე დაურიგდებათ A3 ფორმატის საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკური რუკა.

აბიტურიენტს კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური